ახალი ამბები

აქცია რუსთავი 2-ის შენობასთან წამყვანის მიერ პუტინის გინების გამო

8 ივლისი, 2019 • 1897
აქცია რუსთავი 2-ის შენობასთან წამყვანის მიერ პუტინის გინების გამო

მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა რუსთავი 2-ის შენობასთან 7 ივლისის, გვიან ღამით და ტელეკომპანიის წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გინება გააპროტესტა.

ისინი ტელეკომპანიის შენობასთან დაახლოებით 23.00 საათზე მივიდნენ და აქცია თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა და 04.00 საათზე დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა “რუსთავი 2”- ის ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ღრუბელი, თავად ჟურნალისტს კი პოლიციამ დერეფანი გაუკეთა, რათა უსაფრთხოდ დაეტოვებინა ტერიტორია.

აქციის მონაწილეებმა  მათი მოთხოვნები გვიან ღამით დაახლოებით ასე ჩამოაყალიბეს:

[checklist]

  • პოლიციამ დაიწყოს გამოძიება წამყვანის  გინების გამო;
  • გადადგნენ გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია.

[/checklist]


ტელეკომპანია “რუსთავმა 2” -მა 02.00 საათზე მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ესაა ხელისუფლების ორგანიზებული აქცია და ვიდრე ჟურნალისტებისა და პერსონალის უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, არხი მაუწყებლობას არ განაახლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ  უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას.

რა თქვა გაბუნიამ, გვარამიამ და რუსთავი 2-მა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

ხელისუფლების რეაქცია 

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას  მყისიერად გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა.  კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვებთო, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ჟურნალისტის საქციელი შეაფასეთო.

რუსთავი 2 -ის ბოდიში და ხელისუფლების ჩარევა მედიის თვითრეგულირებაში

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

” წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები და მით უფრო მუქარა საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება”, – განაცხადა რუსთავი 2-მა.

“რუსთავი-2″-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების”, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გაბუნიას გინების ირგვლიბ გავნითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა. მისი თქმით,  გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;

პუტინისადმი სიმპათია

მიუღებელი ქცევის კრიტიკისას პუტინისადმი სიმპათია არ მოგვეძალოსო- დაწერა ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ მოვლენების შეფასებისას. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი