„ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია სამართლებრივი არგუმენტებისგან დაცლილია და, შესაბამისად, მმართველი გუნდი მას არ გაითვალისწინებს.
ამის შესახებ მიქანაძემ დღეს, 9 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.
„როდესაც დეკემბერში მოგვივიდა ვენეციის კომისიის დასკვნა, პირდაპირ ვნახეთ, რომ ეს დასკვნა აბსოლუტურად დაცლილი იყო ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციისგან. აბსოლუტურად არაფერი არ წერია ამ დასკვნაში, გარდა იმისა, რომ პირდაპირი მითითებაა, არგუმენტაციის გარეშე დაუბრუნდით იმ მოდელს, რომელიც, ფაქტობრივად, 6-თვიან რეჟიმში აგარჩევინებთ ადამიანს“, —განაცხადა გივი მიქანაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ შეცვალა. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შეთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეჯერ შეცვალა ეს წესი და 2023 წლის ივნისში მიღებული ბოლო ცვლილებების მიხედვით, ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხვასაც უშვებს.
მმართველი გუნდის მიერ ცვლილებების მიღება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ისევ გიორგი კალანდარიშვილი იკავებს.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცესკოსთან დაკავშირებით ბოლოს მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტოც დაადო, თუმცა ის საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია.
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესში მორიგი ცვლილებები 2023 წლის სექტემბერში წარადგინა, რომელიც შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გააგზავნა.
კერძოდ, მმართველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერც 76 ხმას მიიღებენ, მაშინ საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პრეზიდენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და ის ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.
თუმცა ძალაში რჩება „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, კომისია რეკომენდაციას უწევს ცვლილებების პროექტის ისე შეცვლას, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსი ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება გულისხმობდეს თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-ის მოთხოვნას და, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც კვალიფიციურ უმრავლესობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას მიმართავდეს.