ახალი ამბები

საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ აქ ომი არ არის?! – ღარიბაშვილი EU-ს კანდიდატის სტატუსზე

22 ივნისი, 2022 • 920
საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ აქ ომი არ არის?! – ღარიბაშვილი EU-ს კანდიდატის სტატუსზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს ვერ იღებს, რადგან ქვეყანაში დღეს ომი არ არის. ამის შესახებ მან დღეს, 22 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:

“მე მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს, არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია.

ჩვენ ჯარისკაცების რეკორდული რაოდენობა გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში. ყველგან ღირსეულად ვიყავით წარმოდგენილი. აქ ესწრება გენერალი ჩაჩიბაია. 35-მა სამხედრო გმირმა თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას. 500-მდე სამხედრო უმძიმესად არის დაჭრილი და ჩვენ დღეს რაზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში?! როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო, როგორ გავიგოთ…

პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა ომშია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის პროტესტი და ხმაური მოჰყვა. “ლელოს” წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება ტყუილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი