ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია.
ვრცელ დოკუმენტში პუნქტობრივადაა მიმოხილული როგორც საქართველოს კონტექსტი, ასევე კანონპროექტი და მისი სუსტი მხარეები. დასკვნის სახით კი ნათქვამია, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.
ეს პირველი დასკვნა არ არის, რომელიც ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მიუძღვნა. მანამდე, აპრილში, გამოქვეყნდა ასევე შუალედური მოსაზრებაც, რომლის შემდეგად პარლამენტმა პირველად კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა და ხელახლა გაუგზავნა კომისიას.
განახლებულ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისია ინარჩუნებს კრიტიკულ პოზიციას. შეფასების დოკუმენტში, რომელიც 12 ივნისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ამჟამინდელი კანონპროექტი ვერ განიხილება, როგორც ოლიგარქიზაციის პრობლემის დემოკრატიული გადაწყვეტა და ის არაეფექტური იქნება.
ამ თვალსაზრისით ვენეციის კომისია კვლავ საუბრობს, რომ დოკუმენტში გამოკვეთილია პერსონალური მიდგომები და არ ჩანს, როგორ აღმოფხვრის კანონპროექტი ოლიგარქიულ ზეგავლენებს არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ სრულად.
„ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ ცვლილებები გამოასწორებს იმ დაპირისპირებებს, რომელიც კანონპროექტს აქვს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. ვენეციის კომისია ასკვნის, რომ აღნიშნული კანონპროექტი [ქვეყანამ] არ უნდა მიიღოს, სანაცვლოდ კი უნდა შემუშავდეს პრობლემის აღმოფხვრის სისტემური მიდგომა.“
შესაბამისად, კომისია მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი, ხოლო ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სახელმწიფო უწყებებს ისეთი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს, როგორიცაა, მაგალითად, არსებული სისტემური გამოწვევების სრულფასოვანი ანალიზი.
ამასთანვე, მოუწოდებს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შემუშავებისკენ, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრას. მრავალს შორის ვენეციის კომისიამ დაასახელა – კორუფციასთან ბრძოლის გაუმჯობესება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება; მედიაპლურალიზმისა და მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობა; „ფულის გათეთრების“ წინააღმდეგ არსებული პოლიტიკის გაუმჯობესება და სხვა.
ვენეციის კომისიის შეფასებით, იმისთვის, რომ ზემოხსენებულმა სისტემამ გამართულად იმუშაოს, საჭიროა სასამართლო სისტემის სრულფასოვანი რეფორმა – მისი დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
სრულად დოკუმენტი იხილეთ აქ.
ვენეციის კომისიამ 14 მარტს გამოაქვეყნა შუალედური მოსაზრება „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა. “ქართული ოცნების” განცხადებით, კანონპროექტი უკრაინაში მომზადებული დოკუმენტის ანალოგია.
ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.
ვენეციის კომისიის მოსაზრების საპასუხოდ კანონპროექტში ქართველმა დეპუტატებმა გარკვეული ცვლილებები განახორციელეს.
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შედის