ახალი ამბები

პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას “დეოლიგარქიზაციის” განახლებული კანონპროექტი გაუგზავნა

14 აპრილი, 2023 • 1676
პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას “დეოლიგარქიზაციის” განახლებული კანონპროექტი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას სთხოვ,ს “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე მოსაზრება დაჩქარებულ ვადებში შეიმუშაონ.

12 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ვენეციის კომისიის დასკვნის გამო მეორე მოსმენაზე დაბრუნებულ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის პაპუაშვილი სწორედ ამ სიახლის შესახებ ატყობინებს და წერილს უგზავნის.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა.

ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს.

მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება.

აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშაოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე”, – ნათქვამია პაპუაშვილის წერილში ვენეციის კომისიის პრეზიდენტისადმი.

ვენეციის კომისიამ 14 მარტს გამოაქვეყნა შუალედური მოსაზრება “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა. “ქართული ოცნების” განცხადებით, კანონპროექტი უკრაინაში მომზადებული დოკუმენტის ანალოგია.

ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

ვენეციის კომისიის მოსაზრების საპასუხოდ კანონპროექტში ქართველმა დეპუტატებმა გარკვეული ცვლილებები განახორციელეს.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შედის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი