საზოგადოება

ერდოღანის უმრავლესობა პარლამენტში და მეორე ტური – რა ვიცით

15 მაისი, 2023 • 1476
ერდოღანის უმრავლესობა პარლამენტში და მეორე ტური – რა ვიცით

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი შედეგებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობას, პარალელური დათვლის შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია და მისი მოკავშირეები კრავენ.

თურქეთის “ცესკოს” თანახმად, საპრეზიდენტო კენჭისყრაში ერდოღანმა 49.49% დააგროვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაორღლუმ კი — 44.79%. უწყების ბოლო ინფორმაციით, დათვლილია ხმათა 91.93%.

საარჩევნო საბჭოს ამ მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, რადგან ვერც ერთი კანდიდატი აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რომელიც პირველივე ტურში გასამარჯვებლადაა საჭირო.

საბოლოო შედეგი “ცესკოს”, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია.

პარალელური დათვლების მიხედვით, მესამე კანდიდატს, ულტრანაციონალისტ სინან ოღანს, ხმათა 5%-ზე მეტი აქვს. მისმა გადაწყვეტილებამ, თუ რომელი კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს თავის ამომრჩევლებს მეორე ტურში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს შედეგზე.

ოღანი აცხადებს, რომ ჰკითხავს თავის მოკავშირეებსა და ამომრჩეველს, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცეს.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც, საპრეზიდენტო კენჭისყრის მსგავსად, 14 მაისს ჩატარდა: პარალელური დათვლის შედეგებით, 600-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში სახელისუფლებო ალიანსი უმრავლესობას კრავს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” თანახმად, “სახალხო ალიანსს”, რომელშიც ერდოღანის “სამართლიანობის და განვითარების პარტიასთან”(AKP) ერთად მისი ნაციონალისტი და ისლამისტი პარტნიორები შედიან, ჯამში, 49.32% აქვს.

ცალკე აღებულ AKP-ს, ამ მონაცემებით, 35.44% აქვს, რაც მმართველი პარტიის ყველაზე ცუდი შედეგია 2002 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ის პირველად შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. მაშინ მან 34.28% მიიღო, თუმცა მომდევნო წლებში არასდროს ჩამოსცდენია 40%-ს.

თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ ერდოღანის პარტია 266 მანდატს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა, 2018 წლის არჩევნებთან შედარებით, ის 28 მანდატს კარგავს. თუმცა, მისი მოკავშირე 3 პარტია, ჯამში, 55 მანდატს იღებს და ერდოღანიც საპარლამენტო უმრავლესობას კრავს 322 მანდატით.

მთავარი ოპოზიციური ერთობა, “ეროვნული ალიანსი”, სააგენტოს თანახმად, ხმათა 35.17%-ს აგროვებს და 213 დეპუტატი შეჰყავს საკანონმდებლო ორგანოში, კიდევ ერთი ოპოზიციური კოალიცია “შრომისა და თავისუფლების ალიანსი” კი მესამე ადგილზეა 10.52%-ით და 66 მანდატი აქვს.

პროცენტულად დაახლოებით მსგავსია კერძო საინფორმაციო სააგენტოს, “ანქას” პარალელური დათვლის შედეგები. საპარლამენტო კენჭისყრის ოფიციალური შედეგი საარჩევნო საბჭოს, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია.

გასულ ღამეს საზოგადოებას მიმართეს როგორც ერდოღანმა, ისე ქილიჩდაროღლუმ. ორივე კანდიდატი ამბობს, რომ მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში, გაიმარჯვებენ.

20 წელია, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთს მართავს. რიგი ფაქტორების, მათ შორის, ქვეყანაში გამწვავებული ეკონომიკური პრობლემებისა და ოპოზიციის ერთიანობის ფონზე, 14 მაისის არჩევნები ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში.

თუ ოფიციალურად დადასტურდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში 28 მაისს უნდა ჩატარდეს.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი