ახალი ამბებისაზოგადოება

“ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია” – საგარეო ახალქალაქში აღმართულ ძეგლზე

24 იანვარი, 2019 • 3121
“ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია” – საგარეო ახალქალაქში აღმართულ ძეგლზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტის საკითხზე “ელჩების მეშვეობით შედგა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა როგორც თბილისში, ასევე აზერბაიჯანში”.

სამინისტროდან ნეტგაზეთს მისწერეს, რომ “აზრებაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა”.

“ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია”, – აცხადებს საგარეო უწყება. საქმე ეხება ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში მთიანი ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტს.

ბუღაშენში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც ეთნიკურად სომეხია, თითქმის 25 წელია, სოფლის მკვიდრის, მიხეილ ავაქიანის, ბიუსტი დგას. ავაქიანი. როგორც ახალქალაქის მერიაში გვიდასტურებენ, მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის ომში და 1994 წელს დაიღუპა, მისი ბიუსტი კი სოფლის ძველი სკოლის ეზოში, სადაც იგი დადიოდა, მალევე დადგეს.

ბიუსტი, ახალქალაქის მერის თანახმად, პირველადი სახით მისმა ძმამ და ბიძაშვილმა აღმართეს; დროთა განმავლობაში ბიუსტი დაზიანდა და ახლახან მისმა ნათესავმა საკუთარი ფინანსებით აღადგინა ისე, რომ სახელმწიფოს ფული ამისთვის არ გამოუყვია. მისი ცნობით, ამავე ადამიანის ფინანსებით შემოარტყეს ძეგლს ღობე.

განახლებული ძეგლის გახსნას 20 იანვარს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები — ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და სხვები.

უნანიანი ამბობს, რომ იგი “სოფელმა მიიწვია” ღონისძიებაზე და ამიტომ მივიდა იქ. ენზელ მკოიანის ნომერზე მისმა მძღოლმა გვიპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მკოიანი შეხვედრაზე იყო, არ ეცალა და როცა მოიცლიდა, თავად დაგვირეკავდა; ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა, დაესვა კითხვა, რატომ და ვინ გადაწყვიტა, ღონისძიების ჩატარების თარიღად 20 იანვარი აერჩია, რაც ემთხვევა ბაქოში 1990 წელს მომხდარ, ე.წ “შავი იანვრის” მოვლენებს.

პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე ასე უპასუხა:

“სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ყველაფერი ისე, რომ პასუხები იყოს ზუსტი და ოპტიმალური. თემა საკმაოდ პრობლემურია, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი მოქალაქეები ჩვენთვის, ყველასათვის, მათ შორის პარლამენტარებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღესდღეობით ყველაზე კარგი მდგომარეობაა ამ მხრივ და ჩვენ ვართ პლატფორმა, სადაც ოდესმე იქნება შესაძლებელი, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესები იქნეს დაახლოებული. აქედან უნდა გამოვიდეთ, როდესაც გადავწყვეტთ, რომ კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. უპასუხისმგებლო ადამიანებს აქვთ სურვილი, სკანდალი შექმნან, რაც ისევ ჩვენს ქვეყანას მოუბრუნდება უკან. ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ვიზრუნოთ, რომ ერთმანეთში მათ არ ჰქონდეთ კონფლიქტი. საგარეო ნაწილში უხერხული მდგომარეობაა, მაგრამ დიპლომატია იმისთვის არსებობს, რომ ეს უხერხული მდგომარეობები შეამსუბუქოს”.


ტომ დე ვაალი, ყოფილი ჟურნალისტი, სპეციალისტი კავკასიის საკითხებში, რომელიც 1990-იანი წლებიდან აშუქებდა რეგიონს, დაახლოებით ასე აღწერს 1990 წლის იანვრის მოვლენებს წიგნში “შავი ბაღი – სომხეთი და აზერბაიჯანი ომისა და მშვიდობის დროს”:

1990 წლის 9 იანვარს სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა ნაგორნი-ყარაბაღის საკუთარ ბიუჯეტში ჩასმას და იქაურ მოსახლეობას სომხეთში არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მისცა, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა საბჭოთა აზერბაიჯანის იურისდიქციასთან. ამ ფაქტმა აზერბაიჯანში აღშფოთება გამოწვია, რაც თავდაპირველად გადაიზარდა დაპირისპირებებში აზერბაიჯანის სოფლებში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის, აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაში და დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მოწოდებებში;

13 იანვარს დაიწყო ბაქოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, რის შედეგადაც ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 90 ადამიანი. თუმცა, როგორც დე ვაალი წერს, რიცხვების გადამოწმება ვერ ხერხდება.

15 იანვარს ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, აზერბაიჯანის ეროვნულმა ფრონტმა რეგიონებში დე ფაქტო კონტროლი დაამყარა. 19 იანვარს, მიხეილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებით, შუაღამით ბაქოში საგანგებო რეჟიმი ცხადდებოდა, თუმცა მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა; იმავე ღამეს ათასობით საბჭოთა ჯარისკაცი შეიჭრა დედაქალაქში და მოსკოვმა რამდენიმე საათში დაიკავა ქალაქი; დაიღუპა ათობით ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადამიანი, ასობით დაშავდა.

“შავი იანვრის” მოვლენები მხოლოდ ნაწილია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტისა, რომელშიც ორივე მხარე სდებს ბრალს ერთმანეთს სამხედრო თუ სხვა სახის დანაშაულებში.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი