20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ილია მემარნიშვილმა ბრალი აღიარა და პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სადავო არ გახადა. შედეგად, მემარნიშვილის საქმე გამოეყო სხვა ბრალდებულების საქმეს და სხვა მოსამართლეს გადაეცა.
დღევანდელ, 21 ოქტომბრის სხომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, დანარჩენ 3 ბრალდებულს – მორის მაჩალიკაშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს – შუამდგომლობა არ დაუყენებია. მათი საქმის განხილვა 28 ოქტომბრისთვის გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 ექსპერტი დაკითხა.
გამოკითხვის დაწყებამდე მოსამართლმემ მოწმეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ნათესაური კავშირი ან იცნობდა თუ არა რომელიმე დაზარალებულს ან ბრალდებულს, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა. შემდგომ, გამოკითხვის დროს, დაცვის მხარის ადვოკატმა მოწმეს ჰკითხრა, იცოდა თუ არა დაზარალებულებისა და ბრალდებულების ვინაობა. ამ კითხვაზე მოწმემ უთხრა, რომ მათი ვინაობა არ იცოდა, რაზეც ადვოკატმა კვლავ ჰკითხა, თუ კი არ იცოდა დაზარალებულისა და ბრალდებულების ვინაობა, რატომ ამტკიცებდა იმას, რომ არ იცნობდა მათ?
შსს-ს ექსპერტების თქმით, დღევანდელი მტკიცებულებებით მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურეს. კერძოდ, სასამართლოზე მათ წარმოადგინეს ვიდეომასალები, სადაც, მათი თქმით, ჩანს ბრალდებულების კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები.
მათ ასევე დაადასტურეს ისიც, რომ არც ერთი პოლიციელის მიმართ მსგავსი კვლევა არ უწარმოებიათ
აღნიშნული ასე შეაფასა ბრალდებულების ადვოკატმა ბექა ბასილაიამ:
“დღევანდელმა პროცესმა ნათელყო, რომ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება თითქოს და პოლიციელების მხრიდან ბრალის გადამეტებაზე არის ბლეფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ არცერთი პოლიციელის მიმართ კვლევა არ უწარმოებიათ. პროკურორი თადუმაძის განცხადებები, რომ იდენტიფიკაცია არის რთული – ტყუილია იმიტომ, რომ არც მიუმართავთ კვლევისთვის”.
ბასილაიას თქმით, საქმე გვაქვს ბრალდებულების აღიარების ტენდენციასთან.
“ჩვენ ვხედავთ აღიარების ტენდენციას. ადამიანებს, ვინც ჰყავთ ტყვეობაში და ამას ვერ დავარქმევთ ჩვენ სამართლებრივ პროცედურებს, ეს არის ტყვეობა. ევაჭრებიან, უქმნიან ძალიან მძიმე პირობებს საიმისოდ, რომ მათგან მიიღონ აღიარებები, რათა გახარიამ შემდგომში გაამყაროს თავისი პოზიცია, თითქოს ეს იყო პარლამენტზე შტურმი და ეს არ იყო გახარია-გავრილოვის სისხლიანი ღამე. თუმცა საზოგადოებამ იცის სიმართლე და ყველაფერი მკაფიოდ ჩანს, რომ მთელი ეს პროცესები ემსახურება გახარიას მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას”, – აღნიშნა ბასილაიამ.
პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, ჯერჯერობით უცნობია, საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება თუ სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან ამის თაობაზე უწყებაში განცხადება ჯერ არ შესულა. როგორც კი შევა განცხადება, ბრალდების მხარე იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.