ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე: რაც R2-ზე ვიხილეთ, პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

7 ივლისი, 2019 • 1601
არჩილ თალაკვაძე: რაც R2-ზე ვიხილეთ, პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

“რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. ასე გამოეხმაურა ის რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებას.

პროვოკაცია უწოდეს გადაცემის წამყვანის გინებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

ტელეწამყვანის ამ გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  გამოეხმაურა:

“რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“, – განაცხადა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი