ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

10 აგვისტო, 2019 • 2057
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

“ნაკრესის” თანამშრომელი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც 20 ივნისის საქმეზე იყო დაკავებული, გირაოს სანაცვლოდ დღეს, 10 აგვისტოს გაათავისუფლეს. როგორც ლორთქიფანიძემ რადიო “თავისუფლების” პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ჯანმრთელობის დმგომარეობა გაუარესდა და პროკურატურამ სასამართლოს სწორედ ამ მიზეზით მიმართა შუამდგომლობით და წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ლორთქიფანიძის თქმით, მას გირაოს სახით 5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, პროცესი 17 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.

პროკურატურაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ ლორთქიფანიძისთვის გირაოს შეფარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაწყდა.

ბეჟან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, ის პარლამენტის წინ ხალხის დასაცავად იყო მისული და არა – პარლამენტში შესაჭრელად. გარდა ამისა, ის უდანაშაულოდ მიიჩნვეს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ სხვა პირებსაც და ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მათ გასათავისუფლებლად.

ბეჟან ლორთქიფანიძე სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი,  20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაში ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი) დააკავეს.

27 ივნისს კი სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“წინასწარი პატიმრობა ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე” – 20 ივნისის საქმე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი