საზოგადოება

ჩეხეთის ელჩმა დაასახელა კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლითაც საქართველოს შეაფასებენ

30 ნოემბერი, 2022 • 1475
ჩეხეთის ელჩმა დაასახელა კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლითაც საქართველოს შეაფასებენ

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ გარდა ევროკომისიის 12 კრიტერიუმისა, საქართველოს შეაფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება მისი პოზიციები ევროკავშირის საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკას.

30 ნოემბერს ელჩმა პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი, მისი თქმით, „დარწმუნებულია“, რომ რუსეთში მიდის. ამის შემდეგ ელჩმა თქვა, რომ ამას „ექნება შედეგი“ და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს, შემდეგ კი განაცხადა:

„ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის, და არა მხოლოდ ის 12 რეკომენდაცია… დიდი ხნის წინ ჩავამატეთ ჩვენს კრიტერიუმებში შესაბამისობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან“.

ელჩი მიკისკას თქმით, „თუკი ახლოდან დააკვირდებით, [საქართველოს ამის] გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას და ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმზე“.

ევროკავშირის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი ევროკავშირის დეკლარაციებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების მიერთებასთან დაკავშირებით იყო 53%, რამაც 2020 წლის 62%- თან შედარებით დაიწია. 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 42%- მდე შემცირდა.

„[საქართველოს] პასუხი ყოველთვის ის არის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველომ პრაქტიკულად უნდა თქვას უარი რაიმე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუკი მუდმივად ამ ოკუპირებული ტერიტორიების [აღიარების] შიშით [იმოქმედებს]“, – განაცხადა ელჩმა.

„ჩვენ გვესმის, რომ მთავრობისთვის რთულია, შეუერთდეს, – და მეც პირადად მჯერა, რომ მთავრობას არ სურს ქვეყნისა და მოსახლეობის შესაძლო თავდასხმის რისკის წინაშე დაყენება, – მაგრამ ეს შეიძლება იქნას გაკეთებული არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მოსახლეობის მიერ“, – თქვა მან.

ელჩი მიკისკას თქმით, საქართველოში „ძალიან ბევრი რუსული პროდუქტიია სუპერმარკეტების დახლებზე“:

„ეს ხალხის არჩევანი უნდა იყოს. „მე მეზიზღება ეს აგრესია, არ მინდა მხარი დავუჭირო რუსეთის შეიარაღებულ ძალებს“. [რუსული პროდუქტების ყიდვა] არაპირდაპირ  ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ რუსულ ეკონომიკას, კომპანიებს, რომლებსაც ექსპორტზე გააქვთ [პროდუქტები] რუსეთში და იხდიან გადასახადებს რუსეთში, რომლებიც აფინანსებენ ჯარს“, – განაცხადა ელჩმა.

„ამასაც უნდა გავუსვათ ხაზი შიდა დისკუსიებში, – არა მხოლოდ თავს დავესხათ მთავრობას, რომ „თქვენ სანქციებს უნდა შეუერთდეთ“, არამედ მოსახლეობასაც [ვუთხრათ]: „თქვენც უნდა დაუჭიროთ მხარი უკრაინას რუსული პროდუქტების ყიდვისგან თავის შეკავებით“. ვიცი, რომ არის მცდელობები, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ რუსული პროდუქტების რაოდენობისა და მრავალფეროვნების შემცირებას. პირიქით“, – განაცხადა მან.


მასალების გადაბეჭდვის წესი