ახალი ამბებისამართალი

“წინასწარი პატიმრობა ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე” – 20 ივნისის საქმე

29 ივლისი, 2019 • 1968
“წინასწარი პატიმრობა ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე” – 20 ივნისის საქმე

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულია 2 პოლიციელი და 19 სამოქალაქო პირი, მათ შორის, პარლამენტის წევრი ნიკა მელია.  ბრალდებულთა უმრავლესობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულების უფლებების დამცველთა ნაწილის თქმით, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს აღკვეთის ღონისძიების უმაღლესი ზომის შეფარდებას შაბლონურად, ყოველგვარი ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე.

27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს.

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ “ნეტგაზეთს” მიაწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომელშიც სასამართლო, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტზე მითითებით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მიზანშეწონილობას განმარტავს.

სასამართლოს განჩინება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე

“ამ 4 პირის ურთიერთკავშირი არაფრით დგინდება. 20 ივნისის ღამეს ისინი აბსოლუტურად სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ. სასამართლოს განჩინებაში, რომელიც არის, ჯამში, 9-გვერდიანი, მაგრამ აქედან 8 გვერდი არის ტექნიკური ნაწილი, მხოლოდ ერთი გვერდია სასამართლოს განმარტება, თუ რატომ უფარდებს 4 ადამიანს პატიმრობას. თუმცა ამ ერთ გვერდშიც ვერ იპოვით ვერც ერთ კონკრეტულ მტკიცებულებას, კონკრეტულ არგუმენტს, რომლითაც მოსამართლე პატიმრობას დაასაბუთებდა. უბრალოდ, გადმოტანილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან შაბლონი, რომ შეიძლება მიიმალონ, მაგრამ რატომ? არ არის დასაბუთებული, შეიძლება ჩაიდინონ ახალი დანაშაული, მაგრამ რატომ შეიძლება ჩაიდინონ ახალი დანაშაული, არ არის დასაბუთებული; რომ შეიძლება მტიცებულებები გაანადგურონ, მაგრამ რაზე დაყრდნობით ვარაუდობს ამას სასამართლო, არ არის დასაბუთებული; ამასთან, ერთგვერდიან მსჯელობაში სახელობითად არცერთი ბრალდებული არ არის მოხსენიებული, თითქოსდა მოსამართლე არ იცნობდეს პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპს”, – აცხადებს ბექა ბასილაია “ნეტგაზეთთან” საუბარში და დასძენს, რომ კრებსითად წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადამიანებისთვის სამართლის პრინციპებისთვის შეუსაბამოა.

კომიკურს უწოდებს ბასილაია პროკურატურის არგუმენტებსაც, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. არგუმენტებს შორის იყო ის, რომ დაკავებულებს საზღვარგარეთ გასვლა/შემოსვლა უფიქსირდებოდათ და შეეძლოთ ქვეყნის დატოვება მიმალვის მიზნით; მოწმეებზე ზემოქმედება და მტკიცებულებების განადგურება.

“არცერთი მოწმე, მაგალითად, ბეჟან ლორთქიფანიძეს, თავის ჩვენებაში სახელობითად არ ახსენებს. მტკიცებულების განადგურების საფრთხეზე საუბრობენ მაშინ, როდესაც მტკიცებულებაა მხოლოდ კადრები და ექსპერტიზის დასკვნა. როგორ წარმოგიდგენიათ, ვიდეომტკიცებულება გაანადგუროს, რომელიც უკვე არქივებშია?”,  – აცხადებს ადვოკატი.

ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდებაში საუბარია, რომ “ფარით ფარზე შეასკდა პოლიციელს” და ეს მას შემდეგ, რაც შუბლში მოხვდა ტყვია. პოლიციელი არ დაშავებულა.

“ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ეს პატიმრობა ემსგავსება სასჯელის დაკისრებას საჩვენებლად და დამაშინებელი ეფექტის მოხდენას, რომ, აი, ამდენი დამნაშავე იყო, ვინც თავს ესხმოდა პოლიციას და გახარიას სხვა  გზა არ ჰქონდა, თუ არა აქციის დაშლა. ამისთვის სჭირდებათ ეს რეპრესიები. არა მარტო ბეჟან ლორთქიფანიძე, არამედ რეპრესირებულნი არიან ყველანი, ვინც ამ ეტაპზე ამ ბრალდებით არიან დაჭერილი. აუცილებლად უნდა დავაზუსტო – ჩვენ არ ვამბობთ, რომ პოლიციელების მიმართ აგრესიული ქმედება და ძალადობა ქცევის ჩვეული ფორმა უნდა იყოს. ნამდვილად არა! თუმცა იქ რაც მოხდა, იყო არა ჯგუფური ძალადობა, არამედ ბუნებრივი პროტესტი ამ ხალხის, რომლის წინააღმდეგაც საპროვოკაციოდ გამოიყენეს რობოკოპები და შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ”, – აცხადებს ბექა ბასილაია.

მორის მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელმაც დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა და საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვა.

EMC მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობით მიუთითებდა, რომ ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება არსებობდა.

“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და მისი გამოყენება აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული, სარწმუნო მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბრალდებულის სათანადო ქცევა სხვაგვარად ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მოსამართლეს უნდა შეეფასებინა ამ კონკრეტულ საქმეში ამგვარი მტკიცებულებების არსებობა, თუმცა მან მხოლოდ შაბლონურად, ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე მიუთითა მორის მაჩალიკაშვილის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლის აბსტრაქტულ საფრთხეზე, რაც მოსამართლის განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია სტრასბურგის სასამართლოს იმ სტანდარტებზე საუბრობს, რაც აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების დროს გამოიყენება და ამბობს, რომ გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ვერ ჩაითვლება წინასწარი პატიმრობის დასაბუთებად, თუ ისინი ბრალდებამ კონკრეტული გარემოებებით არ გაამყარა.

“დაუშვებელია, სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე ან ისეთი ზოგადი ცნებები, როგორიცაა გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ან მიმალვა, არ და ვერ გამოდგება წინასწარი პატიმრობის საფუძვლად, თუ კონკრეტული ინდივიდუალი გარემოებებით არაა გამყარებული. აქციის ყველა მონაწილე, ვისაც ინდივიდუალური გარემოებების დასაბუთების გარეშე აღეკვეთა თავისუფლება, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ წინაწარი პატიმრობიდან გამოძიების მიმდინარეობის დროს. ასეთია სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტი და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ”, – წერს გოგია.

შსს დაკავებულებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლს ედავება. პროკურორმა ვაჟა თოდუამ სასამართლოში რ2-თან განაცხადა, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ქმნის არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, რომელთა შორის პოლიციელებიც არიან, ასევე, ვიდემტკიცებულებები, რომლებიც პოლიციამ გასულ კვირას გაავრცელა. პოლიციის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ ვიდეობში ჩანს პოლიციის კორდონზე შეტევა და პოლიციისადმი წინააღმდეგობა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სახალხო დამცველის ოფისს, სადაც აცხადებენ, რომ არიან ინფორმაციის შეგროვების პროცესში, თუ როგორ წარიმართა 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულთა საქმეზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება, და საკუთარი შეფასების გაკეთებას ამის შემდეგ შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი