ახალი ამბებიკომენტარი

ომბუდსმენი: გამოსარკვევია თსუ-ში პოლიციისა და დაცვის მიერ მოვალეობის ჯეროვნად შესრულების საკითხი

15 მარტი, 2016 • 1442
ომბუდსმენი: გამოსარკვევია თსუ-ში პოლიციისა და დაცვის მიერ მოვალეობის ჯეროვნად შესრულების საკითხი

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“2016 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში და გვიან ღამით აკვირდებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ორ აქციასა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, ხოლო პოლიციამ და თსუ–ს დაცვის სამსახურმა ვერ მოახერხეს, ერთი მხრივ, ამ ფაქტების თავიდან არიდება და, მეორე მხრივ, მათზე ეფექტური რეაგირება.

14 მარტს უნივერსიტეტის I კორპუსის შენობაში დაფიქსირდა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 3 შემთხვევა. ჟურნალისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედებების ჩამდენი პირები თსუ–ს თვითმმართველობის მომხრე სტუდენტები იყვნენ. კერძოდ, „ლიბერალის“ ჟურნალიტს სოფო გოგიშვილს თვითმმართველობის აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ყელში ხელი წაუჭირა და მისი ძირს დაგდება სცადა, წაართვა ტელეფონი და მოპოვებული ჟურნალისტური მასალა წაუშალა. ტელეფონი მას მოგვიანებით დაუბრუნეს. „ლიბერალის“ მეორე ჟურნალისტს მამუკა მგალობლიშვილს კამერა ძირს დააგდებინეს, რამაც ის დააზიანა. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს წაართვეს ტელეფონი, რომლითაც განვითარებულ მოვლენებს იღებდა, დაცვის სამსახურის თანამშრომელი კი მას ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდებდა. ჟურნალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დაცვის სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, მათ არ მიიღეს ეფექტური ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და მათ აღსაკვეთად.

ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი ჰქონდა იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეორე კორპუსიდან გამომავალი გვირაბის მეშვეობით, ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, მათ შორის ნიღბიანი პირები შემოვიდნენ, რამაც პროცესებში გარკვეული არეულობა შემოიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუერთდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა ერთი სტუდენტის, დ.ხ.–ს ცემის შესახებაც. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის შენობაში შესვლა შეზღუდული იყო. შესაბამისად, დასადგენია, როგორ მოხვდა ახალგაზრდების ზემოაღნიშნული ჯგუფი შენობაში და ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული შესასვლელის კონტროლზე.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში გუშინდელი აქციის არაერთი მონაწილე მიუთითებდა პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობასა და არაეფექტურ საქმიანობაზე. პარალელურ რეჟიმში ორი კონტრაქციის მიმდინარეობა პოლიციისაგან განსაკუთრებულ მობილიზებასა და ყურადღებას მოითხოვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია პოლიციელების მხრიდან სათანადო ვერბალური კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან, მათთვის ცალკეული საკითხების განმარტებისა და სიტუაციის შემდგომი დაძაბვის თავიდან ასაცილებლად სწორი გზავნილების მიწოდების მიზნით. აუცილებელია, რომ როგორც პოლიციამ, ასევე თსუ–ს დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს თანაბარი მიდგომა ორივე აქციის მონაწილეთა მიმართ, მათ შორის შენობაში შესვლისა და გადაადგილების კუთხით. შენობაში შესვლის შეზღუდვა კი დასაბუთებული და პროპორციული ღონისძიება უნდა იყოს და არ უნდა გამოიწვიოს თავად შეკრების თავისუფლების შეზღუდვა.

ძალადობის შემთხვევებში აუცილებელია ასეთ ფაქტებზე დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება და მოძალადეთა სათანადოდ დასჯა. მივმართავ შესაბამის უწყებებს, ამ მიზნით მიიღონ სათანადო ზომები. გამოძიების ფარგლებში გამოსარკვევია პოლიციელთა და თსუ–ს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საკითხი. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობისაგან და არ დაუშვან მისი პროვოცირება.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღეა გამოხატავენ პროტესტს, აყენებენ სისტემური ცვლილებების განხორციელების მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხებით უნდა დაინტერესდნენ სათანადო უწყებები და კომპეტენციის შესაბამისად გადადგან შემხვედრი ნაბიჯები.

„როგორც სახალხო დამცველი, გამოვხატავ პირად დაინტერესებას უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ვგეგმავ გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ მიმართულებით არსებული ვითარების კანონიერების შესასწავლად. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამ ჩავერთო უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესში, რათა გამოირიცხოს არასამართლიანი თუ უთანასწორო მიდგომა სტუდენტებს შორის და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისათვის საზიანო ვითარების არსებობა.“

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პროცესზე დაკვირვებას განაგრძობს,”- აცხადებს სახალხო დამცველი


მოვლენების მოკლე  ქრონოლოგია

07.03.2016 –  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 2 ამბავი გააპროტესტეს: 1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  24 600 ლარის დახარჯვა და თსუ-ს აკადემიურის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლმადე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა. მათი თქმით, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

09.03.2016 თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავა განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. “ოდეერის ინსტიტუტი”, რაც სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა უარყო.

10.03.2016თსუ-ს კანცლერის არჩევნები სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა. სტუდენტებს უნივერისტეტის სენატის სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება აუდიტორიამდე მისულიყვნენ. საბოლოოდ, თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს პირველი კორპუსში გაათენეს.

11.03.2016ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.

11.03.2016  თსუ-ში სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად რესპუბლიკური დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროცესის პოლიტიზირება არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.

11.03. 2016 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოეხსნა.  სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებდა.

12.03.2016აუდიტორია #115-ში შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება, საპროტესტო აქციებიგაგრძელდებოდა. ისინი ე.წ. ოდეერის საქმის გამოძიებას, გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას კანცლერის არჩევნებიდან და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის რეორგანიზებას მოითხოვდნენ.

13.03.2016 თსუ-ს გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო. სტუდენების აქცია 13 მარტსაც გაიმართა. სტუდენტების ნაწილმა ღამე კვლავ უნივერსიტეტში გაათია.

14.03.2016თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქციები პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა.  თვითმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს. აქცია საღამოს რექტორის კაბინეტთან გაგრძელდა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “გადადექი”, ხოლო სხვა სტუდენტები “არ გადადგე”.  კაბინეტი საღამოს დატოვა რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ არ გადადგება.

იმავე საღამოს თვითმართველობის აქციის მონაწილეებმა ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. მანამდე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში გაურკვეველი პირები შევიდნენ, რომლებსაც სახე ნაწილობრივ ჰქონდათ დაფარული და თვითმმართველობის აქციის მონაწილეებთან იდგნენ. მათგან რამდენიმემ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა.

პოლიციამ უნივერსიტეტის კარი ჩაკეტა და გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა შესვლა ვეღარ მოახერხეს, ნაწილმა კი ღამე კვლავ თსუ-ს შენობაში გაათენა.

14.03.2015 გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობის არჩევნებიდან მისი კანდიდატურა მოხსნა.

15.03.2016 -თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. პროფესორ დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა. საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტში შეუძლებელი და ამ სივრცეში დარჩებიან, სანამ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის წინ სტუდენტების მხარდამჭერების დამონტაჟებული პლაკატები გამოაკრეს და შიმშილობის აქცია დაანონსეს.

15.03.2016 ლადო პაპავასა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში დარჩებიან და შიმშილობას გააგრძელებენ. პაპავამ კვლავ განაცხადა, რომ არ გადადგება.  ხოლო აუდიტორია #115 სტუდენტურ თვითმმართველობის გარდა  თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლაცმოითხოვა.

15.03.2015 პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა  სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება უნივერსიტეტში და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები. პრემიერმა ასევე განაცხადა,  რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების მშვიდ ვითარებაში ჩატარება, ამიტომაც  მოუწოდა განათლების მინისტს, რომ შეხვდეს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. პრემიერის განცხადების შემდეგ ეს შეხვედრა დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი