ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში 2019 წლის 20 იანვარს ხელახლა, საზეიმოდ გახსნეს ყარაბაღის ომში დაღუპული ბუღაშენელი მებრძოლის განახლებული ბიუსტი, რომელიც იქ 1990-იანი წლებიდან იდგა. ძეგლის გახსნის ცერემონია, რომელსაც ოფიციალური პირებიც დაესწრნენ, ბაქოს 1990 წლის ტრაგედიის, “შავი იანვრის” წლისთავს დაემთხვა.
ამ გარემოებებისა და ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტის გათვალისწინებით, ძეგლის გახსნა საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა. ისინი ითხოვენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიხეილ ავაქიანის ძეგლი აიღოს; ბუღაშენელები და საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების ნაწილი კი ამ მოთხოვნას ეწინააღმდეგებa.
შესაძლებელია თუ არა ვითარების განმუხტვა და თუ კი, როგორ? რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ რთული ვითარებისგან თავის ასარიდებლად როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში? ხომ არ არის ეს ვნებათაღელვა რაიმე სხვა პრობლემის გამოვლინება? როგორ ებმის ეს მოვლენა რეგიონში განვითარებულ მოვლენებს? ნეტგაზეთი ეცადა, ამ კითხვებზე პასუხები ეპოვა სომხეთ-აზერბაიჯანისა და კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან.
[red_box]“გამოუვალი მდგომარეობა”?[/red_box]
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა არსებობს: ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუსტი უნდა აიღოს. მისი აზრით, ცენტრალური ხელისუფლება და უშიშროება ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა დაელაპარაკონ; ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი უნდა გააცნობიეროს, რომ ძეგლის საზეიმოდ გახსნით “ძალიან დიდი შეცდომა მოუვიდათ”, ეს ნაბიჯი “გარკვეულწილად არღვევს რეგიონში სტაბილურობას” და “უნდა მიიღონ მტკივნეული, მაგრამ გასაგები გადაწყვეტილება” — მათ უნდა აიღონ ბიუსტი.
ხომ არ გამოიწვევს ეს ნაბიჯი ეთნიკურად სომეხი თემის გაღიზიანებასა და, შესაბამისად, სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრებას? არნოლდ სტეპანიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე, რომელიც ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ასეთი საფრთხე არსებობს, ამიტომაც მიაჩნია, რომ “უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ვეძებოთ გამოსავალი და არა ხანმოკლეში”.
მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსავლის ძებნას აუცილებლად მიიჩნევს, ამ შეხედულებას არ იზიარებს ზაურ ხალილოვი, “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მოსახლეობაში “გაღიზიანებას არ გამოიწვევს, თუკი კარგად ავუხსნით, რომ “კი, თქვენი თანასოფლელი იყო, მაგრამ ეს ადამიანი იბრძოდა სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ”…
პაატა ზაქარეიშვილიც ამ აზრისკენ იხრება: “დაძაბულობა რომ არ გამოიწვიოს, მაგიტომ არის მუშაობა საჭირო. თვითმმართველობაა, საკრებულო… თუ ვიღაცამ დაადო თავი, მიადგა და აიღო ძეგლი, რა თქმა უნდა, დაძაბულობას გამოიწვევს. მუშაობაა საჭირო”.
ხალილოვს მიაჩნია, რომ ლოგიკური იქნებოდა, ბიუსტი გადაეტანათ ავაქიანის საფლავზე ან კერძო ტერიტორიაზე, ანუ არ დაეტოვებინათ ის საჯარო სივრცეში. თუმცა არნოლდ სტეპანიანი ფიქრობს, რომ ორივე შემთხვევაში — იმის მიუხედავად, დატოვებენ თუ აიღებენ ძეგლს — “გვეყოლება განაწყენებული ან ერთი, ან მეორე სათვისტომო, რაც პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს” და “ძეგლის არც სხვა ადგილას გადატანა იქნება გამოსავალი”.
“კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი ვანო აბრამაშვილი გვეუბნება, რომ ბიუსტის აღება “არც მარტივი და არც სწორი იქნება შექმნილი ვითარების ფონზე”. მისი აზრით, გამოსავალი არც საპირწონე [აზერბაიჯანის მხარეს მებრძოლი, საქართველოში დაბადებული ადამიანების] ძეგლების დადგმაა.
[blue_box]“უარი ახალ ძეგლებს”[/blue_box]
ინიციატივა, რომ ამჯერად აზერბაიჯანულ თემში დაიდგას ძეგლი რომელიმე ადამიანისა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდა, არცერთ ჩვენს რესპონდენტს არ მოსწონს.
პაატა ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ “ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას”; არნოლდ სტეპანიანი გვეუბნება, ასეთი, სულ მცირე, ერთი მემორიალი უკვე არსებობს მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, თუმცა “ამ ხელოვნური ბალანსის პრაქტიკას თავი უნდა დავანებოთ”. ამას გარდა, მისი თქმით, ეს, სავარაუდოდ, არც იქნებოდა აზერბაიჯანული თემისთვის დამაკმაყოფილებელი, რადგან აქციაზე გამოვიდნენ ლოზუნგით “არა სეპარატიზმს”.
“პრობლემა მხოლოდ დიალოგით უნდა მოგვარდეს”, – ამბობს ვანო აბრამაშვილი და განმარტავს:
“საქართველოს ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, თვითკრიტულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს, ვინაიდან ეს მოვლენა სერიოზულ ჩრდილს აყენებს საქართველოს პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო. საჭიროა მკაფიო განცხადება, რომ საქართველოსთვის უპირველესი მიზანი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება და მისი მშენებელობაა. ამის საფუძველზე შესაძლებელია დიალოგის დაწყება ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობასთან, რაშიც სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს, თუ საჭიროა, “სამოქალაქო კომისიების” ფორმითაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა არ მიიჩქმალოს, ვინაიდან ეს მხოლოდ გააღრმავებს კონფლიქტს”.
გამოსავალი — პოლიტიკური პასუხისმგებლობა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას გამოდის წინადადებით, რომ პარლამენტმა შემოიღოს კანონი, რომელიც სხვა სახელწიფოს სიმბოლოებს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს.
“ამჟამად ძეგლის ქონა-არქონა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტმა კანონის დონეზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს ღირსებების თუ გარკვეული პოზიციების გამომხატველი სიმბოლოები ისე იდგმებოდეს, რომ ეს პოლიტიკურ ორგანოსთან იყოს შეთანხმებული”, – ამბობს ზაქარეიშვილი. მაგალითებად მოჰყავს ჰეიდარ ალიევის სახელის დარქმევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთვის, რონალდ რეიგანის ქანდაკების დადგმას და ა.შ.
ამ ინიციატივას ზაურ ხალილოვიც მიესალმება. “აუცილებლად. როცა საქმე ეხება საკითხებს, რამაც ასეთი შედეგი შეიძლება გამოიღოს, რა თქმა უნდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”.
თუმცა ასეთი საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა კვლავ რჩება მოუგვარებელი პრობლემები. მაგალითად, როგორც ხალილოვი aკვირდება, ერთი მხრივ, თვითონ ძეგლის გახსნა, მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანული თემის მიერ “ასე აგრესიულად მიღება ყარაბაღში მებრძოლის ძეგლის დადგმისა” გიჩვენებს, რომ “საქართველოს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები პოლიტიკურად, სოციალურად, საზოგადოებრივად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად არ თვლიან თავს; ამ ქვეყანასთან იდენტიფიცირებას არ ახდენენ”.
[yellow_box]“სიმპტომური გამოვლინება”[/yellow_box]
ვანო აბრამაშვილი ამ საკითხს ასე უყურებს: “მომხდარი ფაქტი წლებით ნაგროვი პრობლემის გამოვლინებაა, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კომუნიკაცია საკმაოდ სუსტია. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში”.
აბრამაშვილის თანახმად, “არცერთ მთავრობას არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პროცესში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვან ელემენტად ექცია”.
ზაურ ხალილოვიც და არნოლდ სტეპანიანიც ყურადღებას ამახვილებენ ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების ინტეგრაციის ნაკლებობაზე და მათთან მუშაობის საჭიროებას უსვამენ ხაზს.
“ეს ადამიანები სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის საინფორმაციო სივრცეებში ცხოვრობენ, უყურებენ მათ პროგრამებს, კითხულობენ მათ ნიუსებს და ნაკლებად იციან, საქართველოში რა ხდება”, – გვიხსნის სტეპანიანი;
მისი თქმით, ამას ემატება პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამონაწილეობის ნაკლები გამოცდილება და პრაქტიკა: “დისკრიმინაციაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, როგორც წლების წინ იყო. ასე, მაგალითად, სამსახურში მოწყობაზე უარს აღარ გეტყვიან, “რახან სომეხი ან აზერბაიჯანელი ხარ”; ასეთი რეალობა აღარ არის. მაგრამ პოლიტიკურ მონაწილეობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ფაქტი ის არის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ, “პრესტიჟული” სოციალური ნიშები არ უკავიათ ”, – ამბობს სტეპანიანი.
“ამჟამად, ასე თუ ისე, გამოდის, რომ ორივე თემი მხარეა, ასე ვთქვათ, პასიური მხარე. თუმცა, ზოგიერთი აქტიურიც”, ამბობს იგი და დასძენს, რომ “ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ორივე მხრიდან იღებდა მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტში”, როგორც 1988-94 წლებში, ასევე, 2016 წელს აპრილში განახლებულ კონფრონტაციაში.
[red_box]რეგიონული დინამიკა[/red_box]
სომხეთში “ხავერდოვანი რევოლუციისა” და ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშიანიანის მოსვლის შემდეგ საერთაშორისო მედიისა და კავკასიის საკითხების სპეციალისტების ნაწილი მიუთითებს ორი ქვეყნის ახალ შანსებზე, ბოლოს და ბოლოს, დაიწყონ სამშვიდობო პროცესი; იმართება პირდაპირი შეხვედრები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის; ერთი შეხედვით, მცირედით მაინც შესუსტდა ოფიციალური აგრესიული რიტორიკა…
“რაც ზედაპირზე ჩანს, თითქოს მართლაც ეგრეა. სულ ახლახან აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ოფიციალურად დაუშვეს სომხეთში; როგორც ჩანს, პირველ ნაბიჯებს დგამენ და რაღაცებზე რიგდებიან. ამ შემთხვევაში, ამ [ბუღაშენის გარშემო განვითარებული] ინციდენტზე რომ ვისაუბროთ, ეს არის ნაწილი მთლიანად [ანტისამშვიდობო] კამპანიისა. აზერბაიჯანულ პრესაში “ტოპ ნიუსი” ეს იყო. თუმცა ამ შემთხვევაში სამიზნე ჯგუფი უფრო აზერბაიჯანის მოსახლეობა იყო — მათ ეუბნებოდნენ, “ხედავთ, სომხები რას აკეთებენ. კიდევ ძეგლებს დგამენ”. ვიღაცას თავისთავად არ აწყობს, შერიგება რომ მოხდეს. ეს ვიღაც რუსეთია”, — გვეუბნება არნოლდ სტეპანიანი.
როგორც ზაურ ხალილოვი ამბობს, ამ შემთხვევაში მთავარი კითხვა ასეთია: „ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი არ გადმოვიდეს საქართველოში“?
[blue_box]ორ ცეცხლს შუა[/blue_box]
პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ საქართველო “ნეიტრალური მთლად ვერ იქნება”, რადგან მკაფიოდ გამოხატული პოზიციები აქვს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაც სწორიცაა, თუმცა ის “ცდილობს იყოს დაბალანსებული მხარე ამ საკითხში”. სტეპანიანი კი წუხს: “ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ უფრო მძიმდება სიტუაცია [საქართველოში მცხოვრებ] თემებს, თემების ლიდერებს შორის, მათ შორის პროვოკატორების მეშვეობით”.
ზაურ ხალილოვი გვიხსნის, რომ ამ მოვლენებმა “კიდევ ერთი ძირეული პრობლემა” დაგვანახა: “ირღვევა ზეპირი შეთანხმება, რომ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი არ უნდა გადმოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ირღვევა ბალანსი და საქართველო იძულებული ხდება, მხარე გახდეს. ეს ყველაზე დიდი უბედურებაა”.
არნოლდ სტეპანიანის თანახმად, “არსებობენ ადამიანები, რომლებიც სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებს ატარებენ; ეს ადამიანები მუშაობენ თემებში და საკმაოდ პოპულარულებიც არიან. ჩვენ კი, ქართული საზოგადოება, პოლიტიკური ელიტა, არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ხალხი მოვაქციოთ ჩვენკენ. იმიტომ, რომ ყურადღებას არავინ არ აქცევს”.
სტეპანიანს მიაჩნია, რომ “ხანგრძლივ პერსპექტივაში, როგორც მინიმუმ, ისe უნდა მოხერხდეს, რომ ამ ორმა ქვეყანამ ვერ გადმოიტანოს ეს კონფლიქტი საქართველოში”. “მათი ეროვნული ინტერესები გასაგებია, მაგრამ ასე ჩვენ ვზარალდებით”, – გვეუბნება იგი:
“საქართველოში მცხოვრები ორივე თემი ცხოვრობს სომხეთის და აზერბაიჯანისთვისაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებზე. ეს არის სატრანზიტო გზა ორივესთვის. შესაბამისად, ის, რომ [სურთ] ბერკეტები ჰქონდეთ, ლოგიკურია. ორი ამოცანა აქვთ კონფლიქტის დროს: როგორც მინიმუმ, ამ სატრანზიტო გზაზე შეფერხება არ მოხდეს და როგორც მაქსიმუმ, შეეძლოთ, გადაუკეტონ მეტოქეს ტრანზიტული გზა. ორივე დაამოკიდებულია ამ გზაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამ თემებთან იმუშაონ. მაგრამ ამით ჩვენ ვზარალდებით”, – აცხადებს სტეპანიანი.
“როცა სამი სახელმწიფოა რეგიონში კარგად გამოკვეთილი და აქედაან ორს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ბუნებრივია, მესამე უნდა ცდილობდეს, მაქსიმალურად დაბალანსებული პოზიცია გამოკვეთოს. მას გააჩნია სხვადასხვა სტრატეგიული ინტერესი როგორც ერთ, ისე მეორესთან, მაგრამ უნდა ცდილობდეს, რომ შიდა პრობლემებში ჰქოდნეს დაბალანსებული პოლიტიკა და ეცადოს, მისმა მოქმედებებმა არ დაძაბოს ისედაც დაძაბულო ვითარება”, – გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი.
რა უნდა გააკეთოს საქართველომ?
ზაურ ხალილოვი ამბობს, რომ “ყველაფერზე პოსტ-ფაქტუმ რეაგირება არ შეიძლება, ეს ისეთი საკითხია, რომლის პრევენცია უნდა მომხდარიყო”. მისი თქმით, “ისედაც არსებობს ანტისომხური სენტიმენტები, მედიაში არმენოფობია ჟღერს და ა.შ, ამას კიდევ ნავთი დაასხა, საშინელება გამოვა”.
“წლებია ვმუშაობთ, ვატარებთ ტრენინგებს, სემინარებს, ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც ვმუშაობთ. გვინდა, რომ ეს ახალგაზრდები შემოვატრიალოთ საქართველოსკენ… თუ არ გვინდა, რომ ეს ხალხი იყოს ინტეგრირებული, მაშინ ანკლავები გვექნება. ჩვენ კი ეს პერიოდი უკვე გავიარეთ — ჩადიოდი მაგ რეგიონებში და სახელწმიფო ენაზე ვერავინ საუბრობდა, ვალუტა იქ არ გადიოდა და მეზობელი ქვეყნის დროშებით დარბოდნენ. საითკენ ვბრუნდებით? გვინდა, რომ ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ კონფლიქტი, ერთმანეთთან ჩაგვყავს, ვამეგობრებთ, ერთად რაღაც საქმეებს ვაკეთებინებთ. სხვა რეგიონებში ჩაგვყავს, რომ ერთმანეთი გაიცნონ, პირადი კონტაქტები ჰქონდეთ, საერთო ისტორიები ჰქონდეთ. ამ ფონზე ასეთი პროვოკაციები, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ არის მორალურადაც მართებული”, – ამბობს იგი.
ამიტომაც მიაჩნია მნიშვნელოვნად ხალილოვს ზედაპირს მიღმა არსებული პრობლემებთან დაპირისპირება. არნოლდ სტეპანიანიც ამ აზრზეა:
“გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან უნდა ვიმუშავოთ, რომ მათ, თუ საქართველოს მოქალაქეები არიან, ყურადღება მიაქციონ თავიანთი ქვეყნის განვითარებას. მათ თავი საქართველოს მოქალაქეებად უნდა იგრძნონ, უნდა იფიქრონ საქართველოზე და არა სხვა ქვეყნებზე. მათ შორის, ვგულისხმობ საქართველოს გარეთ კონფლიქტებში მონაწილეობაზე და გულშემატკივრობაზე”.
ის აგრძელებს: “მგონია, რომ უფრო სერიოზულად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო, ვიდრე ახლაა ჩართული. სკოლებში მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ პატრიოტიზმის განვითარებას ამ ადამიანებში. პოლიტიკა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კი არ უნდა იყოს, ქმედებებში უნდა აისახებოდეს”.
აბრამაშვილის თანახმად, “არცერთ მთავრობას არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პროცესში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვან ელემენტად ექცია”.
“ამის გამოა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერ გრძნობს იმ პრობლემების სენსიტიურობასა და მნიშვნელობას, რაც პერიოდულად თავს იჩენს ხოლმე. ბევრი ამას რესურსების სიმწირით ამართლებს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკურ ნებამდე დადის, არსებული პოლიტიკურ დღის წესრიგში კი ამ თემის აქტუალობა, სამწუხაროდ, კვლავ არ იგრძნობა”.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ნეტგაზეთს ამ თემაზე მისწერეს, რომ “მიუღებელია გარე სენსიტიური საკითხების, კონფლიქტების პოლიტიზაცია შიდა კონტექსში და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობებში”.
უწყების თანახმად, მნიშვნელოვანია რომ “ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა და პოლიტიკური აფილიაციისა … ამოვიდეთ უპრიველესად ჩვენი საერთო სამოქალაქო პასუხისმებლობიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოსახლეობისათვის მშვიდობიანი თანაცხოვრება და ქვეყნის განვითარება ჩვენი კონსოლოდაციის გზით მთავარი ინტერესია და მომავალში ყველა საკითხს სწორედ ამ ჭრილში გადავწყვეტთ”.
“უკვე წლებია ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელებიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ემსახურება. კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ. ჩვენი ამოცანაა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, უფრო ფართოდ ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. გვყავს ძალიან ბევრი სომეხი და აზერბაიჯანელი აქტიური და კვალიფიციური ახალგაზრდა, რომლებიც მშობლიურ ენასთან ერთად სახელმწიფო ენასაც კარგად ფლობen, მათთვის ახლად შექმნილი სტაჟირების პროგრამით კარი ყველა საჯარო სამსახურში ღიაა. ამას გავაგრძელებთ და წარმოვაჩენთ ძალიან ბევრ სამაგალითო ადამიანს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრების, მრავალფეროვნების ტრადიციების გაგრძელებასა და გამყარებაში თავისი წვლილი შეაქვთ”.
აქცია პარლამენტთან ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით
“ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია” – საგარეო ახალქალაქში აღმართულ ძეგლზე