ახალი ამბებიკომენტარი

ზვიად ქორიძე: ხელისუფლების განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს

8 ივლისი, 2019 • 3005
ზვიად ქორიძე: ხელისუფლების განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს

“”რუსთავი-2″-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების”, – აცხადებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

ის “რუსთავი 2”-ის  წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ეთერით პუტინის გინებას და მის თანმდევ მოვლენებს ფეისბუკით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  “საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა”

“1. მიმაჩნია, რომ გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი. ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;
2. მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ;
3. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ “აიკრძალოს რუსთავი-2”, “აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა” და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია;
4. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა;
5. მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა.

დღეს კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. “რუსთავი-2″-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც”, – წერს ზვიად ქორიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი