ახალი ამბები

საქართველოდან აზერბაიჯანში ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს — მუხთარლი

9 ივნისი, 2022 • 1137
საქართველოდან აზერბაიჯანში ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს — მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ მოწოდებას შეიცავს.

ჟურნალისტი, რომელიც 2017 წელს საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, ევროპარლამენტის ზემოხსენებულ მოწოდებას მიესალმება და მწვავედ აკრიტიკებს ივანიშვილს.

“ივანიშვილი არის ქურდი, მექრთამე და კორუმპირებული. ის არის არჩევნების გამყალბებელი, რომელიც ზღუდავს საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს და ამომრჩეველს ფულით ყიდულობს.

ის არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახური ჩვენს რეგიონში. ჩემი გატაცება საქართველოდან და ექსტრადირება აზერბაიჯანში ივანიშვილის დავალებით განხორციელდა. მისი დავალებით ახლაც არ მიმდინარეობს რაიმე ტიპის გამოძიება…” ,— წერს მუხთარლი.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა.

მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მისი თბილისიდან გატაცება ალიევის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებით მოხდა. მუხთარლის მხარდამჭერ აქციებს თბილისში ქართველი ჟურნალისტები და აქტივისტები მართავდნენ.

ქართულ მხარეს ჯერ არ დაუსრულებია  მისი გატაცების საქმის გამოძიება.


ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიციირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო; გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას.

რეზოლუციით ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით, სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

ამავე თემაზე:

“ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს” – “ქართული ოცნების” პასუხი ევროპარლამენტს

მასალების გადაბეჭდვის წესი