ახალი ამბები

“ისჯება საქართვლოს სიყვარულისთვის“ – ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა

31 ივლისი, 2019 • 1845
“ისჯება საქართვლოს სიყვარულისთვის“ – ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა

დღეს, 31 ივლისს, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ლორთქიფანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

პატიმრობის გაუქმების მიზნით, ლორთქიფანიძის ადვოკატმა და მისმა მხარდამჭერებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. სარჩელს ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიციაც დაურთეს თან.

პეტიციაში, რომელსაც, 2 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, წერია, რომ ლორთქიფანიძე მაღალი სამოქალაქო შეგნების ადამიანია და უკიდურესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არანაირი საჭიროება და საფუძველი არ არსებობს.

“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთადერთი მიზნით, ეს არის ბეჟან ლორთქიფინაძის წინასწარი პატიმრობის საკითხი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის გადაიხედოს სააპელაციო სასამართლოს მიერ და ბეჟანს წინასწარი პატიმრობა შეუცვალოს სხვა ტიპის აღკვეთის ღონისძიებით, მაგალითად, თუნდაც გირაოთი. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – ცოტა ხნის წინ ჩატარდა სასამართლო, რომელმაც ბეჟანს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა, ვფიქრობთ, რომ ეს პატიმრობა არის სრულიად უსაფუძვლო, არასაჭირო და არააუცილებელი.

ბეჟანი არის პიროვნება, რომელიც არასდროს დაემალება მართლმსაჯულებას, ის კეთილსინდისიერი ადამიანია და გამოძიებასთან ითანამშრომლებს. მთავარი მიზანი იმ საზოგადოების, რომელიც აქ შეიკრიბა, არის, რომ როგორმე ხმა მივაწვდინოთ სააპელაციო სასამართლოს,“ – ამბობს ირაკლი შავგულიძე, “ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარე.

ირაკლი შავგულიძესთან ერთად, წინასწარი პატიმრობის უსაფუძვლობაზე საუბრობს ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი გიორგი გელხაურიც. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში ხელმოწერების შეტანამ მოსამართლეს უნდა აჩვენოს, რომ საზოგადოება ლორთქიფანიძეს მხარს უჭერს და არ ეთანხმება აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმის გამოყენებას.

“როგორც მოგეხსენებათ, სააპელაციოში საჩივარი უკვე შესული არის, ასევე გამოყოფილია მოსამართლე, რომელმაც უნდა იმსჯელოს საჩივართან დაკავშირებით და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაუშვებს თუ არა მას და შემდგომ ზეპირი მოსმენით განიხილავს თუ არა მას. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი საფუძველი საფუძველი არ გააჩნია,“ – ამბობს ჟურნალისტებთან გიორგი გელხაური.

დღევანდელ შეხვედრაზე ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მოვიდნენ. მათ შორის ერთ-ერთი “მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძეცაა.

“ბეჟანის ციხეში ყოფნა არის დაუშვებელი. ეს არის სახელმწიფო რესურსის, სამართალდამცვლი ორგანოების რესურსის ფუჭი ხარჯვა. არ არსებობს არანაირი საჭიროება იმისა, რომ ბეჟანი სადმე იყოს გამოკეტილი, ასევე არ არსებობს იმის დაშვების საფუძველი, რომ ის გამოძიებას არ დაეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ მისი ციხეში ყოფნით ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს წყდება, რომლის გადადებაც წარმოუდგენელია, ასეთი წყვეტა კი მის სამუშაოს დიდ ზიანს აყენებს.

უნდა ითქვას, რომ ბეჟანისნაირი სპეციალისტები საქართველოში ძალიან ცოტა არსებობს. ხშირად, როდესაც ჩვენ ვყვებით ჩვენს საქმიანობაზე… ხშირად ხალხს წარმოუდგენია, რომ ბუნებაში სიარული და ხეტიალი პროფესიული მიზნით ძალიან სახალისო და საინტერესოა.. კი, ნამდვილად არის საინტერესო, თუმცა, ეს ძალიან სტრესული და მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც ეს ადამიანი წლების განმავლობაში ასრულებს,“ – ამბობს ის.

ბეჟან ლორთქიფანიძე, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი,  20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაში ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი)დააკავეს.

27 ივნისს კი სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

“წინასწარი პატიმრობა ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე” – 20 ივნისის საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი