საზოგადოება

თურქეთი: რა სტრატეგიით ცდილობს ოპოზიცია ერდოღანის დამარცხებას

27 აპრილი, 2023 •
თურქეთი: რა სტრატეგიით ცდილობს ოპოზიცია ერდოღანის დამარცხებას

3 კვირაზე ნაკლები რჩება თურქეთის ისტორიულ არჩევნებამდე, რომელმაც, შესაძლოა, დაასრულოს ან უფრო გაახანგრძლივოს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა. ოპოზიციის იმედი, რომ პირველი სცენარი აღსრულდება, პრაქტიკულად არასდროს ყოფილა ისეთი რეალისტური, როგორიც ახლაა.

თურქეთში მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეულ უკმაყოფილებას თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრაც დაემატა, რომელზე რეაგირების ხარისხისა და კორუფციის გამოც ხელისუფლება მრავალგზის გააკრიტიკეს. მეორე მხრივ, 6 ოპოზიციური პარტიის ალიანსი, რომელსაც საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, მეტად საყურადღებოა ერთიანობის მასშტაბით.

“[არჩევნების] შედეგები განსაზღვრავს: ექნება თურქეთს შესაძლებლობა, დაბრუნდეს დემოკრატიული ქვეყნების რიგებში თუ უფრო მეტად გადავიდეს მმართველობის ავტოკრატიულ სტილში”, — წერენ თურქი ანალიტიკოსები ქემალ ქირიშჯი და ბერქ ესენი, თუმცა, მათივე შეფასებით, ოპოზიციის გამარჯვება შორსაა გარანტირებულობისგან.

მიუხედავად ერდოღანის პრობლემებისა, ოპოზიციას არაერთი გამოწვევა ელის სასახლიდან ძლევამოსილი პრეზიდენტის გამოყვანის გზაზე.

ერთიანობა ერდოღანის კონკურენტის გარშემო

14 მაისს თურქეთში იმართება როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები.

ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი იდეოლოგიურად განსხვავებული 6 ოპოზიციური პარტიის ერთიანობაა “ეროვნულ ალიანსში”, რომელსაც “ექვსთა მაგიდასაც” უწოდებენ. მასში შედიან როგორც სოციალ-დემოკრატები, ისე ნაციონალისტები და ისლამისტები.

“ექვსთა მაგიდის” ნაწილია მემარცხენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური სახალხო პარტია”(CHP), რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიაა თურქეთში. ალიანსში სიდიდით მეორე ძალას მემარჯვენე-ნაციონალისტური “კარგი პარტია”(IYI) წარმოადგენს.

დანარჩენი ოთხიდან (შედარებით მცირე პარტიები, რომლებიც ასევე შეუერთდნენ ალიანსს) ორი მათგანი დააფუძნეს ერდოღანის ყოფილმა თანაგუნდელებმა — ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ალი ბაბაჯანმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ.

“ეროვნული ალიანსის” ლიდერები. ფოტო: Reuters

“ექვსთა მაგიდას” საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს CHP-ს ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს სახით. კიდევ ერთმა, მემარცხენე ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელიც თურქეთის პარლამენტში სიდიდით მესამე, პრო-ქურთული “ხალხთა დემოკრატიული პარტიის”(HDP) გარშემო შეიკრიბა, ასევე ქილიჩდაროღლუს დაუჭირა მხარი და საპრეზიდენტო კანდიდატის დაყენებაზე უარი თქვა.

იდეოლოგიურად განსხვავებულ ოპოზიციურ ძალებს მთავარი მიზანი აერთიანებთ — ერდოღანის ჩამოშორება ხელისუფლებიდან.

თავად მოქმედი პრეზიდენტის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას”(AKP) 3 პარტნიორი ჰყავს. თავის პარტნიორთან, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიასთან”(MHP) დიდი ხნის თანამშრომლობის შემდეგ, ერდოღანის AKP-მ  კიდევ ორი პატარა პარტია დაიმატა ალიანსში. ორივე ისლამისტურია.

ერდოღანის თავის ტკივილი: არამხოლოდ ერთიანი ოპოზიცია

წლების განმავლობაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი პარტია მნიშვნელოვანი სირთულეების გარეშე ინარჩუნებდა ხელისუფლებას. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა თითქმის 10 მილიონი ხმის სხვაობით დაამარცხა მთავარი კონკურენტი CHP-დან, მუჰარემ ინჯე.

თუმცა უკანასკნელ 5 წელიწადში თურქეთში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც პოტენციურად არყევს ამ მოცემულობას:

თურქეთის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ხარჯების კუთხით ყველაზე მწვავე კრიზისის წინაშეა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მარტში ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 50.5%-მდე ჩამოვიდა, თუმცა ოქტომბერში 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და 85.5%-ს მიაღწია.

სწორედ იმ წელს, როცა ერდოღანი ხელახლა აირჩიეს, გამწვავდა თურქული ვალუტის კრიზისიც, მიმდინარე წლის მარტში კი ლირამ ახალი ანტირეკორდი მოხსნა: $1-ის ღირებულება თითქმის 19 ლირა გახდა. ზოგიერთი მიუთითებს, რომ საყოფაცხოვრებო კრიზისი განსაკუთრებით აისახა სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთაგანაც, როგორც წესი,  მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ერდოღანს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის მხარდამჭერებს ესალმება. ფოტო: AA

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისზე პანდემიამ და უკრაინაში ომმაც იმოქმედა, არაერთი ადანაშაულებს უშუალოდ ერდოღანს: იმ ფონზე, როცა რიგმა ქვეყნებმა ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდეს, თურქეთის პრეზიდენტი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯს და საპირისპიროსკენ უბიძგებდა ცენტრალურ ბანკს.

კრიზისის თანმდევი უკმაყოფილების დაშოშმინებას ერდოღანი მინიმალური ხელფასისა და პენსიების გაზრდით,  საჯარო მოხელეთა ხელფასების გაზრდით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირებითა და სხვა ნაბიჯებით შეეცადა.

თუმცა თებერვალში ეკონომიკურ პრობლემებს დაემატა დამანგრეველი მიწისძვრა, რომელსაც 50 000 ადამიანი შეეწირა. მომხდარს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ხელისუფლებისადმი, როგორც სამაშველო ოპერაციების ხარისხის, ისე სამშენებლო რეგულაციების აღუსრულებლობისა და კორუფციის კონტექსტში.

ერთ-ერთი ბოლო კვლევით, ეკონომიკა თურქეთის მოსახლეობის 56%-ს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად მიაჩნია, თუმცა ეს არ არის ერდოღანის ეპოქის ერთადერთი კრიტიკული წერტილი.

ტერორიზმის ბრალდებებით კრიტიკოსების მასობრივი დაპატიმრებისა თუ კრიტიკული მედიასაშუალებების დახურვის, ისევე როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის შებღალვასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, ერდოღანს არაერთი ადანაშაულებს ერთპიროვნულ მმართველობაში, რომელიც ძირს უთხრის თურქეთის დემოკრატიას.

ერთ დროს თურქულ პოლიტიკაში პრეზიდენტი  დიდწილად ფორმალური ფიგურა იყო, რომელსაც პარლამენტი ირჩევდა. თუმცა 2017 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმით, ერდოღანმა ქვეყანა საპარლამენტოდან მთლიანად საპრეზიდენტო მოდელზე გადაიყვანა და მკვეთრად გაიფართოვა ძალაუფლება.

კაცი, რომელსაც სურს, ერდოღანი ჩაანაცვლოს

კაცი, რომელიც 14 მაისს ერდოღანის ჩანაცვლებას შეეცდება, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა — თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაარსებული “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) ლიდერი.

ყოფილ სახელმწიფო ბიუროკრატს არაერთგზის ახასიათებენ ერდოღანის ანტიპოდად: საუბრის მშვიდი ტონითა და ასეთივე საჯარო გამოსვლებით ცნობილი პოლიტიკოსი, თავისი სტილითა და გზავნილებით, მკვეთრად განსხვავდება ქარიზმატული ერდოღანისგან. ის ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ერთი ვადის(5 წლის) შემდეგ გადადგება.

თურქეთის აღმოსავლეთში, დიდწილად ქურთებით დასახლებულ პროვინციაში დაბადებული ქილიჩდაროღლუ აღმსარებლობით ალევიტია. ისლამის ეს განშტოება რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენს თურქეთში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც სუნიტურ ისლამს მისდევს.

ქილიჩდაროღლუს საარჩევნო ისტორია ნაკლებადაა გაჯერებული წარმატებებით: წარსულში მან წააგო სტამბოლის მერის არჩევნები, 2010 წლის შემდეგ კი, როცა CHP-ს თავმჯდომარე გახდა, მისმა პარტიამ წააგო ორივე საპრეზიდენტო არჩევნები ერდოღანის წინააღმდეგ და ვერც ის შეძლო, რომ 2011 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაეზარდა მანდატების რაოდენობა პარლამენტში.

ქემალ ქილიჩდაროღლუ. ფოტო: MAHMUT SERDAR ALAKUS/ANADOLU AGENCY/GETTY IMAGES

ამ ფონზე ზოგიერთს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რამდენად იმუშავებს არაქარიზმატული ქილიჩდაროღლუს კანდიდატურა დიდი ძალაუფლების მქონე ერდოღანის დასამარცხებლად. CHP-ს თავმჯდომარის კანდიდატურის მიუღებლობის გამო “ექვსთა მაგიდის” წევრი “კარგი პარტიის” ლიდერმა, მერალ აქშენერმა, ალიანსი მცირე ხნით დატოვა კიდეც, თუმცა მალე დაბრუნდა და დათანხმდა ქილიჩდაროღლუს წარდგენას.

მეორე მხრივ, არის ქილიჩდაროღლუს კარიერის სხვა ეპიზოდები, რომლებიც მხარდამჭერებს იმედს უჩენთ, რომ CHP-ს თავმჯდომარე შეძლებს როგორც ერდოღანით უკმაყოფილო მოქალაქეების, ისევე მერყევი ამომრჩევლის გაერთიანებას.

თურქეთის ფინანსურ უწყებებში მუშაობისას ქილიჩდაროღლუმ არაერთის თვალში დაიმკვიდრა კორუფციასთან მებრძოლი მუშაკის სახელი. ეს კურსი მან პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც შეინარჩუნა.

მიიჩნევა, რომ ქილიჩდაროღლუს პერიოდში უფრო ზომიერი გახდა CHP-ს კურსი, რომელიც ათათურქის მიერ მისი დაფუძნებიდან დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა რადიკალურ პოზიციას სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის (სეკულარიზმის) საკითხში, 80-იან წლებში კი სკოლებსა და საჯარო სამსახურებში თავსაბურავის აკრძალვასაც უჭერდა მხარს.

წლების მანძილზე, ქილიჩდაროღლუმ დაარბილა ეს რიტორიკა და შემოიკრიბა როგორც რელიგიური ფიგურები, ისე ქალთა უფლებადამცველები, ქურთი აქტივისტები და სხვები, რათა ეჩვენებინა, რომ CHP იმაზე ჭრელი და ღიაა, ვიდრე უწინ.

ქილიჩდაროღლუ პოზიციონირებს, როგორც მოკრძალებული, თავმდაბალი პოლიტიკოსი. არაერთ ვიდეომიმართვაში ის თავისი სახლის პატარა სამზარეულოდან ესაუბრება მოსახლეობას ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიაზე.

მიუხედავად მისი პერსონისადმი აზრთა სხვადასხვაობისა, ქილიჩდაროღლუ ახერხებს, ჰქონდეს ალიანსი თურქ ნაციონალისტ პოლიტიკოსებთან, მეორე მხრივ კი, ტაქტიკური მხარდაჭერა მიიღოს “ხალხთა დემოკრატიული პარტიისგან”(HDP) — პრო-ქურთული ძალისგან, რომლის ამომრჩევლის გარეშეც (10%-ზე მეტი) ოპოზიციის კანდიდატს მეტად გაუჭირდება ერდოღანის დამარცხება.

“ხალხთა დემოკრატიული პარტიის” მხარდამჭერები ქალაქ დიარბაქირში, ნოვრუზის დღესასწაულის აღსანიშნად გამართულ შეკრებაზე სკანდირებენ. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

HDP-ს ტაქტიკური მხარდაჭერის პირობებში CHP-ს კანდიდატებმა 2019 წელს, მუნიციპალურ არჩევნებში, ერთხელ უკვე შეძლეს სტამბოლისა და ანკარის მოგება, ამ ქალაქებში ერდოღანის პარტიის თითქმის 25-წლიანი მმართველობის დასრულებით. ოპოზიციის მაშინდელი წარმატების არქიტექტორად ზოგიერთი ქილიჩდაროღლუს განიხილავს, ამომრჩეველთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებისა და კანდიდატების აკურატულად შერჩევის კუთხით.

2017 წელს ქილიჩდაროღლუს პარტიის ორგანიზებით მოეწყო “სამართლიანობის მარში” ანკარიდან სტამბოლამდე. ეს მოჰყვა ერდოღანის ხელისუფლების მიერ CHP-ს დეპუტატის დაპატიმრებას შპიონაჟის ბრალდებით. მეორე მხრივ, უკვე მიმდინარეობდა ათობით ათასი ადამიანის დაკავებისა და სამსახურიდან გათავისუფლების კამპანია 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით. 25-დღიანი მარში სტამბოლში მასშტაბური აქციით დასრულდა. ფოტო: ERHAN DEMIRTAS/NURPHOTO VIA GETTY IMAGES

კრიტიკოსები ქილიჩდაროღლუს ნაკლებად პრინციპულ ნაბიჯებსაც უხსენებენ. მათ შორისაა ხმის მიცემა კანონზე, რომლის ძალითაც ზოგიერთ ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს, შემდეგ კი დააპატიმრეს. ხოლო მაშინ, როცა ერდოღანს საკონსტიტუციო რეფერენდუმის დროს დარღვევებს ედავებოდნენ, CHP-ს თავმჯდომარეს განსაკუთრებული პროტესტი არ გამოუთქვამს.

ზოგ შემთხვევაში ქილიჩდაორღლუს მხრიდან სიმწვავის ნაკლებობა და განსაკუთრებული სიფრთხილე ერთ-ერთი მიზეზია მისი კანდიდატურისადმი სკეპტიციზმისა. თუმცა უკანასკნელ პერიოდში CHP-ს თავმჯდომარემ საპირისპირო ტენდენციაც აჩვენა: მაგალითად, თებერვლის მიწისძვრის შედეგებზე მან პირდაპირ ერდოღანს დააკისრა პასუხისმგებლობა.

“ჩვენ აღარ ვისაუბრებთ განცალკევებაზე”

ქილიჩდაროღლუ სხვადასხვა გზით ცდილობს მოქალაქეთა დარწმუნებას იმაში, რომ თუ გაიმარჯვა, ყველას პრეზიდენტი იქნება: ის თურქეთის ხელისუფლებას ქურთი მოსახლეობის სტიგმატიზებაში ადანაშაულებს და გამარჯვების შემთხვევაში პირობას დებს, რომ ქურთების საკითხებზე ჯეროვნად იმუშავებს.

ამასთან, ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში CHP-ს თავმჯდომარემ ღიად ისაუბრა თავის ალევიტობაზე და მოუწოდა თურქეთის ახალგაზრდობას, ხმა მისცენ ისეთი საზოგადოების შენებას, სადაც რელიგიურ ნიადაგაზე ბარიერები არ იარსებებს. 19 აპრილიდან დღემდე, ვიდეომ 35.6 მილიონი ნახვა და 500 000-ზე მეტი მოწონება დააგროვა.

ქილიჩდაროღლუს ალევიტობა ისედაც იყო ცნობილი. თუმცა საკითხზე ღიად საუბარი მაინც საყურადღებოა იმ ფონზე, რომ თურქეთის ალევიტები არაერთგზის გამხდარან დევნისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი, ქილიჩდაროღლუს კანდიდატურის ზოგი მოწინააღმდეგის ერთ-ერთი არგუმენტი კი სწორედ ის იყო, რომ ალევიტ კანდიდატს ნაკლები შანსი აქვს, მიიღოს სუნიტური უმრავლესობის ხმები.

ქილიჩდაროღლუს სიტყვებით, “ჩვენ აღარ ვისაუბრებთ იდენტობებზე, განსხვავებებზე და განცალკევებაზე”, არამედ მიღწევებზე, საერთო ოცნებებსა და თანხმობაზე.

ქილიჩდაროღლუ არაერთგზის გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი. ფოტოზე ასახულია 2019 წლის თავდასხმა, როცა ის ჯარისკაცის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მოგვიანებით CHP-ს თავმჯდომარემ თქვა: “მსგავსი მცდელობები ვერ შეგვაჩერებს”. ფოტო: AFP

კონკრეტულად რას ჰპირდება ოპოზიცია ხალხს?

“ექვსთა მაგიდის” მთავარი დაპირება საპრეზიდენტო სისტემიდან თურქეთის საპარლამენტო სისტემაზე დაბრუნებაა.

რეფორმის ფარგლებში უნდა აღდგეს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი, პრეზიდენტი კი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, რომელსაც ჩამოერთმევა კანონპროექტებზე ვეტოს დადებისა და განკარგულებების გაცემის უფლება. პარლამენტის უფლებამოსილებები გაიზრდება, მათ შორის, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

ოპოზიციის დაპირებაა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაც, რომლის ხელყოფაშიც მრავალგზის ადანაშაულებენ ერდოღანსა და მის მოკავშირეებს. ეს უკანასკნელნი უარყოფენ ბრალდებას.

ოპოზიციის განცხადებით, იბრძოლეს კორუფციის წინააღმდეგ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვას და გააძლიერებს თურქეთის ტრადიციულ ინსტიტუტებს, მათ შორის, სახელმწიფო მედიას.

ეკონომიკის ნაწილში ოპოზიცია, ერდოღანის მსგავსად, ინფლაციასთან ბრძოლისა და მისი ერთნიშნა რიცხვამდე შემცირების პირობას დებს. ალიანსი ხალხს ჰპირდება, რომ აღადგენს ეროვნული ვალუტის სტაბილურობასაც. ამ პრობლემის გადაჭრის გზას ოპოზიცია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში ხედავს, თუმცა დეტალებს ნაკლებად ახმიანებს.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ნატოს წევრი თურქეთის ოპოზიცია პირობას დებს, რომ იმუშავებს ევროკავშირში ქვეყნის “გაწევრიანების პროცესის დასასრულებლად”, აშშ-თან კი ორმხრივ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ექნება. ოპოზიციის თქმით, რუსეთთან ურთიერთობებს შეინარჩუნებს “დაბალანსებული და კონსტრუქციული დიალოგით საერთაშორისო დონეზე”.

ქილიჩდაროღლუს წინასაარჩევნო ბანერი. ფოტო: OZAN KOSE/AFP/GETTY IMAGES

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ალიანსი აცხადებს, რომ “ინიციატივებს აიღებს”, რათა თურქეთი დააბრუნოს პროგრამაში, რომელიც საშუალებას აძლევს ნატოს წევრებს, აშშ-ისგან F-35 ტიპის გამანადგურებლები იყიდოს.

პროგრამიდან აშშ-მა თურქეთი 2019 წელს, მას შემდეგ ამოიღო, რაც ერდოღანის ხელისუფლებამ მოსკოვისგან შეიძინა რუსეთში წარმოებული S-400-ის ტიპის თავდაცვის სისტემა. ბუნდოვანია, ამ შემთხვევაში რა ბედი ელის უკვე ნაყიდ S-400-ს, რომელსაც აშშ საფრთხედ განიხილავს.

ოპოზიცია ასევე ამბობს, რომ იმუშავებს, რათა “უსაფრთხოდ დააბრუნოს” თურქეთში მცხოვრები სირიელი ლტოლვილები თავიანთ სამშობლოში. ამჟამად თურქეთში 3.6 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.

რამდენად რეალისტურია ოპოზიციის შანსები?

ტელეკომპანია Euronews-მა უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული 10 წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები შეაჯამა. 10-დან 8 გამოკითხვით, ქილიჩდაროღლუ ერდოღანს უსწრებს, თუმცა, საშუალო შედეგით, განსხვავება საკმაოდ მცირეა: ქილიჩდაროღლუს 47.5% აქვს, ერდოღანს კი — 44.4%.

ამასთან, 10-დან 8 გამოკითხვა აჩვენებს, რომ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი იღებს ხმათა 50%-ზე მეტს, რაც მეორე ტურს ნიშნავს.

მეორე ტურის ალბათობა კიდევ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ასპარეზზე გამოჩნდა მუჰარემ ინჯე: CHP-ს ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც თავისი პარტია დააფუძნა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

ქილიჩდაროღლუსა და ერდოღანზე ასაკით უმცროს ინჯეს ძირითადად სწორება აქვს მოსახლეობის ახალგაზრდა, ნაციონალისტ, სეკულარიზმის მომხრე სეგმენტზე, რომელიც ტრადიციული პოლიტიკოსებით დაიღალა.

ხსენებული გამოკითხვების საშუალო შედეგით, მუჰარემ ინჯეს 6%-იანი მხარდაჭერა აქვს, ეს კი პრობლემურია ოპოზიციური ალიანსისთვის, რომლისთვისაც თითოეული ხმა მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა პოზიციას დაიკავებს და რისკენ მოუწოდებს ინჯე თავის ამომრჩეველს იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის მეორე ტური შედგა.

განახლება[11.05.23]: ინჯემ კანდიდატურა მოხსნა. ვრცლად, იხილეთ ბმულზე.

საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობს ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსი სინან ოღანი, რომელიც “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის”(MHP) ყოფილი წევრია.

ოპოზიცია გარანტიების გარეშე

არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, თურქეთის ოპოზიციის ხელში სპეციალისტები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხედავენ, თუმცა ხაზს უსვამენ გამოწვევებსაც.

გარდა იმისა, რომ გამოკითხვებით ქილიჩდაროღლუ მცირედით უსწრებს ერდოღანს, ერთ-ერთი კვლევით იმ მოქალაქეთა რიცხვიც გაზრდილია, ვინც ფიქრობს, რომ CHP-ს ლიდერს აქვს შანსი, დაამარცხოს მოქმედი პრეზიდენტი.

ეკონომიკურ პრობლემებსა და ქილიჩდაროღლუს გარშემო პირდაპირ თუ ირიბად გაერთიანებული პარტიების ამომრჩეველთა სიჭრელეს ანალიტიკოსები განიხილავენ ოპოზიციის შესაძლებლობად, 14 მაისს მართლაც დაასრულოს ერდოღანის მმართველობა.

თუმცა, ეს მარტივი აქ იქნება.

ანალიტიკოსები, ბერქ ესენი და ქემალ ქირიშჯი ხაზს უსვამენ, რომ ერდოღანის ფართო ძალაუფლების პირობებში დავიწროებულია ინსტიტუციური კონტროლი; სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ, სახელმწიფო მედია კი ხელისუფლების მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.

ხსენებული პრობლემების შედეგები ბევრისთვის თვალნათელია: უკანასკნელ 1 წელიწადში CHP-ს ორ გავლენიან პოლიტიკოსს — სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუსა და პარტიის სტამბოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ჯანან ქაფთანჯიოღლუს — სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენები, რომლებიც მათთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასთანაა დაკავშირებული.

ერდოღანის წინასაარჩევნო ბანერი. ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

მეორე მხრივ, ოპოზიციური ალიანსის სიჭრელე, შესაძლოა, მის სიმყიფედ აღიქვან მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა, რომლებიც ერდოღანის სტილის მმართველობას მიეჩვივნენ.  ეს რისკი განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც მერალ აქშენერმა დროებით დატოვა ალიანსი ქილიჩდაროღლუს კანდიდატურასთან წინააღმდეგობის გამო.

“ერდოღანმა ეს სიმყიფე ოსტატურად გამოიყენა ოპოზიციური ალიანსის ასოცირებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობასთან, რომელიც მოგვაგონებს სუსტ კოალიციურ მთავრობებს 1990-იანი წლების თურქეთში”, — აღნიშნავენ ესენი და ქირიშჯი.

საყურადღებოა ისიც, რომ ეკონომიკურ სიდუხჭირეს თუ მიწისძვრის შედეგების სიმძიმეს ერდოღანის პოპულარობა ერთბაშად არ შეურყევია. კომპანია Metropoll-ის გამოკითხვით, 45% კვლავ ენდობა ერდოღანსა და მის ალიანსს, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონს აღადგენენ. ოპოზიციური ალიანსის მიმართ ეს ნდობა 43%-ია.

სხვა რისკებთან ერთად აღსანიშნავია უშუალოდ საარჩევნო პროცესიც: უკანასკნელ წლებში თურქეთის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია 2019 წელს ოპოზიციის მიერ მოგებული სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმება. ხელახალი არჩევნები ოპოზიციამ უფრო დიდი სხვაობით მოიგო.

სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ(მარცხნივ) და ანკარის მერი მანსურ იავაში(მარჯვნივ) ქემალ ქილიჩდაროღლუსთან ერთად. იმამოღლუმ და იავაშმა 2019 წელს ერდოღანის პარტიის კანდიდატები დაამარცხეს. ფოტო: CHP 

ერდოღანის ეპოქის თურქეთის პოლიტიკური რეალობის ერთ-ერთი ილუსტრაცია პრო-ქურთული HDP-ს გადაწყვეტილებაა, საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის სახელით იყაროს კენჭი. საქმე ისაა, რომ თურქეთის პროკურატურა HDP-ს ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებს — რასაც პარტია უარყოფს — და მისი დახურვის მოთხოვნით სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი. გასულ წლებში პარტიის ათასობით წევრი დააპატიმრეს, ქილიჩდაროღლუს კი ერდოღანის ხელისუფლება მწვავედ აკრიტიკებს HDP-სთან “ფარული” თანამშრომლობისთვის.

დახურვის რისკის გამო, HDP-მ გადაწყვიტა, კენჭი იყაროს სხვა, პატარა პარტიის სახელით, რომელთანაც იდეური თანხვედრა აქვს. გამომდინარე თურქული კანონმდებლობიდან, პატარა პარტიის სახელით კენჭისყრის პირობებში HDP საარჩევნო უბნებზე ვერ გაუშვებს იმდენ დამკვირვებელს, რამდენსაც ნორმალურ ვითარებაში გაგზავნიდა.

ამ რეალობაში, ერდოღანის მოწინააღმდეგე მრავალი მოქალაქე სწორედ ქილიჩდაროღლუს განიხილავს ცვლილების წინაპირობად, მიუხედავად იმ კითხვებისა, რომლებიც მისი კანდიდატურის გარშემო ისმოდა და ისმის.

“ეს არ არის არჩევნები, რომელიც სამოთხის კარიბჭეს ხსნის… ესაა არჩევნები ჯოჯოხეთის კარიბჭის დასახურად”, — ეუბნება Reuters-ს სტამბოლის ქადირ ჰასის უნივერსიტეტის პროფესორი სოლი ოზელი, როცა მოახლოებულ არჩევნებსა და ქილიჩდაროღლუს კანდიდატურის კრიტიკულ მხარეებს განიხილავს.

როგორ ხედავს 14 მაისის არჩევნებს თურქეთის მოსახლეობა, 3 კვირაზე ნაკლებ დროში უნდა გაირკვეს.

ამავე თემაზე:

ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, დასავლეთის შეთქმულება და სხვ. — ერდოღანის გზავნილები წინასაარჩევნოდ

https://batumelebi.netgazeti.ge/news/471995/

მასალების გადაბეჭდვის წესი