ახალი ამბები

გვაინტერესებს, საქართველო EU-ის საგარეო პოლიტიკასთან რამდენადაა თანხვედრაში – ლანდსბერგისი

23 იანვარი, 2023 • 988
გვაინტერესებს, საქართველო EU-ის საგარეო პოლიტიკასთან რამდენადაა თანხვედრაში – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია, რამდენადაა საქართველო ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკასთან თანხვედრაში.

ამის შესახებ მან განაცხადა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დასმული კითხვის პასუხად.

როგორც ლანდსბერგისმა განაცხადა, ზოგიერთ შემთხვევებში საქართველოს ყველაფერი არ გაუკეთებია.

„ყოველთვის ვამბობ, რომ ევროკავშირისკენ გზა არის ობიექტური. ეს ნიშნავს, რომ ობიექტური ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რეფორმები განხორციელდეს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. მე ვფიქრობ, ეს დაეხმარებაა საქართველოს წინსვლაში. შემიძლია გითხრათ ლიეტუვის პოზიცია – ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რამდენად არის ქვეყანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში.

როგორც ვიცით, ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოს ყველაფერი არ გაუკეთებია. ვისურვებდი, ეს მოგვარდეს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ევროკავშირის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი ევროკავშირის დეკლარაციებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების მიერთებასთან დაკავშირებით იყო 53%, რამაც 2020 წლის 62%- თან შედარებით დაიწია. 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 42%- მდე შემცირდა.

30 ნოემბერს ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამაც განაცხადა, რომ გარდა ევროკომისიის 12 კრიტერიუმისა, საქართველოს შეაფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება მისი პოზიციები ევროკავშირის საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი