ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლეილა მუსტაფაევამ საქართველო დატოვა

11 ოქტომბერი, 2017 • 6852
ლეილა მუსტაფაევამ საქართველო დატოვა

თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში დღეს გაემგზავრა.

აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ასევე დევნილმა აქტივისტმა და აფგან მუხთარლის ოჯახის მეგობარმა, დაშგინ აღალარლიმა დაუდასტურა.

ლეილა მუსტაფაევამ და მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა თბილისში ჩატარებული ბოლო პრესკონფერენციის დროს განაცხადეს, რომ აფხან მუხთარლის გატაცების შემდეგ ლეილა მუსტაევასა და მის მცირეწლოვან შვილს უცხო პირები უთვალთვალებდნენ. 

17 წლის 29 ივნისს ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის  მიმართ სავარაუდო თვალთვალის, მიყურადების ფაქტის შესახებ ორგანიზაციამ დამატებით აცნობა პოლიციას. მათი განცხადებით, 2017 წლის 4 აგვისტოს საღამოს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის უთვალთვალებდა და დაჰყვებოდა 4 ადამიანი. ჩოფიკაშვილის ამბობს, რომ ამ ადამიანების ფოტოსურათები და ვიდეჩანაწერი საქართველოს მთავარ პროკურატურას წარედგინა 2017 წლის 7 აგვისტოს.

“დღემდე არც ერთი მოთვალთვალის იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებული ღონისძებების შესახებ ცნობილი არ გამხდარა. 2017 წლის 24 აგვისტოს პროკურატურის გამომძიებელმა მხოლოდ ლეილა მუსტაფაევა გამოკითხა. პროკურატურაში წარდგენილია მოთვალთვალეთა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები,” – განაცხადა პრესკონფერენციის დროს იურისტმა.

არჩილ ჩოფიკაშვილი ეჭვობდა, რომ ამ ადამიანებს კავშირი უნდა ჰქონდათ 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან.


აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი