ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ შეიცვლება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, თუ ერდოღანი დამარცხდა

20 აპრილი, 2023 • 3586
როგორ შეიცვლება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, თუ ერდოღანი დამარცხდა

ავტორი: ნიკა მუსავი


14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია, სადაც რეჯეპ თაიპ ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგე იქნება ქემალ ქილიჩდაროღლუ – რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი.

ასე თუ ისე, მთელ რეგიონს აინტერესებს, მოახერხებს თუ არა, “ქემალისტი” ქემალის ხელმძღვანელობით, ოპოზიცია ერდოღანის 20-წლიანი ეპოქის დასრულებას. თუმცა წინაასარჩევნო შეჯიბრს განსაკუთრებულად ადევნებენ თვალს აზერბაიჯანში, რაც განპირობებულია არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობით, არამედ პირადი ინტერესებითაც. 

ოფიციალურ დონეზე აზერბაიჯანში თურქეთს “მოძმე ქვეყნად” მოიხსენიებენ და მუდმივად ყველა დონეზე აცხადებენ, რომ თურქები და აზერბაიჯანელები “ერთი ერი, ორი სახელმწიფოა”.  უფროსი ძმის როლი, რა თქმა უნდა, თურქეთისაა, რომელიც აზერბაიჯანს მფარველობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის- ყარაბაღის საკითხში. 

მეორე მხრივ, აზერბაიჯანსა და თურქეთს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აერთიანებს. თუნდაც, იმავე ყარაბაღის აღდგენასა და მოწყობაში ,2020 წლის ომის შემდეგ, უშუალოდ თურქული კომპანიები არიან ჩართული.

ამასთან, მიიჩნევა, რომ მსგავსი მჭიდრო და ერთგული მეგობრობა ორ ქვეყანსა შორის, პირველ რიგში, ორი ლიდერის, ილჰამ ალიევისა და რეჯეპ ერდოღანის მეგობრობაზეა დაფუძნებული. იმ შემთხვევაში კი, თუ ერდოღანი და მისი პარტია დაკარგავენ ძალაუფლებას, გაურკვეველია, ისურვებს თუ არა თურქეთის ახალი მთავრობა ისეთივე მჭიდრო და იმავე პირობებით მეგობრობას აზერბაიჯანთან. 

აზერბაიჯანის საზოგადოებისთვის, მათ შორის პოლიტიკური ექსპერტებისთვის, ნაკლებსავარაუდოა, რომ თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება შეიცვლება.

პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე თურქეთის ხელისუფლების შესაძლო ცვლილებაზე ფილოსოფიურ-რეალისტურად არის განწყობილი: ერდოღანი ახლა თუ არა, მომავალში მაინც წავა, თუმცა ეს არ იქონიებს გავლენას თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე. 

“საქმე არ შეეხება ორი პრეზიდენტის პირად ურთიერთობებს, იმის მიუხედავად, რომ ეს ფაქტორიც დიდ გავლენას ახდენს. საქმე ეხება გრძელვადიან ინტერესებს და სამართლებრივ-ნორმატიულ ბაზას, რომელიც ორი ქვეყნის ურთირთობებს არეგულირებს. შესაბამისად, ამ კუთხით აზერბაიჯანისა და თურქეთის უერთიერთობებში ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. აზერბაიჯანი მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, ის უზრუნველყოფს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მის წვდომას, ამას კი, თავის მხრივ, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთისთვის”. 

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობების შესუსტება ორივე ქვეყნისთვის საზიანო იქნება, რადგანაც ეს ტანდემი ათეულობით წლის განმავლობაში ფორმირდებოდა და რეგიონალური თუ საერთაშორისო პოლიტიკის ფაქტორიც გახდა.

“გარდა ამისა, არსებობს საქართველოც, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ეს სამმხრივი ფორმატი ასევე წარმოადგენს რეგიონული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს. გარე მოთამაშეებიც ითვალისწინებენ ამ ფორმატს.”

მსგავსი მოსაზრება აქვს პოლიტიკურ მიმომხილველ შაჰინ რზაევს. რზაევი მიიჩნევს, რომ  თურქეთის მთავრობის ცვლილება უახლოეს მომავალში ნაკლებ მოსალოდნელია და ცვლილების შემთხვევაშიც, თურქეთი კვლავ გააგრძელებს აზერბაიჯანის მფარველობას. 

“პრეზიდენტის სახელი ბევრს არაფერს ცვლის. აზერბაიჯანისა და თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ამჟამად თანხვედრაშია – უფრო სწორად, აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები. კიდევ უფრო მარტივად თუ ვიტყვით, თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანთან და რუსეთთან მეგობრობას დასავლეთის წინააღმდეგ, რადგან არ მჯერა, რომ თურქეთის ახალი ხელისუფლება დასავლეთისკენ იქნება ორიენტირებული”.

განსხვავებული მოსაზრება აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია Baku Research institute-ის ხელმძღვანელსა და ისტორიკოსს, ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსსა და ანტიმილიტარისტული პოზიციებით ცნობილ ალთაი გეუშევს. მისი აზრით, თუ ერდოღანს ამჯერად არ აირჩევს ხალხი, ამ შედეგს აზერბაიჯანისთვის საგრძნობი გავლენა ექნება. 

“რა თქმა უნდა, სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან პარტნიორად დარჩება თურქეთისთვის. თუმცა ახლო პირადი კავშირი ალიევსა და ერდოღანს შორის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ერდოღანი ძალაუფლებას დაკარგავს, ალიევი  – მნიშვნელოვან პირად მოკავშირეს”. 

რაც შეეხება ყარაბაღის საკითხს, არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთის ახალი ხელისუფლება ასე ცხადად აღარ დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს, რაც, თავის მხრივ, შეასუსტებს აზერბაიჯანის პოზიციას და სიტუაციას ყარაბაღის საკითხში სომხეთის სასარგებლოდ შეცვლის. ანუ თურქეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი აზერბაიჯანი, როგორც მინიმუმ, უფრო ფრთხილი იქნება და შეეცდება თავიდან აიცილოს ახალი ესკალაციები. 

სწორედ ამ ანტისაომარ განწყობებზე ამყარებს იმედს აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი. 

პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე ამ პროგნოზებს ზედმეტად არადამაჯერებელს უწოდებს. ისევე, როგორც თეორიას იმის შესახებ, რომ როდესაც აზერბაიჯანს ნავთობის მარაგი ამოეწურება, ან ნავთობ-ეპოქა დასრულდება, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის პოზიცია შესუსტდება და “სიმძიმის ცენტრი” ყარაბაღის საკითხზე გადავა.

ალთაი გეუშევის აზრით კი, თურქეთი, ნებისმიერ შემთხვევაში, აზერბაიჯანის უსაფრთხოების გარანტად დარჩება, თუმცა ალიევი საკუთარ პოლიტიკურ წამოწყებებში თურქეთის უშუალო ჩართვას ვერ მოახერხებს.

“განსაკუთრებით, თუკი ეს თავად თურქეთს შეუქმნის საგარეო პოლიტიკურ დისკომფორტს. ერდოღანის მმართველობისას ალიევს შეუძლია თურქეთის ჩართვა ყველა წამოწყებაში. ახალ მმართველთან კი ამის მიღწევა მარტივი არ იქნება”. 

კვლევების თანახმად, ამჟამად რეჯეპ თაიპ ერდოღანსა და ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების დაახლოებით ერთნაირი შანსი აქვთ – თითოეული კანდიდატის მხარდაჭერა  43-45%-მდე მერყეობს.

თავად აზერბაიჯანში კი შემდეგ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ორი წელი [2025] რჩება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი