ახალი ამბები

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

14 ოქტომბერი, 2018 •
რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

“რუსთავი2” ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს, რომლებშიც, ტელეარხის ცნობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პტოკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფოს მიმართ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც “რუსთავი2”-ის ეთერით ხელისუფლებას რიგი ბრალდებები წაუყენა. ოქუაშვილი კი პირველად რ2-ის ეთერში 2 კვირის წინ გამოჩნდა.

რას ვიგებთ ჩანაწერებიდან? – დეტალები ფრაგმენტების მიხედვით

ფრაგმენტი 1

რ2-ს გავრცელებული ჩანაწერის  პირველ ფრაგმენტში, ტელეარხის ინფორმაციით, სუბელიანი ჯაფარიძესა და ცუხიშვილს მის მიერ “შესრულებულ” საქმეებზე ესაუბრება, რომელთა შორის სერგო თეთრაძის, ბესიკ ხარძიანისა და ვანოს[სავარაუდოდ, მერაბიშვილის] საქმეებს და ნავთლუღის სპეცოპერაციას ახსენებს. ის ასევე ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილზე მეტი კომპრომატი გააჩნია.

“…ვინ არ ბიჭო ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია… რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია…

თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და რუსთაველი გამოვა და “ოცნება” აღარ იქნებით დამიჯერე…” – ისმის ჩანაწერში ხმა, რომელიც, რ2-ის ცნობით, მირზა სუბელიანისაა. მოგვიანებით, იგივე ხმა ამატებს:

“მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ”.

ფრაგმენტი 2

ჩანაწერის კიდევ ერთ ფრაგმენტში, რ2-ის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი უკმაყოფილებას გამოხატავს თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის მიმართ, რომელმაც ხორავას საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ჩვენება მისცა. ტელეარხი იუწყება, რომ სუბელიანი შაყულაშვილის ჩვენებით უკმაყოფილოა, ვინაიდან ის არ ემთხვევა თავის[სუბელიანის] ჩვენებას.

სწორედ ამ დროს ახსენებს სუბელიანი საქმეებს, რომლებსაც ქალაქის პროკურატურა იძიებდა, თუმცა საბოლოოდ, მან და მისმა “შემადგენლობამ” გახსნეს, ჩვენებების მისაცემად კი ადამიანებს იტაცებდნენ და სცემდნენ. ამ კონტექსტში, სუბელიანი ნავთლუღისა და თეთრაძის საქმეებს ახსენებს.

“იმ კაცთან მიდის საუბარი რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით.

…ამხელა თემები რო კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ…ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი.”, – ამბობს პირი, რ2-ს ცნობით – სუბელიანი.

ამავე ჩანაწერში ისმის კიდევ ერთი ხმა, რომელიც რ2-ის ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძეს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ შეხვედრის შემდეგ “იმას” ყველაფერს მოუყვება, თუმცა არ ჩანს, ვის გულისხმობს ის.

“რუსთავი2”-ს მიხედვით, მირზა სუბელიანი ამავე ფრაგმენტში ყოფილ მთავარი პროკურორებზე, კბილაშვილსა და შოთაძეზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილზე საუბრობს, რომლებიც “მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ”.

 “ეს დავალებები რაც გვაქ ჩვენ შესრულებული დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა, შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო ბოლო ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?! იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?!”, – ისმის ჩანაწერში.

ამის შემდეგ საუბარს კვლავ სუბელიანი აგრძელებს, გამოთქვამს უკმაყოფილებას მის მიმართ ხელისუფლების მოპყრობაზე და ახსენებს ციხის ბუნტის საქმეს, რომელიც, მისი თქმით, ვინმე გიოსთან ერთად გახსნა, რომელიც ცოცხალი აღარაა. ასევე ახსენებს ბაჩო ახალაიას საქმეს, რომლის მოწმეებსაც “აწამებდა”.

“მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს… ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბო*ებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები…”, – ამბობს ის.

ფრაგმენტი 3

მესამე ფრაგმენტში, “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, იკვეთება, რომ სუბელიანს კონკრეტულად თბილისის ყოფილ პროკურორ მიხეილ შაყულაშვილის წინააღმდეგაც აქვს კომპრომატები. კერძოდ, მიმოწერა, მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით. აქვე ისმის ვიქტორ ჯაფარიძის(რ2-ის მტკიცებით) ხმა, რომელიც ამბობს, რომ ჩანაწერების შესახებ ვიღაცას უთხრა, თუმცა ვის – საუბარში არ ჩანს.

“ვიქტორ ჯაფარიძე – მე ვუთხარი 192 მესიჯი აქვს შაყულაშვილთქო. გადაზღვეული აქ გერმანიაშითქო.
მირზა სუბელიანი – მარტო ეს არა.
ვ – გადაზღვეული აქვს ყველას თავისი თავითქო, კაცურად იქცევა და ნუ გადავა ზღვარს ნურავინთქო რა.
მ – და გადადიან ზღვარს და…”

ფრაგმენტი 4

აღნიშნულ ეპიზოდში, რ2-ის მიხედვით, მირზა სუბელიანის საუბრიდან იკვეთება, რომ ის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩაჯდა ციხეში და წინასწარ იცის, რამდენ ხანს დაჰყოფს იქ.

“მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა”, – ამბობს ის, რის შემდეგაც საუბარში ვიქტორ ჯაფარიძე ერთვება და სუბელიანს ეუბნება, რომ “ქვაზე მაგარი” უნდა იყოს, რაზეც სუბელიანი პასუხობს:

” ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ…ნას?! “.

ამის შემდეგ სუბელიანი ჯაფარიძეს სთხოვს, გიორგი გახარიას მისი პირობები შეახსენოს, შემდეგ კი შეშფოთებას გამოთქვამს, თუ საერთოდ რატომაა პასუხისგებაში მიცემული და რომ მოსამართლეებიც კი “გაგიჟებულები არიან”, რაზეც ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს:  “გაგიჟდნენ კინაღამ[მოსამართლეები], სადაა მტკიცებულებები კაცის ჩვენების გარდაო, რას ამბობო..”

სუბელიანი ოთარ ფარცხალძესაც ახსენებს, რომელიც, მისი თქმით, “მასთან ვალშია”. ჯაფარიძის კითხვაზე, რა შუაშია ფარცხალაძე, ის პასუხობს, რომ პროკურატურას სწორედ ფარცხალაძე მართავს. ამავე ფრაგმენტში სუბელიანი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკავასაც ახსენებს. რ2-ის ცნობით, ჩანაწერიდან იკვეთება, რომ სწორედ კაკავას დაევალა საქმის ფინანსური ნაწილის მოგვარება.

ფრაგმენტი 5

მეხუთე ფრაგმენტში, “რუსთავი2”-ის ცნობით, მირზა სუბელიანი, საუბრობს ეპიზოდზე, რომელშიც ბავშვების “მოპარვა” და ცემა ფიგურირებს.

“ღამე წაიყვანეს, რაზე მაქ ზაზაზე აკრეფილი, მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს, უძინართა მზეში ხდება და ერთად ერთი ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს ნაცებმა და ჩემ ოჯახს გაუკეთეს”, – ისმის ჩანაწერში.

ამ ფრაგმენტში არ კონკრეტდება, ეხება თუ არა საქმე ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე მოზარდებს, თუმცა შემდგომ ფრაგმენტში სუბელიანი მიხეილ კალანდიაზე საუბრისას კვლავ ახსენებს ცემის შემთხვევას:

“კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ დიდადაც უნდათ დაიჭირონ მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს”.

“რუსთავი2”-ის ცნობით, მირზა სუბელიანი ერთ-ერთ მომენტში ამბობს, რომ მას ე.წ. “ავტომატჩიკები” არ აკლია და სხვა რამის კადრებაც შეუძლია.

ფრაგმენტი 6

ბოლო ეპიზოდში მირზა სუბელიანი კვლავ ახსენებს თანამდებობის პირებს, ამჯერად, სოზარ სუბარსა და არჩილ თალაკვაძეს. ის ამბობს, რომ საქმეში, თავდაპირველად, სუბარიც იყო ჩართული, თუმცა შემდგომ პროცესებს ჩამოშორდა; ასევე პრეტენზიას გამოთქვამს არჩილ თალაკვაძის მიმართ, რომლის ძმასაც წარსულში დაეხმარა, ის კი მის სასარგებლოდ არაფერს ამბობს.

გამოხმაურება ჩანაწერებზე

“რუსთავი2”-ის გადაცემა P.S-ს დაწყებამდე, რომელშიც ჩანაწერები გავიდა, განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.

“ნეტგაზეთი” შეეცადა საუბრის სავარაუდო მონაწილესთან, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებას. პიროვნებამ, რომელმაც ზარს უპასუხა, გვითხრა, რომ დეპუტატს საუბარი ხვალ შეეძლება.

ვინ არის მირზა სუბელიანი?

მირზა სუბელიანი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტსი ერთ-ერთი მონაწილის ახლობელია.

ის მიმდინარე წლის 9 ივნისს დააკავეს, 10 ივნისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სუბელიანს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

გამოძიების მიხედვით,  2017 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

მირზა სუბელიანი ბრალს სრულად აღიარებს.

რა მოხდა ხორავას ქუჩაზე?

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

ვრცლად ხორავას ქუჩის საქმეზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი