საზოგადოება

არჩევნები თურქეთში: ვინ ვინ არის

13 მაისი, 2023 • 3870
არჩევნები თურქეთში: ვინ ვინ არის

14 მაისს თურქეთში იმართება არჩევნები, რომელიც, კვლევების მიხედვით, ყველაზე დაძაბული იქნება საქართველოს მეზობელი რესპუბლიკის უახლეს ისტორიაში.

20-წლიანი მმართველობის შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს კიდევ ერთი ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა.

თუმცა, რიგი ფაქტორები, მათ შორის, ქვეყანაში დაგროვილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ოპოზიციის ერთიანობა, ერდოღანს მეტად ურთულებს ხსენებული მიზნის მიღწევას.

ამ სტატიაში მოკლედ აგიხსნით, რა ხდება კვირას თურქეთში და ვინ ვის უპირისპირდება ისტორიულ არჩევნებში.

ვის ირჩევენ?

14 მაისს თურქეთში ერთდროულად იმართება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები. ქვეყნის შიგნით ხმის უფლების მქონე 61 მილიონი მოქალაქეა, საზღვარგარეთ კი, სადაც ხმა უკვე მისცეს — 3.4 მილიონი.

საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 09:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგების გამოცხადება ღამის საათებში უნდა დაიწყოს.

საპრეზიდენტო ბიულეტენში, ჯამში 4 კანდიდატია, თუმცა მათი რეალური რაოდენობა 3 გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ, არჩევნებამდე 3 დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა.

საარჩევნო ბიულეტენები. ფოტო: AA 

საპრეზიდენტო კენჭისყრაში გაიმარჯვებს ის, ვინც ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ პირველ ტურში ეს ვერავინ შეძლო, 28 მაისს მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, მასში 26 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიათა ნახევარი წინასაარჩევნოდ შეკრულ 5 ალიანსშია გადანაწილებული.

იმისათვის, რომ პარტიამ თურქეთის 600-ადგილიან პარლამენტში შესვლა მოახერხოს, 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს ან თავად, ან იმ ალიანსმა, რომელშიც ერთიანდება.

ვინ იყრის კენჭს პარლამენტში მოსახვედრად?

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ალიანსებიდან სამია ძირითადი:

სახალხო ალიანსი — ისლამო-ნაციონალისტური ერთობა, რომელიც თურქეთის მმართველი პარტიის, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის”(AKP) გარშემო შეიკრიბა. AKP-ს გარდა, ალიანსში შედის  “ნაციონალისტური მოძრაობის პარტია”(MHP), რომელიც წლებია, ერდოღანის პარტიის პარტნიორია. 14 მაისის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ალიანსში ასევე დაიმატეს ორი მცირე პარტია: ისლამისტურ-ულტრანაციონალისტური “დიდი ერთობის პარტია”(BBP) და ისლამისტური “ახალი აღორძინების პარტია”YRP.

ეროვნული ალიანსი — მთავარი ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც “ექვსთა მაგიდადაც” მოიხსენიებენ. კოალიციაში იდეოლოგიურად განსხვავებული ექვსი ოპოზიციური პარტია ერთიანდება. მათ შორისაა თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია — მემარცხენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური სახალხო პარტია”(CHP), ასევე, მემარჯვენე-ნაციონალისტური “კარგი პარტია”(IYI) და ოთხი მცირე სუბიექტი: “დემოკრატიული პარტია” და ისლამისტური “ბედნიერების პარტია”, ისევე როგორც, ერდოღანის ყოფილი მოკავშირეების მიერ დაფუძნებული “დემოკრატიისა და პროგრესის პარტია” და “მომავლის პარტია”.

შრომისა და თავისუფლების ალიანსი — მემარცხენე პარტიებისგან დაკომპლექტებული ერთობა, რომელიც თურქეთის პრო-ქურთული პარტიის “ხალხთა დემოკრატიული პარტიის”(HDP) გარშემო შეიკრიბა. HDP სიდიდით მესამე პარტიაა თურქეთის პარლამენტში, თუმცა დახურვის საფრთხე ემუქრება სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის გამო. რისკების თავიდან ასაცილებლად, HDP არჩევნებში მასთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი, თუმცა უფრო პატარა პარტიის, “მწვანე მემარცხენე პარტიის”(YSP) სახელით მონაწილეობს.

ვინ არიან საპრეზიდენტო კანდიდატები?

რეჯეფ თაიფ ერდოღანი — 69 წლის პოლიტიკოსი, თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ლიდერი, რომლის კანდიდატურასაც “სახალხო ალიანსი” უჭერს მხარს.

ერდოღანი ამომრჩეველს თავისი მმართველობისას განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრება და ჰპირდება, რომ აღადგენს თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებს, ისევე როგორც, იმუშავებს გამწვავებული ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ერდოღანის წინასაარჩევნო ბანერი. ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN 

მმართველობის პირველ წლებში სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების შემდეგ, ერდოღანისთვის დიდი წინასაარჩევნო გამოწვევაა ამჟამინდელი ინფლაცია, თურქული ლირის კრიზისი და ფასების ზრდა. თურქეთის მრავალ მოქალაქეს ქვეყნის მთავარ პრობლემად სწორედ ეკონომიკა მიაჩნია. არაერთგზის საუბრობენ საყოფაცხოვრებო კრიზისში ერდოღანის ხელისუფლების როლზე, მისი ფინანსური პოლიტიკისა და ხისტი მიდგომების გამო.

ამასთან, მოქმედი ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ღონისძიებების ხარისხის, ასევე, სამშენებლო რეგულაციების აღუსრულებლობისა და კორუფციის კონტექსტში. ერთ დროს რეფორმატორის სახელით ცნობილ ერდოღანს მრავალი ედავება ავტოკრატიულ მმართველობას, რომლის პირობებშიც პრეზიდენტის ძალაუფლება მკვეთრად გაიზარდა, კრიტიკოსების დევნა გაძლიერდა, სასამართლოს დამოუკიდებლობა კი — შეიბღალა.

ქემალ ქილიჩდაროღლუ — თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც “ეროვნული ალიანსი” და “შრომისა და თავისუფლების ალიანსი” უჭერენ მხარს. 74 წლის პოლიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მოხელე, საუბრის მშვიდი ტონითა და გზავნილებით, მკვეთრად განსხვავდება ქარიზმატული ერდოღანისგან.

ქილიჩდაროღლუ და მისი მოკავშირეები ამომრჩეველს ჰპირდებიან, რომ თურქეთს დააბრუნებენ მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე, რომელიც ერდოღანის დროს საპრეზიდენტოთი შეიცვალა. დაპირებებს შორისაა ბრძოლა კორუფციასთან, ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირება და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის აღდგენა, ისევე როგორც, თურქეთში მცხოვრები მილიონობით სირიელი ლტოლვილის “ღირსეული და უსაფრთხო” დაბრუნება თავიანთ სამშობლოში, მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვა, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაურევლობა და მუშაობა ევროკავშირში თურქეთის “გაწევრიანების პროცესის დასასრულებლად”.

ქემალ ქილიჩდაროღლუ. ფოტო: MAHMUT SERDAR ALAKUS/ANADOLU AGENCY/GETTY IMAGES

ქილიჩდაროღლუ, რომელიც თავმდაბალ, მოკრძალებულ პოლიტიკოსად პოზიციონირებს, ამომრჩეველს არწმუნებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველას პრეზიდენტი იქნება. ის არაერთგზის საუბრობს პოლარიზაციის წინააღმდეგ და ერთიანობის მოწოდებებით ესაუბრება ამომრჩეველს.

სინან ოღანი — ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსი, რომელსაც წინასაარჩევნოდ ფორმირებული კიდევ ერთი, ულტრამემარჯვენე “წინაპართა ალიანსი” უჭერს მხარს. 55 წლის პოლიტიკოსს, რომელიც ნაციონალისტური MHP-ს ყოფილი წევრია, კვლევების მიხედვით დიდი მხარდაჭერა არ აქვს, თუმცა მას პოტენციურად შეუძლია, ნაციონალისტ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის ხმები წაიღოს.

სინან ოღანი. ფოტო: TRT 

ოღანი ასევე ემხრობა თურქეთის დაბრუნებას საპარლამენტო სისტემაზე და სირიელი ლტოლვილების დაბრუნებას თავიანთ ქვეყანაში. პოლიტიკოსი ქსენოფობიურ რიტორიკაში არაერთგზის დაუდანაშაულებიათ, რასაც თავად არ ეთანხმება.

რამდენად დიდია ინტერესი

თურქეთში არჩევნები, როგორც წესი, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით ხასიათდება. ერთ-ერთი კვლევით, გამოკითხულთა 84%ამბობს, რომ 14 მაისს აუცილებლად მისცემს ხმას, 11.3% კი – დიდი ალბათობით.

პრობლემური საკითხია ის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში. თურქეთის საარჩევნო საბჭოს მიხედვით, იმ რამდენიმე მილიონი ადამიანიდან, ვისაც ამ რეგიონების დატოვება მოუხდა, მხოლოდ ნაწილმა შეძლო, დროულად დარეგისტრირებულიყო ხმის მისაცემად იქ, სადაც ახლა ცხოვრობს.

იმისათვის, რომ დაზარალებულ მოქალაქეებს ხელი შეუწყონ მშობლიურ მხარეებში დასაბრუნებლად და ხმის მისაცემად, სხვადასხვა კამპანია ტარდება. ერთ-ერთის ფარგლებში ფულს აგროვებენ, რათა ავტობუსის ბილეთები უყიდონ დაზარალებულ რეგიონებში ხმის მისაცემად დაბრუნების მსურველებს.

გაიგეთ მეტი თურქეთის არჩევნებზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი