ახალი ამბები

საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას R2-ის წამყვანის საქციელის შეფასებისკენ მოუწოდებს

8 ივლისი, 2019 • 1053
საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას  R2-ის წამყვანის საქციელის შეფასებისკენ  მოუწოდებს

“მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაფასონ რუსთავი 2-ის წამყვანის საქციელი:

“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.

ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას”, – აცხადებს საგარეო უწყება.

პროვოკაცია უწოდეს გადაცემის წამყვანის გინებას პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

ტელეწამყვანის ამ გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  გამოეხმაურა:

“რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“, – განაცხადა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი