ახალი ამბები

მოსამართლემ დაუშვებლად ცნო მოთხოვნა, გახარია 20 ივნისზე სასამართლოში დაიკითხოს

24 სექტემბერი, 2019 •
მოსამართლემ დაუშვებლად ცნო მოთხოვნა, გახარია 20 ივნისზე სასამართლოში დაიკითხოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დასაშვებად არ ცნო დაცვის მხარის ადვოკატების შუამდგომლობა, რომლითაც ისინი ითხოვდნენ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია და მისი ყოფილი მოადგილეები, ნათია მეზვრიშვილი, ნინო ჯავახაძე და კახაბერ საბანაძე, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, სასამართლო პროცესზე დაკითხულიყვნენ.

„გვახსოვს გახარიას განცხადებები, რომ ყველა კითხვას პასუხს გასცემდა, თუმცა პროკურატურამ და სასამართლომ, სრულიად დაუსაბუთებლად, ყველაფერი გააკეთეს, რომ ის არ გამოიკითხოს სასამართლოზე საჯაროდ“, – განუცხადა პროცესის შემდეგ ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

24 სექტემბერს სასამართლო ერთად განიხილავდა 20-21 ივნისის აქციების საქმეზე დაკავებული ოთხი ადამიანის — ბეჟან ლორთქიფანიძის, მორის მაჩალიკაშვილის, გიორგი ქურდოვანიძისა და ილია მემარნიშვილის საქმეებს. ლორთქიფანიძე გირაოთია გამოშვებული, დანარჩენი სამი კი პატიმრობაში რჩება. ოთხივე მათგანს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლემ ბრალდებულების ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გახარიას და მისი ყოფილი მოადგილეების სასამართლოზე დაკითხვის გარდა, ისინი ითხოვდნენ, რომ საქმე არსებითი განხილვისთვის არ გადასცემოდა სასამართლოს და სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო; ამასთან, პროცესზე მათ დააყენეს მოსამართლის, ნატო ხუჯაძის აცილების საკითხი, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლებები არ დააკმაყოფილა.

ამასთან, მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის თანახმად, დაცვის მხარე ითხოვდა ერთ-ერთი პოლიციელის ამორიცხვას დასაკითხი პირების ნუსხიდან.  EMC-ის თანახმად, ეს ის ადამიანია, რომელიც იმ ღამის შესახებ პატაკში წერს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, მაჩალიკაშვილი „აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ძალადობრივ მოქმედებაში“. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, „ბრალდების მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმი, ანუ არ გამოუკითხავს ის გამოძიების ეტაპზე. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, თუ პირის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მხარეს, ეს დაუშვებელი მტკიცებულებაა. ამ არგუმენტით მოითხოვა ბრალდების მხარემ დაცვის მხარის შუამდგომლობის დაუშვებლობა პრემიერ-მინისტრისა [გახარიას] და სხვა პირების სასამართლოში დაკითხვის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც ორი არსებითად იგივე საფუძვლის მქონე შუამდგომლობა განიხილებოდა, მოსამართლემ მხოლოდ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია კონკრეტული პირების სასამართლოში დაკითხვა, მაშინ, როდესაც ჩვენი მსგავსი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა“.

პროცესზე ერთ-ერთმა პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა თქვა, რომ ამ ორ შუამდგომლობას ერთი და იგივე საფუძველი არ ჰქონია.

რა ხდებოდა პროცესზე?

სასამართლო პროცესი პროტესტის ფონზე დაიწყო — შენობის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და პროცესის მიმდინარეობა გააპროტესტა. დემონსტრანტებს თან ჰქონდათ პოსტერები, სადაც 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრებად ჰყავდათ მოხსენიებული და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ამ დროს აქციის მონაწილეებს სასამართლოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ რამდენიმე მეტრით უნდა გაწეულიყვნენ სასამართლოს შენობიდან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მოშორებით იდგნენ. დემონსტრანტებმა უთხრეს, რომ კიდევ 5 წუთით იქნებოდნენ, რასაც მსუბუქი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

უშუალოდ პროცესის მიმდინარეობისას რამდენიმე ადვოკატმა, მათ შორის ბექა ბასილაიამ, მკაცრად გააკრიტიკა მოსამართლე; ასევე, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არ დაუშვა შუამდგომლობა გახარიას და სხვების დაკითხვის შესახებ, დარბაზში დაიწყო შეძახილები: „სირცხვილია“, „სამარცხვინო მოსამართლე“ და ა.შ. მოსამართლეს დარბაზიდან არავინ გაუძევებია, თუმცა რამდენიმე წამში დამსწრეთა ნაწილი თავად წამოდგა და პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი.

„ჩვენი შეფასებები მის მიმართ იმდენად [მძიმე] იყო, რომ სრული საფუძველი ჰქონდა, გავეძევებინეთ, მაგრამ ესეც არ გაუკეთებია, რადგან იცოდა, რომ სწორს ვამბობდით და სამარცხვინო მოსამართლეა“, — თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. „ისინი არიან ხორცსაკეპი მანქანის ჭანჭიკები და ტყვეობაში მყოფ ადამიანებს ძალით გამოსტყუონ აღიარებები, რომ გახარიამ გახარია-გავრილოვის სისხლიან ღამეს სახელი გადაარქვას და დაარქვას პარლამენტზე შტურმის ღამე, რაც არ გამოუვა“.

პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ თავი აარიდა ადვოკატის, ბექა ბასილაიას კითხვას, აქვს თუ არა 20 ივნისის კონკრეტულ საქმეზე ვიდეოკადრები ნანახი. „გაცნობილი ვარ საქმის მასალებს“ — ასე უპასუხა მან ამ კითხვას. ადვოკატმა კიდევ ერთხელ ჰკითხა, იცნობდა თუ არა ამ ვიდეოს, რაზეც მოსამართლემ იგივე პასუხი გასცა. ხოლო დამატებით კითხვაზე, თუ ახსოვს რამდენ ხანს გრძელდება ეს ვიდეოკადრები, მოსამართლეს არ უპასუხია.

ბეჟან ლორთქიფანიძემ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, სასამართლო პროცესს „აბსოლუტური ფარსი“ უწოდა: „მოსამართლემ არა მხოლოდ გაიზიარა პროკურორების არგუმენტები, მათი წინადადებები გაიმეორა და ყველაფერი დააკმაყოფილა. თეთრზე ამბობდა, რომ შავია“.


საბოლოოდ, მოსამართლე ხუჯაძემ საქმე არსებით განხილვაზე გადასცა. არსებითი განხილვა 8 ოქტომბერს ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი