შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს პირი, რომელიც თბილისში მცხოვრები პენსიონერების კუთვნილ 48 983 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა.ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა და ანგარიშებზე არსებული თანხები ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო. აღნიშნულის თავიდან აცილების საბაბით, მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ“, – წერია განცხადებაში.
შსს ამბობს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
