ახალი ამბები

PACE-ის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას რუსული კანონის შესწავლა სთხოვა

16 აპრილი, 2024 • 474
PACE-ის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას რუსული კანონის შესწავლა სთხოვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას რუსული კანონის შესახებ მოსაზრების მომზადება სთხოვა. ამ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსული კანონით დაინტერესების მიზანი “ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენაა”.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ინფორმაციით, საქართველოში რუსული კანონის ხელახლა ინიცირება გააკრიტიკეს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ.

“ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან”, – ვკითხულობთ თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ინფორმაციით, რუსოპულოსმა, იმავე ვე მოტივით სხთოვა ვენეციის კომისიას “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ჰომოფობიური კანონის მიღებისა და გენდერული კვოტების გაუქმების საკითხის შესწავლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე რუსული კანონის შესახებ დასკვნა მოამზადა ეუთო/ოდირმაც. დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი, რატომ არ ჰგავს “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტი ამერიკულს და ავსტრალიურს.

აღნიშნული დოკუმენტს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:

“ქართულმა ოცნებამ” ერთი წლის წინ დადებული პირობა დაარღვია და რუსული კანონი, რომელიც შარშან, ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, მეორე მოსმენაზე ჩააგდეს, წელს ხელახლა დააინიციირა. დღეს, 16 აპრილს ეს კანონს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება. პარალელურად, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ პარლამენტთან უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. აქცია დაგეგმილია დღესაც – 16 აპრილს, 19:00 საათზე.

“ქართულმა ოცნებამ” ჰომოფობიური კანონპროექტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” მოტივით მიმდინარე წლის მარტში წარადგინა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არ გამორიცხა, რომ პრაიდის ჩატარებაც აიკრძალოს. მისი თქმით, თუ ოპოზიცია ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერს მხარს, ისინი ამ ნორმებს სხვადასხვა კანონში მაინც ასახავენ. კითხვაზე, კონსტიტუციურ ცვლილებებს იმიტომ ხომ არ აინიციირებენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გარეშე კანონებში ცვლილებების შეტანა არაკონსტიტუციური იქნება, მდინარაძე პასუხობს, რომ არაკონსტიტუციურ ცვლილებებს არ მიიღებენ.

რაც შეეხება გენდერულ კვოტებს, ის მმართველმა პარტიამ “გირჩთან” თანამშრომლობით დაჩქარებული წესით განიხილა და ინიციირებიდან 4 დღეში, 4 აპრილს გააუქმა.  კვოტირება გულისხმობდა პარტიულ სიაში მინიმუმ ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის კანდიდატის ჩასმას. ეს კანონი 2020 წელს “ქართული ოცნების” მხარდაჭერით დამტკიცდა და მიზნად ისახავდა საკანონმდებლო ორგანოსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის ზრდას.

მასალების გადაბეჭდვის წესი