ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს 20 ივნისის მოვლენების საქმეზე, აქტივისტები და მოქალაქეები ხელმოწერებს სააპელაციო სასამართლოში დღეს, 31 ივლისს წარადგენენ.
ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად ამ დრომდე 1 800-მდე ხელმოწერაა შეგროვებული. როგორც ლორთქიფანიძის მხარდამჭერები ამბობენ, ის მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე კეთილსინდისიერი ადამიანია და უკიდურესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არანაირი საჭიროება და საფუძველი არ არსებობს:
“ბეჟან ლორთქიფანიძე საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა, საქართველოს ბუნების მკვლევარი და ქომაგი, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა, საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა და სხვა.
ბეჟანი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ბუნებისდაცვითი ეროვნული სტრატეგიებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში, რის გამოც მას კარგად იცნობენ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ისე – საქართველოს პარლამენტში. სწორედ ბეჟანმა გადაარჩინა გარდაუვალ ლიკვიდაციას 2015 წელს დატბორილი ზოოპარკიდან გამოქცეული ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბეჰემოტი, სახელად ბეგი”, – აცხადებენ პეტიციის ხელმომწერები.
ბეჟან ლორთქიფანიძე, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაში ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი)დააკავეს.
7 ივნისს კი სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
“წინასწარი პატიმრობა ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე” – 20 ივნისის საქმე