ახალი ამბები

სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობის დამაჯერებელი ნაბიჯები არ გვინახავს – ლანდსბერგისი

12 დეკემბერი, 2022 •
სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობის დამაჯერებელი ნაბიჯები არ გვინახავს – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერჯერობით დამაჯერებელი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ამის შესახებ მან დღეს, 12 დეკემბერს, ბრიუსელში მედიასთან საუბრისას განაცხადა. დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა იმართება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს საქართველო ევროკავშირის გზაზე უკრაინისა და მოლდოვისგან განცალკევებულ ლიანდაზე დგას და იმისათვის, რომ საქართველოს გზა უფრო აჩქარდეს, გასაღები საქართველოს მთავრობის ხელში რჩება.

„როდესაც საუბარია წევრობის სტატუსზე, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, ვგულისხმობ მოლდოვას და უკრაინას, სხვადასხვა ლიანდაგზე დგანან, როცა საქმე ეხება ევროკავშირთან დაახლოებას. ლიეტუვა ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია.

მე ძალიან მინდა ვნახო საქართველოს მთავრობის უფრო პროაქტიული მოქმედება მეტი ენერგიითა და ძალით და მეტი მონდომება კანდიდატის სტატუსზე გადასასვლელად. ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს დამაჯერებელი ნაბიჯები.

როგორც აღვნიშნე, პროგრესს, რომელიც საქართველოს გაწევრიანების მატარებელს სწრაფ გზაზე გადაიყვანს, არ მიუღწევია მათთან, ვისავ ძალიან სურს მხარდაჭერა“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.


2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო,  უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭია კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისია საქართველოსთვის განსაზღვრული 12 კრიტერიუმის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი