ახალი ამბებისაზოგადოება

აქცია პარლამენტთან ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით

8 თებერვალი, 2019 • 3468
აქცია პარლამენტთან ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით

ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტის აღმართვის წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრაციაზე ძირითადად საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. დემონსტრაცია ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მიმდინარეობდა. აქციაზე შეკრებილებს  სიტყვით ათამდე ადამიანმა მიმართა, მათ შორის პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და აჰმედ იმამყულიევმა, რომელიც “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი იყო 2017 წლის არჩევნების დროს მარეულში.

“მიხეილ ავაქიანის ბიუსტი დივერსიაა”, “მ. ავაქიანის ბიუსტი უნდა მოიხსნას”, “საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა ურყევია”, “დღეს ყარაბაღი, ხვალ ჯავახეთი!!! არა სეპარატიზმსა და სეპარატისტებს”, — ეს სლოგანები ეწერა ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე დემონსტრანტების პლაკატებს.

ავაქიანის ბიუსტი

დემონსტრანტები ითხოვენ ახალქალაქის სოფელ ბუღაშენიდან ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხეილ ავაქიანის, ძეგლის (ბიუსტის) აღებას.

ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც ეთნიკურად სომეხია, თითქმის 25 წელია, სოფლის მკვიდრის, მიხეილ ავაქიანის, ბიუსტი დგას. ავაქიანი. როგორც ახალქალაქის მერიაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის ომში და 1994 წელს დაიღუპა, მისი ბიუსტი კი სოფლის ძველი სკოლის ეზოში, სადაც იგი დადიოდა, მალევე დადგეს.

ბიუსტი, ახალქალაქის მერის თანახმად, პირველადი სახით მისმა ძმამ და ბიძაშვილმა აღმართეს; დროთა განმავლობაში ბიუსტი დაზიანდა და ახლახანს მისმა ნათესავმა, უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენმა, საკუთარი ფინანსებით აღადგინა. მერის ცნობით, ამავე ადამიანის ფინანსებით შემოარტყეს ძეგლს ღობე.

განახლებული ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 2019 წლის 20 იანვარს. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები — ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და სხვები.

ამ ეპიზოდმა პროტესტი გამოიწვია საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებში, ასევე, აზერბაიჯანში, რადგან ძეგლის გახსნის თარიღი, 20 იანვარი ემთხვევა ბაქოში 1990 წელს მომხდარ, ე.წ “შავი იანვრის” მოვლენებს. ამ დღეს ბაქოში ათობით ადამიანი დაიღუპა საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებისას და აზერბაიჯანში ეროვნული ტრაგედიის დღედაა მიჩნეული.

ვინ არიან ორგანიზატორები?

აქციის ორგანიზატორად ფეისბუკზე მითითებული იყო ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი სევინჯ ჰუმბეტოვა. იგი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს რომ აქცია “ახალგაზრდების ორგანიზებით” ჩატარდა; პარლამენტთან მასთან ერთად იმყოფებოდა თანაორგანიზატორი, ბენო კაზიმოვი, რომელმაც გვითხრა:

“ახალქალაქში სეპარატისტის ძეგლის დადგმას ვაპროტესტებთ. ავაქიანისა და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელები ერთი და იგივე ხალხია. ჩვენ გვაჩვევენ სეპარატიზმს. ამას ვაპროტესტებთ  მშვიდობიანად. გავაგრძელებთ პერმანენტულ პროსტესტს მანამ, სანამ ამ ძეგლს არ აიღებენ”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ვინ იზრუნა მარნეულიდან და სხვა დასახლებებიდან ადამიანების ჩამოყვანაზე, სევინჯ ჰუმბეტოვამ გვიპასუხა, რომ მონაწილეები საკუთარი ხარჯით ჩამოვიდნენ თბილისში, რაც შეეხება დინამიკებსა და მიკროფონებს, ისინიც მარნეულიდან ჩამოიტანეს.

რას ამბობენ დემონსტრანტები?

აჰმედ იმამყულიევმა ნეტგაზეთთან საუბრისას თქვა, რომ აქცია “საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ახალგაზრდა სტუდენტების დაორგანიზებულია”. მანაც გაიმეორა სიტყვა “სეპარატისტი”, რაც ხშირად ისმოდა დღევანდელ აქციაზე;

“ჩვენი მიზანია, რომ არ მივცეთ საშუალება, საქართველოში დაიდგას რომელიმე სეპარატისტის ძეგლი… ამას ახალისებს დღევანდელი ხელისუფლება, ახალისებს სეპარტისტულ იდეებს და აზროვნებს, რადგან ვიღაც სეპარატისტის ძეგლს დებენ”, – თქვა მან და დასძინა, რომ “არ უნდა მივცეთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და უფრო დიდ ოკუპანტ რუსეთს საშუალება, ეთნოსებს შორის [საქართველოში] იყოს დაპირისპირება”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ეთნიკური შუღლი ასეთმა აქციებმაც ხომ არ შეიძლება გააღვივოს, ან ვითარება გაამწვავოს, იმამყულიევმა გვიპასუხა: “მე არა მგონია, რომ ამის საშუალებას მისცეს ჩვენმა საზოგადოებამ, ან დღევანდელმა ხელისუფლებამ”, თუმცა შემდეგ გააგრძელა, რომ “ხელისუფლება არ გვყავს, რადგან ასეთი რაღაც ხდება და უშიშროება არაფერს აკეთებს”.

იმამყულიევი ამბობს, რომ აქცია “არ არის წინააღმდეგი რომელიმე ეთნოსის, აქ მიდის საუბარი არა ეთნოსზე, არამედ სეპარატისტზე”.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად მან თქვა: “შეგვიძლია განვიხილოთ, რომ რომელიმე სომეხი პოეტის ძეგლი დაიდგას ახალქალაქში, რომელიმე აზერბაიჯენლი პოეტის, ეს მისაღები იქნებოდა, ეს ნორმალურია. ალიევის ძეგლიც [მისაღებია], იმიტომ, რომ ის არ იყო სეპარატისტი, ეს იყო პრეზიდენტი. ჩვენ შეგვიძლია, ისიც განვიხილოთ, რომ რომელიმე აფხაზი პოეტის ძეგლი დაიდგას საქართველოში. ეს არ იქნება მიუღებელი, როცა კულტურის, სპორტის წარმომადგენელზეა საუბარი და არა სეპარატისტული ორგანიზაციის მებრძოლზე. ის ეთნიკურად აზერბაიჯანელი რომც ყოფილიყო და ებრძოლა აფხაზეთის მხარეს საქართველოს წინააღმდეგ, ან სხვა სეპარატისტულ ორგანიზაციებში მსოფლიოში, ამ შემთხვევაში გამოვიდოდი და ვიტყოდი, “არა სეპარატისტებს საქართველოში””, – ამბობს იმამყულიევი.

იმამყულიევი ასევე გვეუბნება, რომ აქციაზე გამოვიდა “როგორც საქართველოს მოქალაქე” და არა როგორც “ევროპული საქართველოს” წევრი. “საქართველოს პოზიციიდან გამოვდივარ ამ აქციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ვიყოთ მშვიდობის გარანტი”, – ამბობს იგი.


მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთა ენმ-ის წევრმა აზერ სულეიმანოვმა. ნეტგაზეთთან საუბარში მანაც თქვა, რომ ითხოვენ ძეგლის აღებას და თქვა, რომ “ექსტრემისტების ადგილი საქართველოში არ არის”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის, თქმით, აქციაში მონაწილეობა სულეიმანოვის პერსონალური გადაწყვეტილება იყო, რისი სრული უფლებაც ჰქონდა. “ვერაფერ დასაძრახს ვერ ვხედავ იმაში, თუ ინდივიდუალურად დეპუტატი ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს” , – განუცხადა “ნეტგაზეთს” გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, შუღლის გამომწვევი არა მსგავსი აქცია, არამედ თავად ავაქიანის ძეგლის გახსნა იყო, რაშიც პარლამენტის ორი წევრი მონაწილეობდა “ქართული ოცნებიდან” და ადგილობრივი ხელისუფლებიდან.

“ამაზე რეაგირება თავად “ქართულ ოცნებას” უნდა გაეკეთებინა. მთელი ხელისუფლება მონაწილეობდა ამ პროცესში, მათ შორის სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები. ეს არის თავად “ქართულ ოცნების” პრობლემა და არა იმ ადამიანებისა, ამაზე თუნდაც ემოციურად მოახდინეს რეაგირება”, – განაცხადა გოცირიძემ.


საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 იანვარს განაცხადა, ამ საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანის “ელჩების მეშვეობით შედგა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა როგორც თბილისში, ასევე აზერბაიჯანში”.

სამინისტროდან ნეტგაზეთს მისწერეს, რომ “აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა” და “ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხა ზედმეტია”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ 8 თებერვალს განაცხადა, რომ “საქართველოს სახელწმიფოს ვალდებულებაა იზრუნოს, რომ მის მოქალაქეებს, —აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, — არ ჰქონდეთ აგრესიული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ”.

“მით უმეტეს, როცა სახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ეს დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში აისახება. არავითარი გამოძახილი ამას საქართველოში არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ამ თემაზე უნდა ვიზრუნოთ. მე არ ვფიქრობ, რომ მარნეულის ან ახალქალაქის რაიონში დადგმული ძეგლის აღებაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება ეთნიკური დაპირისპირება, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სტაბილურობას. მათ შორის არის ძეგლების აღების თემის გამწვავებაც. ვფიქრობ, უნდა გამოძებნოს სახელმწიფომ, მთავრობამ რესურსი, რათა ეს კონფლიქტი იქნეს აღმოფხვრილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ 25 იანვარს განაცხადა, რომ “ამ ძეგლის საკითხი იმ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ვერ შეცვლის… ვერ შეცვლის იმ მეგობრობას, რომელიც თუნდაც საქართველოში და პარლამენტში აქვთ ჩვენს მეგობრებს. შეიძლება ითქვას, რომ საკითხი მეტწილად ამოწურულია და მე არ ველოდები რაიმე გართულებებს”.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც. 8 თებერვალს ნეტგაზეთს მინისტრის აპარატიდან შემდეგი განცხადება მოსწერეს:

“ჩვენთვის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია სამოქალაქო ინტეგრაცია, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჩვენი მრავალფეროვნების, შემწყნარებლობის და თანასწორობის პრინციპების დაცვით. ნებისმიერი განცხადება, ან ქმედება, რომელიც ამ ამოცანების წინააღმდეგაა მიმართული, ან რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის მათ, მიუღებელია. შესაბამისად, მიუღებელია გარე სენსიტიური საკითხების, კონფლიქტების პოლიტიზაცია შიდა კონტექსში და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობებში. შესაბამისად, მნიშვნელოცანია რომ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა განურჩევლად ,ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, პოლიტიკური აფილიაციისა, თავი შეიკავონ მსგავსი მოქმედებისგან და ამოვიდეთ უპრიველესად ჩვენი საერთო სამოქალაქო პასუხისმებლობიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოსახლეობისათვის მშვიდობიანი თანაცხოვრება და ქვეყნის განვითარება ჩვენი კონსოლოდაციის გზით მთავარი ინტერესია და მომავალში ყველა საკითხს სწორედ ამ ჭრილში გადავწყვეტთ”. 

“უკვე წლებია ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელებიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ემსახურება. კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ. ჩვენი ამოცანაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, უფრო ფართოდ ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. გვყავს ძალიან ბევრი სომეხი და აზერბაიჯანელი აქტიური და კვალიფიციური ახალგაზრდა, რომლებიც მშობლიურ ენასთან ერთად სახელმწიფო ენასაც კარგად ფლობს, მათთვის ახლად შექმნილი სტაჟირების პროგრამით კარი ყველა საჯარო სამსახურში ღიაა. ამას გავაგრძელებთ და წარმოვაჩენთ ძალიან ბევრ სამაგალითო ადამიანს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრების, მრავალფეროვნების ტრადიციების გაგრძელებასა და გამყარებაში თავისი წვლილი შეაქვთ”.

“შავი იანვარი”

ტომ დე ვაალი, ყოფილი ჟურნალისტი, სპეციალისტი კავკასიის საკითხებში, რომელიც 1990-იანი წლებიდან აშუქებდა რეგიონს, დაახლოებით ასე აღწერს 1990 წლის იანვრის მოვლენებს წიგნში “შავი ბაღი – სომხეთი და აზერბაიჯანი ომისა და მშვიდობის დროს”:

1990 წლის 9 იანვარს სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა ნაგორნი-ყარაბაღის საკუთარ ბიუჯეტში ჩასმას და იქაურ მოსახლეობას სომხეთში არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მისცა, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა საბჭოთა აზერბაიჯანის იურისდიქციასთან. ამ ფაქტმა აზერბაიჯანში აღშფოთება გამოწვია, რაც თავდაპირველად გადაიზარდა დაპირისპირებებში აზერბაიჯანის სოფლებში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის, აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაში და დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მოწოდებებში;

13 იანვარს დაიწყო ბაქოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, რის შედეგადაც ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 90 ადამიანი. თუმცა, როგორც დე ვაალი წერს, რიცხვების გადამოწმება ვერ ხერხდება.

15 იანვარს ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, აზერბაიჯანის ეროვნულმა ფრონტმა რეგიონებში დე ფაქტო კონტროლი დაამყარა. 19 იანვარს, მიხეილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებით, შუაღამით ბაქოში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა, თუმცა მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა; იმავე ღამეს ათასობით საბჭოთა ჯარისკაცი შეიჭრა დედაქალაქში და მოსკოვმა რამდენიმე საათში დაიკავა ქალაქი; დაიღუპა ათობით ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადამიანი, ასობით დაშავდა.

“შავი იანვრის” მოვლენები მხოლოდ ნაწილია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტისა, რომელშიც ორივე მხარე სდებს ბრალს ერთმანეთს სამხედრო თუ სხვა სახის დანაშაულებში.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი