ახალი ამბებისაზოგადოება

მუხთარლის უკრძალავენ ახლობლებთან შეხვედრას და პოლიტიკური შინაარსის წიგნების კითხვას

29 აგვისტო, 2019 •
მუხთარლის უკრძალავენ ახლობლებთან შეხვედრას და პოლიტიკური შინაარსის წიგნების კითხვას

“თუკი შეხვედრები მნახველებთან დადებითად აისახება ბრალდებულის გამოსწორების პროცესზე, მის ქცევაზე, განწყობაზე, რა თქმა უნდა, ამის ნებას ვრთავთ”, – ასე ეხმაურება ციხის ადმინისტრაცია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის უკრძალავენ ახლობლებთან შეხვედრებს.

აზერბაიჯანის კოლონიაში მყოფი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი ნამატ ქერიმლი აცხადებს, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია მუხთარლის უკრძალავს ტელეფონის გამოყენებასა და ახლობლებთან შეხვედრას.

“კვირას მასთან არ შემიშვეს იმ საბაბით, რომ არასამუშაო დღეს ადვოკატს მის დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლის უფლება არ აქვს. ეს აბსოლუტურად უკანონოა, რდგანაც კანონმდებლობით, ადვოკატს კონფიდენციალურ გარემოში ნებისმიერ დროს შეუძლია შეხვედრა”.

მუხთარლისთან შეხვედრისა და მასთან დარეკვის უფლება არ მისცეს მის სხვა ადვოკატს არიფ გაჯილისაც.

გარდა ამისა, როგორც მუხთარლის უფლებადამცველი სამირა ასადლი ამბობს, მუხთარლისთვის განკუთვნილი პოლიტიკური ხასიათის ნაწარმობები, წიგნები ადრესატამდე არ მიდის.

“მაქსიმალური იზოლირება უნდათ მისი საზოგადოებრივი პროცესებისგან, რაც თავისებური, დამატებითი სასჯელია მისთვის”.

ამასთან, ლეილა მუსტაფაევას, მუხთარლის ცოლის თქმით, მის ქმარს ციხეში არ გადასცეს ცოლის მიერ გაგზავნილი ფულიც. თუმცა, როგორც კი ამის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, მუხთარლის ფული დაუბრუნეს.

როგორც მუსტაფაევა ამბობს, 25 აგვისტოს მუხთარლი ტელეფონით ესაუბრა მას და უთხრა, რომ ციხეში მის მიმართ პროვოკაციების დიდი საფრთხე არსებობს.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მეორე დღეს იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. იგი ამ ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ გაიტაცეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა.

იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი