ახალი ამბები

პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო

20 თებერვალი, 2024 • 557
პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 20 თებერვალს, გაიმართა.

ცვლილებები ითვალისწინებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდა – ერთი არჩეული იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან, მეორე კი – ცესკოს პროფესიული წევრებიდან.

ოპოზიციის კვოტით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა „ლელოს“ წევრ გიორგი სიორიძეს ეკავა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს ერთპარტიული ცესკოს დაკანონებად აფასებს.

ამას გარდა, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. ახალი წესით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი, 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერც 76 ხმას მიიღებენ, მაშინ საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პრეზიდენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და ის ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძალაში დარჩა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები ისე მიიღო, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. კომისია რეკომენდაციას უწევდა ცვლილებების პროექტის ისე შეცვლას, რომ უზრუნველყოფილიყო კონსენსუსი ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე. ეს შეიძლება ყოფილიყო თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-ის მოთხოვნა და, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც კვალიფიციურ უმრავლესობას ანიჭებდა უპირატესობას, ვიდრე მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას.

ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, კანონპროექტიდან ამოღებულიყო დებულება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიიდან არჩეული ცესკოს წევრებიდან თავმჯდომარის მოადგილე არ შეირჩევა.


„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ შეცვალა. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შეთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეჯერ შეცვალა ეს წესი და 2023 წლის ივნისში მიღებული ბოლო ცვლილებების მიხედვით,  ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხვასაც უშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი