ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ამალ კლუნი ხადიჯა ისმაილოვას საქმით დაინტერესების მიზეზებზე საუბრობს

27 აპრილი, 2016 • 1681
ამალ კლუნი ხადიჯა ისმაილოვას საქმით დაინტერესების მიზეზებზე საუბრობს

ადამიანის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა ამალ კლუნიმ BBC-სთან ინტერვიუს დროს იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას საქმით დაინტერესდა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი ინტერესების დაცვის ინიციატივით გამოვიდა.

“გასული წლების მანძილზე სასამართლოში სხვადასხვა ჟურნალისტის ინტერესები დამიცავს, ამის გამო ბევრ ამბავს გავეცანი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, რომელშიც ჟურნალისტები მონაწილეობენ, და ხადიჯას ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. იგი ძალიან მამაცი და შთამაგონებელია, ახალგაზრდა, 39 წლის ქალია, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სადაც ძალიან კარგადაა ცნობილი იმ შედეგების შესახებ, რომელიც რეპორტიორად მუშაობას მოჰყვება. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ, ქვეყნისა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრია, იგი ციხეში ჩასვა იმის გამო, რომ არ სურდათ სიმართლე დაეწერა, ძალიან გამაბრაზა და ვიფიქრე, რომ შემეძლო მას დავხმარებოდი”- ამბობს კლუნი.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატირების ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნი 2016 წლის იანვარში გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივის შემდეგ ამალ კლუნი აზერბაიჯანის მედიის თავდასხმის ობიექტი გახდა.

ისმაილოვა რადიო თავისუფალი ევროპის გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელსაც 2015 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მან ეს გადაწყვეტილება სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრა. სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში 8 სექტემბერს მიიღო და ოთხი თვე მისცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას იმისთვის, რომ ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე სასამართლოს კითხვებისთვის ეპასუხა.  სასამართლო ოფიციალური ბაქოს პასუხს 2016 წლის 15 იანვრამდე ელოდებოდა. 14 მარტს სტრასბურგში პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა.

ამალ კლუნი ლონდონში მცხოვრები ცნობილი ადვოკატი, აქტივისტი და მწერალია. ის სპეციალიზირებულია საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებების სფეროებში. მისი კლიენტების სიაში შედიან ვიკილიქსის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი