ახალი ამბები

დუმბაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს, სერგეენკოს – არა

5 სექტემბერი, 2023 • 2740
დუმბაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს, სერგეენკოს – არა

„ქართულმა ოცნებამ“ ქეთევან დუმბაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, დავით სერგეენკოს კი არა.

კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 5 სექტემბერს, გაიმართა.

კერძოდ, სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტას მხარი 2-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 12 მისცა ხმა. რაც შეეხება დუმბაძეს, მისთვის უფლებამოსულების შეწყვეტას ხმა 68 დეპუტატმა მისცხა, 1 კი წინააღმდეგ იყო.

ქეთევან დუმბაძე პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა და ერთ-ერთი იმ დეპუტატთა შორის, რომელიც მხარს უჭერდა რუსულ კანონპროექტს ე.წ. აგენტების შესახებ. დუმაძე 4 სექტემბრიდან საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელი გახდა, რის გამოც მას დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწია.

დავით სერგეენკო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო საბურთალოს ოლქიდან. სერგეენკო ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც გააზრებულად არ დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს. რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა მასობრივი აქციები, რომელიც ხელისუფლებამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, შემდგომ კი კანონპროექტი უკან გაიწვია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხა კომიტეტის თანახმად, სერგეენკომ საგაზაფხულო სესიის 32 სხდომიდან 25 სხდომა გააცდინა. ამიტომ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა და საკითხი საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი