საზოგადოება

EU-ის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა, როგორც დამატებითი კრიტერიუმი

25 იანვარი, 2023 •
EU-ის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა, როგორც დამატებითი კრიტერიუმი

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა, 12 რეკომენდაციასთან ერთად, შესაძლოა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.

რა ხდება?

ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) შესაბამისობა ყოველთვის მოეთხოვებოდა გაწევრიანების გზაზე მდგარ ქვეყნებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსურ სისტემაზე დაფუძნებულ კავშირში ამის საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ომმა ევროპაში და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობამ.

მიმდინარე კვირას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კითხვაზე — უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ კანდიდატის სტატუსი? — ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მნიშვნელობას.

„ლიეტუვის პოზიციაა, რომ ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, დავინახოთ, რამდენად თანხვედრაშია ქვეყანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ზოგ შემთხვევაში კი, როგორც ვიცით, საქართველოს ყველაფერი არ გაუკეთებია. ვისურვებდი, რომ ეს მოგვარდეს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, — თქვა მან.

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ გარდა ევროკომისიის 12 კრიტერიუმისა, საქართველოს შეაფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება მისი პოზიციები ევროკავშირის საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკას.

ელჩი მიკისკას თქმით, საქართველოს CFSP-ის დეკლარაციებთან მიერთების გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას და „ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმზე“.

„პასუხი ყოველთვის ის არის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველომ პრაქტიკულად უნდა თქვას უარი რაიმე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუკი მუდმივად ამ ოკუპირებული ტერიტორიების [აღიარების] შიშით [იმოქმედებს]“, – განაცხადა ელჩმა.

„ნეტგაზეთმა“ ევროკომისიას ჰკითხა, მის მიერ განსაზღვრული მხოლოდ 12 კრიტერიუმი იქნება შეფასებული კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას თუ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობაც?

„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს მისცა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა. ახლა საქართველოს ხელთაა, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. სამუშაოების სია ნათელია და ევროკავშირი მზადაა, ურჩიოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ პროცესში. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ახლო პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს, შეუერთდნენ ევროკავშირის ყველა დეკლარაციას და გადაწყვეტილებას საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში“, — ნათქვამია ევროკომისიის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ წერილობით მოწოდებულ პასუხში.

რამდენად თანხვედრაშია საქართველო CFSP-თან?

ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროკომისიის ბოლო ანგარიში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილში ამბობს, რომ 2021 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის დეკლარაციებსა და საბჭოს გადაწყვეტილებებთან მიერთების მაჩვენებელი იყო 53%, რაც 2020 წლის 62%-თან შედარებით შემცირებულია. 2022 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა კიდევ 42%-მდე დაიწია.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის აზრით, საქართველო ევროკავშირის დეკლარაციების 70%-ს მაინც უნდა უერთდებოდეს, რათა ბრიუსელში დაიჯერონ, რომ თბილისი ნამდვილად იზიარებს ევროკავშირის შეხედულებებს საერთაშორისო პოლიტიკაში.

„უკრაინის ომის ფონზე, რომელსაც ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო საკუთარ პრობლემად თვლის, EU-ს ძალიან სჭირდება კონსოლიდაცია როგორც ბლოკის შიგნით, ასევე, მის პარტნიორებში. ამიტომ ის, რომ საქართველო ბოლო ხანებში არ უერთდება ევროკავშირის ძალიან ბევრ განცხადებას, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება, მათთვის ძალიან მტკივნეული თემაა. საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე იყო საუბარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, თუმცა ევროპარლამენტი ახლა უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის პოლიტიკაში. სერბეთთან მიმართებით რეზოლუციაში იყო მიდგომა, რომ გაწევრიანების საკითხი დიდად იქნება დამოკიდებული სანქციებთან მიერთებაზე“, — ამბობს გოგოლაშვილი.

საუბარია ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ 2022 წლის ბოლოს მიღებულ რეკომენდაციაზე, რომელიც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისკენ მოუწოდებს. ხაზს უსვამენ რა, რომ მნიშვნელოვანია, გაფართოების პაკეტის ქვეყნები თანხვედრაში მოდიოდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სერბეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

„ანუ, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ეტაპზე მყოფ ქვეყნებს სთხოვენ უფრო მეტს, ხოლო ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც საქართველოა (პოტენციური კანდიდატი), მოითხოვენ, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან” ერთიანობა გამოჩნდეს. ეს შეიძლება გამოჩნდეს პირველ რიგში იმით, რომ საქართველო აქტიურად შეუერთდეს რუსეთთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებებს. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობა არ არის კანდიდატის სტატუსის მისაღები მე-13 კრიტერიუმი,— უფრო ზოგადი კრიტერიუმია, რომ ქვეყანა პოლიტიკურად იყოს ევროკავშირთან საკმაოდ დაახლოებული. თუ პოლიტიკური განსხვავებები არის, მაშინ არანაირი შიდა რეფორმები, რაც არ უნდა მაღალ დონეზე იყოს გატარებული, არ დაეხმარება იმას, რომ ევროკავშირს საქართველოს გაწევრიანება და ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯის გადადგმა მოუნდეს“, — ამბობს გოგოლაშვილი.

ის მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან გავლენას მოახდენს უშუალოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეც.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება ევროკავშირში ჯერჯერობით კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და არავინ ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, რომ მაინცდამაინც ტექნიკური 12 პრიორიტეტის პროგრესით იმსჯელონ. თუმცა იყო განცხადება, რომ რეკომენდაციების შესრულებისთანავე მიიღებდა საქართველო სტატუსს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი შეზღუდულები არიან. 12 პირობა არის აუცილებელი, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კიდევ განწყობა. შეიძლება თქვან — კი ბატონო, დააკმაყოფილდა 12 პუნქტი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გადადონ და ეს მოხდეს ზუსტად ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი ერთგულების ნაკლებობა“, — ამბობს გოგოლაშვილი.

საქართველომ 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გაააქტიურა კონსპირაცია, თითქოს საქართველო დაისაჯა იმის გამო, რომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე. „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით აკრიტიკებდა ევროპარლამენტარებს, უკრაინის ხელისუფლებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სანქციების ეფექტურობას.

ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი  12 პირობა წაუყენა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი „ავტომატურად მიენიჭება“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“.

თუმცა პროცედურა არც ისე ავტომატურია. მოსალოდნელია, რომ საქართველოს მიერ 12 კრიტერიუმის შესრულებას ევროკომისია გაფართოების პაკეტის ფარგლებში მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი საბჭო მიიღებს.

სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობის დამაჯერებელი ნაბიჯები არ გვინახავს – ლანდსბერგისი

მასალების გადაბეჭდვის წესი