ახალი ამბები

წარმოუდგენელია, ეს რეალური იყოს – სერგეენკო სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე

16 ოქტომბერი, 2018 • 1704
წარმოუდგენელია, ეს რეალური იყოს – სერგეენკო სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებული ჩანაწერები, სადაც პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი ხელისუფლების წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს, არარეალურია.

“ამ ჩანაწერებს რომ მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, წარმოუდგენელია იმისათვის, რომ ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი, ამ ჩანაწერების ირგვლივ დაწყებულია გამოძიება და მე მგონია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ იქ გაჟღერებული ამბები რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს”, – უთხრა სერგეენკომ ჟურნალისტებს დღეს, 16 ოქტომბერს.


ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელიც ციხეშია ჩაწერილი. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 ოქტომბერს თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. გარდა ამისა, გამოძიება “ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი