საზოგადოება

რა პირობებს უყენებს EU საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად – სია

17 ივნისი, 2022 • 4366
რა პირობებს უყენებს EU საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად – სია

ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

ამ პირობებს შორის დასახელებულია „დეოლიგარქიზაცია“, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა და ა.შ.

პირობების სრული სია ასეთია:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის დოკუმენტის“] სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.
  • უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ასევე, გაძლიერდეს მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; გაუმჯობესდეს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზი აღმოიფხვრას.
  • მიღებულ იქნას და განხორციელდეს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიული კონსულტაციის პროცესზე; უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვთან ერთად. ასევე, მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება; უზრუნველყოფილ იქნას ყველა სასამართლო და სისხლის სამართლებრივი ინსტიტუტის, განსაკუთრებით, უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოიფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა განწესებისა და გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცესში; განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დაინიშნონ უმაღლესი საბჭოს [ვაკანტურ ადგილებზე] წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
  • გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც გააერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრად განხილვის მიზნით; აღიჭურვოს ახალი, „სპეციალური საგამოძიებო სამსახური“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“ მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოფილ იქნას მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
  • განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით.
  • გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, მათ შორის, ზუსტი გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დევნისა და მსჯავრდების სანდო წესების უზრუნველყოფის გზით; გარანტირებულ იქნას სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა.
  • გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებზე და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და [მათზე თავდასხმების] შემთხვევაში.
  • – სწრაფად იქნას მიღებული ზომები, რათა გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის იმ გზით, რომ უფრო ეფექტურად იქნან პასუხისგებაში მიცემულნი ძალადობის წამქეზებლები და განმახორციელებლები.
  • – მნიშვნელოვნად გაძლიერდეს გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ.
  • უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.
  • მიღებულ იქნას კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
  • ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოფილ იქნას ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
  • ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და გააკეთებს მოხსენებას 2022 წლის ბოლოსთვის.
  • გაწევრიანების პროცესი კვლავ იქნება დამოკიდებული დადგენილი კრიტერიუმებისა და პირობების შესრულებაზე. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანას, მიაღწიოს წინსვლას საკუთარი დამსახურების საფუძველზე, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს ევროკავშირის გზაზე რეგრესს, თუკი ძირითადი პირობები არ დაკმაყოფილდება.

ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ თანდართული პირობებით, საქართველოს კი ენიჭება ევროპული პერსპექტივა და პირობები შესასრულებლად კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.

მას შემდეგ, რაც უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები მიმოიხილა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა:

„საქართველოს აქვს იგივე მისწრაფებები და პოტენციალი, რაც უკრანასა და მოლდოვას. მისი აპლიკაცია ძლიერია, განსაკუთრებით ძლიერია მისი ორიენტაცია საბაზრო ეკონომიკაზე, მას ჰყავს ძლიერი კერძო სექტორი.

წარმატების მისაღწევად ქვეყანა ახლა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა ჩამოაყალიბოს ცხადი გზა სტრუქტურული რეფორმირებისა და ევროკავშირისაკენ. გზა, რომელიც ცხადად ადგენს საჭირო რეფორმებს, შეიამხანაგებს სამოქალაქო საზოგადოებას და ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა.

ამიტომაც, რეკომენდაციას ვუწევთ საბჭოს, მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა [საქართველოს] და შემდეგ განიხილოს, როგორ ასრულებს საქართველო პირობებს, სანამ კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი