ახალი ამბები

სერგეენკოს მანდატის შესაძლო გაუქმებას უმრავლესობაში არასაპატიო გაცდენებს უკავშირებენ

12 ივლისი, 2023 • 843
სერგეენკოს მანდატის შესაძლო გაუქმებას უმრავლესობაში არასაპატიო გაცდენებს უკავშირებენ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატ დავით სერგეენკოს უფლებამოსილების დროზე ადრე შეჩერების საკითხის დაყენება გამოწვეულია მის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენით.

„როგორც ვიცი, [არასაპატიო მიზეზით სხდომების] გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მმართველი პარტია „მეგობრულ კონსულტაციებს“ ჩაატარებს სერგეენკოსთან, ხოლო გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სურს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება.

კობახიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ სერგეენკოს მიერ საკანონმდებლო ორგანოს შესაძლო დატოვებას „არაფერს არ უკავშირებს“.

მანამდე, გაცდენების გამო სერგეენკოს მანდატის შესაძლო შეწყვეტაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.


როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 14 ივლისს, 12:00 საათზე უნდა იმსჯელოს სერგეენკოსთვის მანდატის ვადაზე ადრე შეჩერებაზე.

სერგეენკო იყო ერთ-ერთი „ოცნების“ იმ დეპუტატთა შორის, ვინც არ დაუჭირა მხარი „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას. მის გარდა, კანონს არ დაუჭირა მხარი რამდენიმე სხვა დეპუტატმა – ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გიორგი ხელაშვილმა და ირაკლი კოვზანაძემ. მალევე, სამივემ მანდატი დატოვა. ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად აგრძელებს მუშაობას, ხოლო ჩაჩიბაია – პრემიერის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი