ახალი ამბები

თურქეთში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბრძოლას ეთიშება: რას ნიშნავს ეს

11 მაისი, 2023 • 7508
თურქეთში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბრძოლას ეთიშება: რას ნიშნავს ეს

თურქმა პოლიტიკოსმა მუჰარემ ინჯემ, რომელიც თურქეთის 14 მაისის არჩევნებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, ისტორიულ კენჭისყრამდე 3 დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა. მისი ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბულს ხდის ბრძოლას მოქმედ პრეზიდენტსა და მის მთავარ მოწინააღმდეგეს შორის.

59 წლის ინჯეს სამიზნე ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ: ის ამომრჩევლები, რომლებსაც არც რეჯეფ თაიფ ერდოღანის დარჩენა სურთ ხელისუფლებაში და არც მისი მთავარი კონკურენტის, მემარცხენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) თავმჯდომარის, ქემალ ქილიჩდაროღლუს არჩევა.

11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ინჯემ უარყო ბრალდებები, რომელთა თანახმადაც მან ქრთამი აიღო, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და ოპოზიციის საერთო კანდიდატისთვის ხმები წაერთმია. პოლიტიკოსმა ასევე უარყო ცნობა, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატი არსებობს პირადი ცხოვრების ჩანაწერის სახით.

“მე შეთქმულებების არ მეშინია. კანდიდატურას ვხსნი. ამას ჩვემი ქვეყნისთვის ვაკეთებ”, — დასძინა ინჯემ და იქვე აღნიშნა, რომ გახმიანებული ბრალდებების ფონზე, მისი რეპუტაცია არავინ დაიცვა.

მუჰარემ ინჯეს თავისი ამომრჩევლისთვის არ მოუწოდებია რომელიმე სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ.

მუჰარემ ინჯე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მთავარი ოპოზიციური პარტიის(CHP) საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ის ერდოღანთან დამარცხდა, მოგვიანებით კი დატოვა CHP, თავისი პარტია დააფუძნა და 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. 

ამრიგად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, ორი კანდიდატი მიიღებს:

  • უმსხვილესი ოპოზიციური ალიანსის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც თურქეთის მთავარ ოპოზიციურ პარტიას თავმჯდომარეობს. მას მხარს უჭერს პრო-ქურთული “ხალხთა დემოკრატიული პარტიაც”(HDP), რომელიც სიდიდით მესამე ძალაა თურქეთის პარლამენტში;
  • ულტრანაციონალისტი სინან ოღანი, რომელიც ერდოღანის პარტიის კოალიციური პარტნიორის, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის”(MHP) ყოფილი წევრია.

კვლევების მიხედვით, ინჯე ყოველთვის ცალსახად ჩამორჩებოდა ერდოღანის მთავარ კონკურენტს. თუმცა არაერთი შიშობდა, რომ 59 წლის პოლიტიკოსს, შესაძლოა, გარკვეული ოდენობის ხმები წაერთმია ქემალ ქილიჩდაროღლუსთვის, რითაც ერდოღანი იხეირებდა. გასული პერიოდის ზოგიერთ კვლევაში ინჯეს შედარებით უკეთესი შედეგი ჰქონდა, ვიდრე ბოლო გამოკითხვებით.

კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებისას მუჰარემ ინჯემ თქვა, რომ არ სურს, მას დააბრალონ, თუ ოპოზიცია არჩევნებს წააგებს.

ამჟამად, ქილიჩდაროღლუსა და ერდოღანის გარდა, მხოლოდ სინან ოღანი რჩება პრეზიდენტობის კანდიდატთა რიგებში.

თურქული კომპანიის, “ქონდას” მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევით, რომელსაც არაერთი ელოდა, ქილიჩდაროღლუს 49.3%-იანი მხარდაჭერა აქვს, ერდოღანს — 43.7%, სინან ოღანს — 4.8%, ხოლო აწ უკვე ყოფილ კანდიდატს, მუჰარემ ინჯეს  — 2.2%.

კიდევ ერთი კვლევით, რომელიც კომპანია “მეტროპოლმა” ჩაატარა, ქილიჩდაროღლუ პირველ ტურში 49.1%-ით ლიდერობს, ერდოღანს 46.9% აქვს, ოღანს  — 2.7%, ხოლო ინჯეს — 1.3%

იქიდან გამომდინარე, რომ ამ კვლევების მიხედვით ვერც ერთი კანდიდატი აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რომელიც პირველივე ტურში გამარჯვებისთვისაა საჭირო, მოსალოდნელია მეორე ტური.

“ქონდას” კვლევა 6-7 მაისს ჩატარდა — იქამდე, სანამ მუჰარემ ინჯე კანდიდატურას მოხსნიდა. არჩევნებიდან მისი გამოთიშვის შემდეგ, 11 მაისს, “ქონდას” მენეჯერმა, ბექირ აღირდირმა, თურქულ მედიას უთხრა, რომ ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნამ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შესაძლებლობა გაზარდა და გასაკვირი არ იქნება, თუ ის პირველივე ტურში მოიგებს.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც ასევე 14 მაისს იმართება: “ქონდას” მიხედვით, აქ ერდოღანის პარტიის გარშემო შეკრული ალიანსი ლიდერობს: მას 44% აქვს.

ამავე კვლევით, მთავარ ოპოზიციურ ალიანსს 39.9% აქვს, ხოლო პრო-ქურთულ “ხალხთა დემოკრატიულ პარტიასა”(HDP) და მის მოკავშირეებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ აყენებენ, თუმცა საპარლამენტო კენჭისყრაში მონაწილეობენ — 12.3%.

ამგვარად, “ქონდას” შედეგების მიხედვით, მთავარი ოპოზიციური ალიანსისა და HDP-ს ალიანსის საერთო შედეგი უმცირესობაში ტოვებს ერდოღანის პარტიასა და მის მოკავშირეებს.

ერდოღანის თავის ტკივილი: არამხოლოდ ერთიანი ოპოზიცია

წლების განმავლობაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი პარტია მნიშვნელოვანი სირთულეების გარეშე ინარჩუნებდა ხელისუფლებას.  თუმცა უკანასკნელ 5 წელიწადში თურქეთში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც პოტენციურად არყევს ამ მოცემულობას:

თურქეთის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ხარჯების კუთხით ყველაზე მწვავე კრიზისის წინაშეა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მარტში ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 50.5%-მდე ჩამოვიდა, თუმცა ოქტომბერში 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და 85.5%-ს მიაღწია.

სწორედ იმ წელს, როცა ერდოღანი ხელახლა აირჩიეს, გამწვავდა თურქული ვალუტის კრიზისიც, მიმდინარე წლის მარტში კი ლირამ ახალი ანტირეკორდი მოხსნა: $1-ის ღირებულება თითქმის 19 ლირა გახდა. ზოგიერთი მიუთითებს, რომ საყოფაცხოვრებო კრიზისი განსაკუთრებით აისახა სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთაგანაც, როგორც წესი,  მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ერდოღანს

ეკონომიკურ სირთულეებს დაემატა თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრაც და მწვავე კრიტიკა ხელისუფლებისადმი, როგორც სამაშველო ოპერაციების ხარისხის, ისე სამშენებლო რეგულაციების აღუსრულებლობისა და კორუფციის კონტექსტში.

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისზე პანდემიამ და უკრაინაში ომმაც იმოქმედა, არაერთი ადანაშაულებს უშუალოდ ერდოღანს: იმ ფონზე, როცა რიგმა ქვეყნებმა ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდეს, თურქეთის პრეზიდენტი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯს და საპირისპიროსკენ უბიძგებდა ცენტრალურ ბანკს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის მხარდამჭერებს ესალმება. ფოტო: AA

ერთ-ერთი ბოლო კვლევით, თურქეთის მოსახლეობის 56%-ს ეკონომიკა ქვეყნის უმთავრეს პრობლემად მიაჩნია, თუმცა ეს არ არის ერდოღანის ეპოქის ერთადერთი კრიტიკული წერტილი:

ტერორიზმის ბრალდებებით კრიტიკოსების მასობრივი დაპატიმრებისა თუ კრიტიკული მედიასაშუალებების დახურვის, ისევე როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის შებღალვასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, ერდოღანს არაერთი ადანაშაულებს ერთპიროვნულ მმართველობაში, რომელიც ძირს უთხრის თურქეთის დემოკრატიას.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა თურქეთის დაბრუნება მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე, რომელიც ერდოღანმა 2017 წლის საკამათო რეფერენდუმის გზით საპრეზიდენტო მოდელით შეცვალა და მეტად გაიფართოვა ძალაუფლება.

მათ დაპირებებს შორისაა ეკონომიკურ სირთულეებთან და კორუფციასთან ბრძოლაც ისევე, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა — რომლის ხელყოფასაც ერდოღანის ხელისუფლება უარყოფს — და მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვა.

ამავე თემაზე:

არჩევნები თურქეთში: ვინ ვინ არის

როგორ შეიცვლება თურქეთის საგარეო პოლიტიკა, თუ ოპოზიცია მოიგებს

https://batumelebi.netgazeti.ge/news/478635/

ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, დასავლეთის შეთქმულება და სხვ. — ერდოღანის გზავნილები წინასაარჩევნოდ

ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, დასავლეთის შეთქმულება და სხვ. — ერდოღანის გზავნილები წინასაარჩევნოდ

მასალების გადაბეჭდვის წესი