ახალი ამბები

„გაწევრიანების მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდეს“ — ევროპარლამენტის რეკომენდაცია გაფართოებაზე

23 ნოემბერი, 2022 • 794
„გაწევრიანების მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდეს“ — ევროპარლამენტის რეკომენდაცია გაფართოებაზე

ევროპარლამენტმა 502 ხმით,75 წინააღმდეგ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ. 61-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის რეკომენდაციაში საბჭოს, ევროკომისიისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი ნათქვამია, რომ:

  • გაფართოება არცერთმა ალტერნატივამ არ უნდა ჩაანაცვლოს;
  • საჭიროა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება და ახალი წევრების მიღება ერთსულოვნების ნაცვლად კვალიფიციური უმრავლესობით;
  • გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.

გაფართოების სტრატეგიაზე ევროპარლამენტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა რჩება ევროკავშირის განკარგულებაში ყველაზე ძლიერ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად.

ევროპარლამენტარების აზრით, იმისთვის, რომ იყოს უფრო სანდო და ეფექტური გლობალური მოთამაშე, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი წევრების გაწევრიანებასთან დაკავშირებით — კონსენსუსის პრინციპი შეცვალოს კვალიფიციური უმრავლესობით.

ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზებენ ალტერნატივას ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად.

ამასთან, ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში მოექცეს დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა, მონიტორინგის, ანგარიშგების, შეფასებისა და პირობითობის გაუმჯობესებასთან ერთად.

ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებული რეკომენდაცია გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ ევროკავშირს მოუწოდებს, უფრო თვალსაჩინო გახადოს გაფართოების ქვეყნებში ევროკავშირის დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები. მათ ასევე სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის პრევენციაზე.

ევროპარლამენტის რეკომენდაციით, ევროკავშირმა უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნები, როდესაც ისინი მიაღწევენ მდგრად პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ეტაპობრივი შეყვანით, თუმცა რეფორმების პროცესში ნებისმიერი სტაგნაცია ან უკან დახევა სანქცირებულ იქნას რეალურ დროში.

ევროპარლამენტარების რეკომენდაციაა, გაწევრიანების პროცესში მონაწილე ქვეყნებთან მოლაპარაკებები დასრულდეს არაუგვიანეს მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე.

ხაზს უსვამენ რა გაფართოების პაკეტის ქვეყნების თანხვედრაში მოყვანის მნიშვნელობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სერბეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მიაღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებში.

ევროპის პარლამენტის წევრები მიესალმებიან ევროპის საბჭოს განსაკუთრებულად სწრაფ გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით და ამ სამ ქვეყანას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. რეკომენდაცია მოუწოდებს ევროკავშირს, მიაწოდოს საქართველოს მკაფიო საგზაო რუკა იმ ხელშესახები მოთხოვნებით, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

პარლამენტი ასევე მიესალმება კომისიის პირობით რეკომენდაციას ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი