ახალი ამბები

ახალი კვლევა: ოპოზიციის კანდიდატი ერდოღანს უსწრებს

11 მაისი, 2023 • 1409
ახალი კვლევა: ოპოზიციის კანდიდატი ერდოღანს უსწრებს

თურქული კომპანიის, “ქონდას” მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევით, თურქეთის მთავარი ოპოზიციური ალიანსის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ამავე კომპანიის მონაცემებით, მოსალოდნელია არჩევნების მეორე ტური.

“ქონდას”კვლევას საკმაო ხანს ელოდნენ თურქეთის არჩევნებით დაინტერესებულნი, რადგან ეს კომპანია წინასაარჩევნო კვლევას მხოლოდ ერთხელ აქვეყნებს — არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ისტორიული კენჭისყრა 14 მაისს უნდა გაიმართოს.

ამ შედეგების მიხედვით, ერდოღანის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, 49.3%-იანი მხარდაჭერა აქვს, თავად ერდოღანს — 43.7%.

კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, სინან ოღანს, 4.8% აქვს, ხოლო მუჰარემ ინჯეს, რომელმაც 11 მაისს, არჩევნებამდე 3 დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა — 2.2%.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ კვლევის მიხედვით ვერც ერთი კანდიდატი აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რომელიც პირველივე ტურში გამარჯვებისთვისაა საჭირო, მოსალოდნელია მეორე ტური. ქილიჩდაროღლუს გარკვეულ უპირატესობაზე, ისევე როგორც მეორე ტურის შესაძლებლობაზე, აქამდე ჩატარებული სხვა არაერთი კვლევაც მიანიშნებს.

“ქონდას” კვლევა 6-7 მაისს ჩატარდა — იქამდე, სანამ მუჰარემ ინჯე კანდიდატურას მოხსნიდა. არჩევნებიდან მისი გამოთიშვის შემდეგ, 11 მაისს, “ქონდას” მენეჯერმა, ბექირ აღირდირმა, თურქულ მედიას უთხრა, რომ ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნამ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შესაძლებლობა გაზარდა და გასაკვირი არ იქნება, თუ ის პირველივე ტურში მოიგებს.

ქემალ ქილიჩდაროღლუ მემარცხენე-ცენტრისტულ “რესპუბლიკურ სახალხო პარტიას”(CHP) თავმჯდომარეობს, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიაა თურქეთში. 74 წლის პოლიტიკოსი იდეოლოგიურად განსხვავებული 6 პარტიისაგან შემდგარ ალიანსს წარმოადგენს.

გარდა მთავარი ოპოზიციური ალიანსისა, ქილიჩდაროღლუს მხარს უჭერს პრო-ქურთული “ხალხთა დემოკრატიული პარტიაც”(HDP), რომელიც სიდიდით მესამე ძალაა თურქეთის პარლამენტში.

რაც შეეხება მუჰარემ ინჯეს: მისი სამიზნე ძირითადად ის ამომრჩევლები იყვნენ, რომლებსაც არც რეჯეფ თაიფ ერდოღანის დარჩენა სურთ ხელისუფლებაში და არც მისი მთავარი კონკურენტის არჩევა.

წარსულში ინჯესგან არაერთგზის ითხოვდნენ კანდიდატურის მოხსნას. კვლევების მიხედვით, ინჯე ყოველთვის ცალსახად ჩამორჩებოდა ქილიჩდაროღლუს, თუმცა არაერთი შიშობდა, რომ შესაძლოა, მას გარკვეული ოდენობის ხმები წაერთმია ერდოღანის მთავარი კონკურენტისთვის, რითაც მოქმედი პრეზიდენტი იხეირებდა.

საბოლოოდ, ინჯე ბრძოლას გამოეთიშა და დასძინა, რომ ამას თურქეთისათვის აკეთებს, თუმცა თავისი ამომრჩევლისთვის არ მოუწოდებია რომელიმე სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ.

ამჟამად, ქილიჩდაროღლუსა და ერდოღანის გარდა, მხოლოდ სინან ოღანი რჩება პრეზიდენტობის კანდიდატთა რიგებში. ის ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსია, რომელიც წარსულში ერდოღანის პარტიის კოალიციური პარტნიორის, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის”(MHP) წევრი იყო.

რას ამბობს კვლევა საპარლამენტო არჩევნებზე

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც ასევე 14 მაისს იმართება: “ქონდას” მიხედვით, აქ ერდოღანის პარტიის გარშემო შეკრული ალიანსი ლიდერობს: მას 44% აქვს.

ამავე კვლევით, მთავარ ოპოზიციურ ალიანსს 39.9% აქვს, ხოლო პრო-ქურთულ “ხალხთა დემოკრატიულ პარტიასა”(HDP) და მის მოკავშირეებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ აყენებენ, თუმცა საპარლამენტო კენჭისყრაში მონაწილეობენ — 12.3%.

ამგვარად, “ქონდას” შედეგების მიხედვით, მთავარი ოპოზიციური ალიანსისა და HDP-ს ალიანსის საერთო შედეგი უმცირესობაში ტოვებს ერდოღანის პარტიასა და მის მოკავშირეებს.

რამ შეიძლება იქონიოს გავლენა არჩევნებზე

“ქონდა” დასძენს, რომ არის სამი ძირითადი ფაქტორი, რომლებმაც შესაძლოა, კომპანიის მიგნებები შეცვალოს და გავლენა იქონიოს 14 მაისის არჩევნების შედეგზე. ესენია:

  • 6-7 მაისიდან  — კვლევის ჩატარების პერიოდიდან — არჩევნების თარიღამდე განვითარებული პროცესების გავლენა ამომრჩეველთა განწყობებზე;
  • სტრატეგიული ხმები: კომპანიის თქმით, ხედავს, რომ როგორც ინჯეს, ისე ონანის ამომრჩეველნი მიდრეკილნი არიან ხმის მიცემისკენ ქემალ ქილიჩდაროღლუსთვის. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სცენარისთვის, თუ ერდოღანსა და ქილიჩდაროღუს შორის მეორე ტური შედგა;
  • ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი თებერვლის მიწისძვრით დაზარალებულ ზონაში, ისევე როგორც თურქეთის იმ მოქალაქეთა ხმები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და კომპანიას არ გამოუკითხავს.

ერდოღანის თავის ტკივილი: არამხოლოდ ერთიანი ოპოზიცია

წლების განმავლობაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი პარტია მნიშვნელოვანი სირთულეების გარეშე ინარჩუნებდა ხელისუფლებას.  თუმცა უკანასკნელ 5 წელიწადში თურქეთში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც პოტენციურად არყევს ამ მოცემულობას:

თურქეთის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ხარჯების კუთხით ყველაზე მწვავე კრიზისის წინაშეა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მარტში ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 50.5%-მდე ჩამოვიდა, თუმცა ოქტომბერში 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და 85.5%-ს მიაღწია.

სწორედ იმ წელს, როცა ერდოღანი ხელახლა აირჩიეს, გამწვავდა თურქული ვალუტის კრიზისიც, მიმდინარე წლის მარტში კი ლირამ ახალი ანტირეკორდი მოხსნა: $1-ის ღირებულება თითქმის 19 ლირა გახდა. ზოგიერთი მიუთითებს, რომ საყოფაცხოვრებო კრიზისი განსაკუთრებით აისახა სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთაგანაც, როგორც წესი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ერდოღანს.

ეკონომიკურ სირთულეებს დაემატა თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრაც და მწვავე კრიტიკა ხელისუფლებისადმი, როგორც სამაშველო ოპერაციების ხარისხის, ისე სამშენებლო რეგულაციების აღუსრულებლობისა და კორუფციის კონტექსტში.

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისზე პანდემიამ და უკრაინაში ომმაც იმოქმედა, არაერთი ადანაშაულებს უშუალოდ ერდოღანს: იმ ფონზე, როცა რიგმა ქვეყნებმა ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდეს, თურქეთის პრეზიდენტი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯს და საპირისპიროსკენ უბიძგებდა ცენტრალურ ბანკს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის მხარდამჭერებს ესალმება. ფოტო: AA

ერთ-ერთი ბოლო კვლევით, თურქეთის მოსახლეობის 56%-ს ეკონომიკა  ქვეყნის უმთავრეს პრობლემად მიაჩნია, თუმცა ეს არ არის ერდოღანის ეპოქის ერთადერთი კრიტიკული წერტილი:

ტერორიზმის ბრალდებებით კრიტიკოსების მასობრივი დაპატიმრებისა თუ კრიტიკული მედიასაშუალებების დახურვის, ისევე როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის შებღალვასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, ერდოღანს არაერთი ადანაშაულებს ერთპიროვნულ მმართველობაში, რომელიც ძირს უთხრის თურქეთის დემოკრატიას.

კვლევების მიხედვით, ოპოზიციას ერდოღანის წინააღმდეგ რეალისტური შანსი აქვს. არაერთი კვლევის თანახმად, ქილიჩდაროღლუ მცირედით უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, გამოკითხვების უმრავლესობა მეორე ტურის შესაძლებლობაზე მიანიშნებს, ვინაიდან ვერც ერთი კანდიდატი აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვისაა საჭირო.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა თურქეთის დაბრუნება მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე, რომელიც ერდოღანმა 2017 წლის საკამათო რეფერენდუმის გზით საპრეზიდენტო მოდელით შეცვალა და მეტად გაიფართოვა ძალაუფლება.

მათ დაპირებებს შორისაა ეკონომიკურ სირთულეებთან და კორუფციასთან ბრძოლაც ისევე, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა — რომლის ხელყოფასაც ერდოღანის ხელისუფლება უარყოფს — და მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, დასავლეთის შეთქმულება და სხვ. — ერდოღანის გზავნილები წინასაარჩევნოდ

ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, დასავლეთის შეთქმულება და სხვ. — ერდოღანის გზავნილები წინასაარჩევნოდ

ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, დასავლეთის შეთქმულება და სხვ. — ერდოღანის გზავნილები წინასაარჩევნოდ

მასალების გადაბეჭდვის წესი