„რუსთავი 2-ს“ პროექტის გამო, ახალი თეატრის ფასადიდან სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერს ხსნიან.
ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ახალი თეატრის ფასადზე ერთ წელზე მეტი იყო გადმოკიდებული. თუმცა, დღეს, 19 თებერვალს, მსახიობის ბანერი ჩამოხსნეს.
როგორც ანდრო ჭიჭინაძის კოლეგები და ახალი თეატრის მსახიობები ამბობენ, სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თეატრის შენობაში მუსიკალური პროექტის გადაღებას გეგმავს და ამიტომ სინდისის პატიმრის ბანერი ჩამოხსნეს.
თუმცა მას შემდეგ, რაც მსახიობის ბანერი ჩამოხსნეს, ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა ახალი თეატრის ფასადზე მაინც გადმოკიდეს. ამ დროისთვის თეატრის ფასადზე „რუსთავი 2-ის“ ორი ბანერის გვერდით ანდრო ჭიჭინაძის ბანერიცაა გადმოკიდებული.
„რუსთავი 2“ მუსიკალურ პროექტს აკეთებს აქ, რაც ძალიან მიხარია. ჩვენ ეს გუშინ გავიგეთ შემთხვევით. დღეს უბრალოდ ვიყავით მოსულები, მოვიდა უზარმაზარი მანქანა და მოიტანეს ბანერები. ვკითხეთ, ანდროს ბანერის მოხსნას ხომ არ აპირებდნენ. არავინ პასუხი არ გაგვცა, წავიდნენ და სადღაც 1 საათში მოვიდნენ „იმედის“ და „პოსტვის“ კამერებით და შემოგვიცვივდნენ ჟურნალისტები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რაღაცაზე ვსაუბრობდით და ვთხოვეთ, რომ ცოტა ხანი გასულიყვნენ. გავიდნენ 20 წუთით და 5 წუთში შემოცვივდნენ ისე, რომ საერთოდ არაფერი არ გვკითხეს. გამოვიდნენ აივანზე და სანამ ვესაუბრებოდით, ამასობაში მოხსნეს ეს ბანერი.
აქ არიან ადამიანები, ვისაც ეს ძალიან აწუხებდათ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, დავალებას ასრულებდნენ. ვეცადეთ, რომ ადამიანური ფორმით გვქონოდა დიალოგი, რომ იქნებ, რეჟისორს გავსაუბრებოდი ან იქნებ ვინმე მოსულიყო, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის მორალის და ღირსების საკითხი. ეს ადამიანი ისედაც უსამართლოდ ზის ციხეში. ერთხელ უკვე წაგვართვეს სცენიდან და ახლა უნდათ, რომ თეატრის ფასადიდანაც წაგვართვან ანდრო ჭიჭინაძე. ანდროს გარდა უამრავი ადამიანია დღეს ციხეში და ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ხალხს მიავიწყოს“, – განაცხადა მსახიობმა ეკა დემეტრაძემ ნეტგაზეთთან.
ნეტგაზეთი ცდილობს „რუსთავი 2-ს“ დირექტორთან, ბაკურ ბაკურაძესთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს ზარებსა და შეტყობინებას არ პასუხობს.
