ახალი ამბები

ციხის თანამშრომელს დაემუქრნენ და ჩანაწერის გავრცელება მოსთხოვეს – პროკურატურა

15 ოქტომბერი, 2018 • 3198
ციხის თანამშრომელს დაემუქრნენ და ჩანაწერის გავრცელება მოსთხოვეს – პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ციხეში მყოფ მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელება უცნობმა პირმა შანტაჟისა და მუქარის გზით მოსთხოვა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ ი.პ-ს, რის შემდეგაც ი.პ-მ პროკურატურას მიმართა და გამოძიება დაიწყო ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს, სანამ ამ ჩანაწერებს რუსთავი 2 გაავრცელებდა.

პროკურატურის ვერსიით, უცნობი პირი დაემუქრა ციხის თანამშრომელ ი.პ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროებით და მისგან მოითხოვა მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის გასაჯაროება. როგორც პროკურატურა ამბობს, თუ ციხეში გაკეთებულ ჩანაწერს ციხის თანამშრომელი გაავრცელებდა, ამით ამ ჩანაწერებს მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა. თუმცა, თუ ვინ, როდის და როგორ მოახერხა ციხეში გამართული შეხვედრის ფარული აუდიოჩაწერა, პროკურატურას ჯერ არ აქვს დადგენილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ი.პ-ისგან ამოიღეს მისთვის უცნობი პირის მიერ გადაცემული მეხსიერების ბარათი, რომელზეც, სხვა ჩანაწერებთან ერთად, აღმოჩნდა რუსთავი 2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერი.

გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს  სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, “გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით”.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  გაავრცელა ფარული ჩანაწერები. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი