საზოგადოება

გვიკიჟინებენ, ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს — ღარიბაშვილი

28 თებერვალი, 2022 • 2229
გვიკიჟინებენ, ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ ხელისუფლებას და დღევანდელ ოპოზიციას აკრიტიკებს 2008 წლის ომის თავიდან ვერ აცილების გამო და ამბობს, რომ ახლა ოპოზიციას სურს უკრაინის ომში საქართველოს ჩართვა.

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის დედაქალაქი იბომბება, რისი შემჩერებელი არავინაა, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კი არაეფექტურია.

„ბოლო დღეების განმავლობაში მარგინალური ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ გამოვცადეთ 2008 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. უნდა ითქვას პირდაპირ — მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან ვრცლად ისაუბრა 2008 წლის ომზე და თქვა, რომ მაშინდელი ხელისუფლების წევრები საქართველოდან გაიქცნენ.

„გვახსოვს კარგად, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი — გახსოვთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და მიატოვა და მთელ ერს აჩვენა სირცხვილი და თავისი მხდალი სახე. მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. კარგად გვახსოვს, ვინ იომა 2008 წელს — ჩვენმა გმირმა ჯარმა, ჩვენმა პოლიციელებმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, გაქცეული პოლიტიკოსები, პარლამენტარები… ქვეყანა დატოვეს მათ და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ასევე, ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, მთავრობის წევრები, სააკაშვილის მეთაურობით, ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩვენ, რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ თურმე რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში და ა.შ.“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მოსახლეობის აბსოლუტურს უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხეები და რისკები, რაც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს. ამ კონტექსტში ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომის გამჩერებელი არავინ არის და სანქციები არ მუშაობს.

„დღეს ევროპაში, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერეებელი, ვხედავთ, რომ დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. დღეს უკრაინაში ვინ ომობს? — უკრაინის ჯარი. ამიტომ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც ქვეყნის და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგება და მიუხედავად ოპოზიციისა, მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს.

„კარგად გვახოვს, როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალი ტერიტორიები — როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე პროვოკაციულად ზემო აფხაზეთი დაარქვა; ჩააბარა ახალგორი — 100-ზე მეტი სოფელი და ათასობით ჩვენი მოქალაქე აქცია დევნილად. ომის შედეგები ძალიან მძიმეა. ამან გამოიწვია აღიარება ჩვენი ტერიტორიების და ეს ტრაგედია დასრულდა რუსეთის ოკუპაციით“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პროვოკაციების ვერ აცილებამ მიგვაღებინა ოკუპაცია და ქვეყნის ნგრევა, საბოლოო ჯამში კი, ისევ უბრალო ხალხი დაიჩაგრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, ომი თბილისში იქნებოდა.

„ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ხალხი უნდა დავიცვათ“, — დასძინა მან.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს სანქციები, მათ შორის, გაყინეს რუსეთის ეროვნული ბანკის დასავლური რეზერვები და გათიშეს მსხვილი რუსული ბანკები SWIFT-დან. ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ აპირებს შეუერთდეს სანქციებს ან უკრაინაში ჩასვლას. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი.

გუშინ საქართველომ 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში.

ჩემი გადაწყვეტილებით, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიეწოდა უკრაინას – ღარიბაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი