ახალი ამბები

ომბუდსმენი სუბელიანის ჩანაწერზე: გამოძიებამ ამ საქმეზე კითხვები არ უნდა დატოვოს

15 ოქტომბერი, 2018 • 1978
ომბუდსმენი სუბელიანის ჩანაწერზე: გამოძიებამ ამ საქმეზე კითხვები არ უნდა დატოვოს

სახალხო დამცველის თქმით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებული, მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ჩანაწერებით იკვეთება, რომ პროკურატურაში გარკვეული არაფორმალური გავლენები მოქმედებს.

ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, ჩანაწერში გახმიანებულ საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გამოძიება იმგვარად წარმართოს, რომ მათზე კითხვის ნიშნები არ დარჩეს:

“ამ ჩანაწერებიდან, ალბათ, რაც ჩანს, არის ის, რომ ის [მირზა სუბელიანი] საუბრობს იმაზე, რომ ნამდვილად, პროკურატურაში არის გარკვეული არაფორმალური გავლენები და ასევე ახსენებს გარკვეულ დაინტერესებებს და კონკრეტული პირების ჩართულობას კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების გარშემო.

ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით ახსენებს წამებას. ეს არის ის შემთხვევა, რაც ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს, ეს საქმეები გამოიძიონ იმდაგვარად, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს”, – ამბობს ომბუდსმენი კურიერთან .

სახალხო დამცველის თქმით, ჩანაწერებით თავად სუბელიანის უფლებების დარღვევაც იკვეთება და სახალხო დამცველის აპარატი, მისი სურვილის შემთხვევაში, მზადაა, სუბელიანს დაეხმაროს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აუდიოჩანაწერში მძიმე დანაშაულებებზეა საუბარი, ლომჯარიამ არ იცის, რამდენად ექნება სუბელიანს ომბუდსმენთან თანამშრომლობის სურვილი:

“მისი უფლებები არის დარღვეული იმიტომ, რომ რეალურად, მისი კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა ამ შემთხვევაში და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, თუკი მას ექნება სურვილი, მოგვაწოდოს დამატებითი ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ, თუნდაც ჩაწერასთან თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ჩანაწერში არის საუბარი ისეთ ფაქტებზე, რაც მის წინააღმდეგ მეტყველებს ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე. ამიტომ, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება, რამდენად ექნება სურვილი მას ჩვენთან თანამშრომლობის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა”  გაავრცელა ფარული ჩანაწერები. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი