ახალი ამბები

არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს, სირცხვილია, რომ იომებ და MAP-ს არ გაღირსებენ – კობახიძე

23 ივნისი, 2022 •
არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს, სირცხვილია, რომ იომებ და MAP-ს არ გაღირსებენ – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს არ მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან არ იომა.

“თქვენ ხშირად გვსაყვედურობთ ამ დღეებში, რომ კანდიდატობა არ მოგვცა ევროკომისიამ. დასკვნაში ასეთი რამ წერია. ნუ, არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს. ომთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ეს არის, მათ შორის, მაკრონის სიტყვები, რომ ომის გამო აძლევენ უკრაინას კანდიდატობას მაშინ, როცა უკრაინას კანდიდატობა არ ეკუთვნის. თქვენი არჩევანია, რაც გინდათ, შეგიძლიათ ის თქვათ, მაგრამ მე გეტყვით, რა არის სირცხვილი. სირცხვილი ისაა, როცა იომებ და MAP-საც არ გაღირსებენ. ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგები, რაც გქონდათ თავის დროზე 2008 წელს”, – მიმართა კობახიძემ ოპოზიციას.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოსგან ამას არავინ ითხოვს და ხელისუფლება მეორე ფრონტის თემას საკუთარი შეცდომებიდან ყურადღების გადასატანად და მოსახლეობის წნეხის ქვეშ მოსაქცევად იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი