საზოგადოება

“ომში გვითრევენ…” – „ოცნების“ პროპაგანდის „2 მიზანი“

4 ივლისი, 2022 • 2504
“ომში გვითრევენ…” – „ოცნების“ პროპაგანდის „2 მიზანი“

„მტკიცებულებებს, ბუნებრივია, ვერ მოვყვები, მაგრამ“… — ამბობს სოზარ სუბარი, „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატი და აგრძელებს სახელისუფლებო პროპაგანდას, თითქოს „დიდ ძალებს” დასავლეთში საქართველოს ჩართვა სურთ ომში. საზოგადოებისთვის „მეტი ინფორმაციის“ მიწოდების პირობით, პარტიიდან გასვლის მიუხედავად, რამე სიახლე ან მტკიცებულება „მეორე ფრონტის“ არგუმენტის გასამყარებლად არც სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძესა და მიხეილ ყაველაშვილს წარმოუდგენიათ.

რა ხდება?

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

კონსპირაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული წინასწარ დაწერილი სცენარი საქართველოს ხელისუფლების „აყირავებას“ და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ომში ჩართვას ისახავდა მიზნად (და ამ სცენარის ნაწილია შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებაც), თავდაპირველად პროსამთავრობო ექსპერტმა ზაზა შათირიშვილმა გაახმოვანა. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა — ირაკლი კობახიძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ — ასევე, კანდიდატის სტატუსი ვერ მიღება დაუკავშირეს ომში ჩართვაზე უარს, თუმცა არცერთი სპიკერი არ ასახელებს, თუ ვის ჰქონდა ასეთი მოთხოვნა ან სურვილი კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიმღები აქტორებიდან.

„არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს, სირცხვილია, რომ იომებ და MAP-ს არ გაღირსებენ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

რა ლოგიკაა „ოცნების“ მესიჯბოქსში?

იმის საილუსტრაციო არგუმენტი, რომ კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვის სანაცვლო “ჯილდო” არაა, მოლდოვაა. ეს ქვეყანა ომში არ ჩართულა, თუმცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო უკრაინასთან ერთად. თუ რატომ სჯერათ ბრიუსელში  მოლდოვის საქართველოზე მეტად წაიკითხეთ აქ.

ირაკლი კობახიძის პასუხი ამ არგუმენტზე არის ის, რომ მოლდოვას მეორე ფრონტის გახსნას არ სთხოვენ, რადგან „ჯარი არ ჰყავს“.

მოლდოვას ჰყავს მცირერიცხოვანი არმია, 6 000 ჯარისკაცის შემადგენლობით (12 000 რეზერვში). 2022 წლის სამხედრო სიძლიერის რეიტინგში მოლდოვა 142 ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა და მხოლოდ 6 ადგილით ჩამორჩება 88-ე ადგილზე მყოფ საქართველოს.

თუმცა აქ ჩნდება კითხვა, რა გარდატეხის შეტანა შეუძლია რუსეთის დამარცხებაში ქართულ ჯარს, რომლის ბრძოლისუნარიანობას თავად საქართველოს ხელისუფლება აყენებს ეჭვქვეშ? 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა დროს განაცხადა, რომ „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი“ და „ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას“.

დავით ზალკალიანმა კი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, საქართველო დააყენონ თავდაყირა“.

„რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმით, დასავლეთში ახლაც  უკეთ უწყიან, რომ კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში საქართველო ისევ მათი თავის ტკივილი და გადასარჩენი გახდება.

„ეს არის ერთნაბიჯიანი ტყუილი. საქართველო რომ ომში ჩაებას, ვისი დასაცავი იქნება? რა შეიარაღება გვაქვს ან რა საომარი მობილიზაცია, რითი დავიცავთ თავს? უკრაინა 40-მილიონიანი ქვეყანაა და უკრაინელი ხალხი 8 წელი ემზადებოდა ამ ომისთვის. ჩვენ პირიქით — მოდუნების რეჟიმში ვართ და ბომბებმა რომ დაიწყოს ცვენა, ისიც არ ვიცით, სად უნდა გავიქცეთ. სამოქალაქო თავდაცვის ერთი წვრთნა არ ჩატარებულა ან ერთი თავშესაფარი აშენებულა, რისი ომში ჩამრთველი ვართ? ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონვე ამბობენ, რომ დაცვის თავი არა გვაქვსო.

დასავლეთში ჩვენზე კარგად იციან, რომ საქართველო არანაირი მეომარი არ არის და თუ კონფლიქტი დაიწყო, ისევ მათი დასაცავი გავხდებით. საქართველო იქნება დამატებითი ტვირთი ევროპისთვის როგორც ჰუმანიტარული [ლტოლვილები, საკვები და ა.შ.], ისე ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. პლუს დაკარგავს საქართველოს, როგორც პარტნიორს, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ქვეყნის ოკუპაცია. ამიტომ დასავლეთს არაფერში სჭირდება საქართველოს ომში ჩართვა და დარწმუნებული ვარ, მსგავსი შეთავაზება ან ზეწოლა თბილისზე არ ყოფილა“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ გოგოლაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ასევე, ერთმოქმედებიან ტყუილს უწოდებს სახელისუფლებო პროპაგანდას და ომში ჩართვის ნარატივში ლოგიკის ძიებას შეცდომად მიიჩნევს.

„მსჯელობა იწყება იმის შემდეგ, თუ არსებობს რამე ფაქტი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. როგორც კი ვიწყებთ არგუმენტების ძიებას, თუ რატომ არ სჭირდება დასავლეთს ეს, ნიშნავს, რომ რაღაც თეორიული საფუძველი მაინც არსებობს. ასეთი საფუძველი და ფაქტი უბრალოდ შეუძლებელია, არსებობდეს. ევროკაშირი, თავისი არსით, შექმნის და არსებობის ისტორიით, არის მშვიდობის პროექტი. უნივერსიტეტის პირველივე კურსზე რომ ასწავლიან, რა არის ევროკავშირი, პირველი წინადადებაა, რომ ევროკაშირი არის მშვიდობის პროექტი. მისი ბუნებისთვის შეუთავსებელია ეს მსჯელობა, ეს სისულელე და პროპაგანდა, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. ამიტომ მე არ შევდივარ ამ დიალოგში მათთან, რომ იცით, საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, იმდენად შეუძლებელია, ფუნდამენტური წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, რომ საშველი კი არა, პირიქით, თავის ტკივილი გახდება ევროპისთვის. რანაირად უნდა ვილაპარაკოთ სერიოზულად ამ არგუმენტზე?“ — აცხადებს ხიდაშელი.

მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ომში ჩართვის აბსურდულ თემაზე მსჯელობით ყურადღება გადაიტანოს სტატუსის ვერ მიღების რეალური მიზეზებისგან, როგორიცაა: სასამართლო რეფორმის ჩაფლავება და კლანის გაძლიერება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგაც [მიხეილ ჩინჩალაძის ხელახლა დანიშვნა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ]; საზოგადოების და პარტნიორების არაერთხელ „გადაგდება“.

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, მათ პასუხისმგებლობაზე კი არ ვილაპარაკოთ, არამედ განვიხილოთ — აბა, ომი მართლა უნდათ ბაიდენს და შარლ მიშელს თუ არა”, — ამბობს ხიდაშელი.

ამასთან, თინა ხიდაშელის შეფასებით, ომში ჩართვაზე „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ორი მიზანი აქვს: მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

„სტატუსის ვერ მიღება თავისი არსით არის ფუნდამენტური მარცხი. შესაბამისად, ომი, სიკვდილის შიში არის ის, რამაც ეს უნდა გადაფაროს ასეთი მარცხი. ამის იქით უკვე ვეღარ ამბობენ, მართლა რომ დაიწყოს ომი საქართველომ, რა შეუძლია, გააჩერებს რუსეთს? ლოგიკური მსჯელობა დაგარწმუნებს მტიკიცების აბსურდულობაში, მაგრამ ეს არ არის მათი ამოცანა. პროპაგანდა არის ერთწინადადებიანი, ერთმოცემულობიანი, ერთაქტიანი, როდესაც რაც არ უნდა თქვა, ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს ერთი ცალი პასუხი ომის საფრთხეზე.

რაც შეეხება მეორე გრძელვადიან მიზანს — საარჩევნოდ „ოცნებას“ სურს, გაამრავლოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც განხიბლული იქნება დასავლეთით, იმიტომ, რომ „ოცნების” ამორმჩეველი ეს არის — ძალიან კარგად იციან, რომ მყარად პროევროპულ, პროევროატლანტიკურ გზაზე მდგარი ამომრჩველები მათ ხმას აღარ მისცემენ. ამიტომ მათი გრძელვადიანი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოწყვიტონ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და თავისად დაიგულონ ამომრჩეველი, რომელსაც კი უნდა ევროკავშირში, მაგრამ მისი სიმტკიცეს წყალი შეუდგა და აღარ სჯერა გაწევრიანების“, — ამბობს ხიდაშელი.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას შესთავაზა ნარატივი — „ევროკავშირს აღარ ვუნდივართ და ჩვენც ხომ არ გვინდა ასეთი ევროპა?“, თუმცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ალტერატივის ძიება აბსურდულია.

„რომ ეკითხები, აბა, სხვა შანსი რა გაქვთ? რუსეთში გინდათ? პასუხია — არა, არც რუსეთში არ მინდა, რაღაც უნიკალური ქართული ამბავი უნდა შევქმნათ, რომელიც ვერავინ მოიფიქრა ჯერ დედამიწის ზურგზე და თურმე ჩვენ მოვიფიქრებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოებაც დაცული იყოს, ოკუპაციაც დავასრულოთ, რუსეთთანაც არ გვქონდეს პრობლემები, ბედნიერად ვიცხოვროთ და თან სუვერენიტეტიც გვქონდეს. ამ აბსურდში არიან“, — ამბობს ხიდაშელი.

რუსული პროპაგანდა

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ФСБ-ის სახელმღვანელოდან მომდინარე მზაკვრული ნარატივი უწოდა მტკიცებას, რომ დასავლეთი ცდილობს ომში ჩართვას. ელჩმა საჭიროდ ჩათვალა შეხსენება, რომ ეს რუსეთია, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერტორიები და ცდილობდა, მისი ეროვნული იდენტობის განადგურებას, როცა საქართველოს მეგობრები აშშ და ევროპა 30 წელია იღწვიან ამ ქვეყნის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის.

„აშშ არ ცდილობს, საქართველო ჩაერთოს რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ს არ სურს ეს ომი რამენაირად გაფართოვდეს. შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ომის მალე შესაჩერებლად. პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს სასტიკი ომი დაიწყო და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული თქვენი ტერიტორიის 20%. რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის მოკვლას. რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად აქცევდა მათ. თუ არის კითხვა, რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა ნახოთ, რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე“, — განაცხადა კელი დეგნანმა.

კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, „ოცნების“ ხელისუფლებას არასწორად გათვლილ ანტიდასავლურ სტრატეგიას დასავლეთში არ აპატიებენ. ისიც ფიქრობს, რომ ტყუილი, თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას, „ძალიან ჰგავს რუსეთში მოგონილ ნარატივს”.

„საერთოდ როგორ შეიძლება, პოლიტიკოსმა თქვას ასეთი სისულელე, ვითომ დასავლეთი ცდილობს ჩვენს ომში ჩათრევას რუსეთის წინააღმდეგ? ეს არის მტკნარი სიცრუე, პროვოკაცია და რუსული ნარატივი, რომელსაც იმეორებს „ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი საკმაოდ უსინდისოდ, ვინაიდან მოსახლეობის ასე მოტყუება ამორალურია. რაში სჭირდებათ ეს? — ერთი მხრივ, უნდათ, მთავრობას არ დაბრალდეს სტატუსის ვერ მიღება. მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ არიან ძალები, რომელთაც, როგორც ჩანს, არ უნდათ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან. ალბათ, ესენი არიან ძალები, რომლებიც განიცდიან რუსეთისგან მხარდაჭერას, ზეწოლას ან რუსეთის მხრიდან იმართებიან“, — განაცხადა გოგოლაშვილმა.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის შეფასებით, საქმე გვაქვს დაახლოებით ისეთივე ტიპის ნარატივთან, როგორსაც რუსული მედია წლების განმავლობაში ავრცელებდა, როცა ამბობდა, რომ ნატო დაესხმებოდა თავს რუსეთს, თითქოს უკრაინა ემზადებოდა შეტევისთვის და ატომურ ბომბს ქმნიდა და ა.შ.

„საქართველოს მოსახლეობაზეც დაახლოებით იგივე გათვლა აქვთ — სურთ დაარწმუნონ, თითქოს ევროპას უნდა ჩვენი ომში ჩართვა და თუ დასავლეთი თავს დაგვანებებს, თითქოს ჩვენთვის ასე აჯობებს. მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ წვდომა ალტერნატიულ ინფორმაციაზე და მოსახლეობის ასეთი ზომბირება და დამორჩილება ვერ მოხდება, ამიტომ, რაც მალე შეეშვებიან ასეთ მიდგომას, მით უკეთესი იქნება“, — აცხადებს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ საზოგადოებრივი აზრის შეცვლის თვალსაზრისით დასავლეთის დემონიზაციის პროპაგანდა „არსად მივა“.

„ეს პროპაგანდა, თუ გააგრძელა, „ოცნებას“ მიიყვანს კრახამდე. რუსეთის სახითაც არ ეყოლება მხარდამჭერი, რადგან რუსეთი სულ უფრო დასუსტდება და პრაქტიკულად დამარცხდება. ამიტომ ეს არის ძალიან მოკლევადიანი და  არასწორად გათვლილი სტრატეგია და ნურავის ეგონება, რომ ამას აპატიებენ იგივე დასავლეთში. დღეს შეიძლება უღიმიან და ხელსაც ართმევენ, შეხვედრებზეც ეპატიჟებიან იმას, ვინც ასეთ პროპაგანდას ეწევა, მაგრამ მოვა მომენტი, ეს ომი დამთარდება და გაუხსენებენ”, — ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ამ თემაზე:

“ოცნებიდან“ წასული სამეულის ანტიდასავლური კონსპირაცია რევოლუციასა და საქართველოს ომში ჩართვაზე

განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი