საზოგადოება

რატომ არ აგზავნის „ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში

25 ნოემბერი, 2022 • 1208
რატომ არ აგზავნის „ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში

საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც “უკრაინულ მოდელს” ეფუძნება.

„დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობიდან ერთ-ერთია და კანონის მიღებამდე ევროკავშირის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას მისი ვენეციის კომისიაში გაგზავნის რეკომენდაციით მიმართეს.

თუმცა, არაერთი მოწოდების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე ამ დრომდე უარზეა.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, ჩაითვლება თუ არა აღნიშნული პუნქტი შესრულებულად ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინების გარეშე.

რა ხდება?

„ქართულმა ოცნებამ“ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ოქტომბერში დააინიცირა და ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონის მაგალითზეა შემუშავებული, რომლის ნორმებსაც არსობრივად იმეორებს.

უკრაინულ კანონსა და „ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში განსხვავება ის იყო, რომ უკრაინის შემთხვევაში “ოლიგარქების” რეესტრს პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებული  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ადგენდა, ხოლო „ოცნების“ კანონპროექტის თავდპირველ ვერსიაში ამას საქართველოს პარლამენტი აკეთებდა.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას „ოცნებამ“ აღნიშნული ჩანაწერი შეცვალა და ამჟამინდელი რედაქციით ოლიგარქთა რეესტრს საქართველოს პარლამენტის ნაცვლად მთავრობა მიიღებს.

კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე მმართველ პარტიას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომამდგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს,  უკრაინული კანონი პირდაპირ არ გადმოეტანათ და ქართული კონტექსტი გაეთვალისწინებინათ. ამასთან, ისინი „ოცნებას“ მოუწოდებდნენ, რომ კანონპროექტი მიღებამდე ვენეციის კომისიაში გაეგზავნათ.

პარლამენტს კანონპროექტის  ვენეციის კომისიაში გაგზვნა ურჩიეს, როგორც ევროპარლამენტარებმა, ისე საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა და ამაზე არაერთი განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

რატომ არ აგზავნის „ოცნება“ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში

უკრაინამ „ანტიოლიგარქიული“ კანონი 2021 წლის ნოემბერში მიიღო და მოსაზრებისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.  სწორედ ამ არგუმენტით, რომ უკრაინას იდენტურ კანონზე ვენეციის კომისიისთვის მიმართული ჰქონდა, „ოცნებამ“ უარი თქვა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე და განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაცემული ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება, რადგან მისი გათვალისწინება ერთი-ერთში შეუძლია.

თუმცა 22 ნოემბერს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „არსებობს გაურკვევლობა, რადგან დეოლიგარქიცაზიის ის კანონი, რაც უკრაინაში მიიღეს, ვენეციის კომისიიდან გამოწვეულია“.

აშშ-ის ელჩის განცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათთვის სიახლეა და იმის გასარკვევად, თუ რა პროცესშია ახლა უკრაინული კანონი, ვენეციის კომისიას კითხვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა.

აღნიშნული კითხვით ვენეციის კომისიას მიმართა ნეტგაზეთმაც, რაზეც გვიპასუხეს, რომ უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისიაში მუშაობა გრძელდება, თუმცა არ შეუძლიათ იმის თქმა, როდის იქნება დასკვნა. ამასთან, უკრაინული კანონი ასახულია ვენეციის კომისიის მოსაზრების მომლოდინეთა სიაშია.

თუმცა უკრიანულ კანონზე თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც აცხადებდნენ, რომ ის იდეალური მოცემულობა არ არის და მის გადმოღებაზე არჩევანი ევროკავშირის წინაპირობის შესასრულებლად და „ყოველგვარი სპეკულაციების“ გამოსარიცხად შეაჩერეს.

უკრაინული კანონპროექტზე საუბარია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტშიც, რომელშიც მიმოხილულია, როგორ უნდა შესრულდეს „დეოლიგარქიზაციის“ რეკომენდაცია და სწორია თუ არა ის გზა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეარჩია.

ორგანიზაციის შეფასებით, საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონი, ისევე როგორც მისი ქართული ანალოგი, სამართლებრივად ბუნდოვანია და შესაძლოა, არაკონსტიტუციური შინაარსიც ჰქონდეს.

„კანონი ხელს უწყობს პოლიტიკური ხელისუფლების ხელში გადამეტებული ძალაუფლების თავმოყრას[…] შედეგად, საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება, როგორც კონტექსტუალური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად“, – აღნიშნულია უკრაინის კანონზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

იმ საფრთხეს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ხედავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც. მისი თქმით, ამას ძალიან კარგად დაინახავს ვენეციის კომისიაც და პირდაპირ იტყვის.

ნეტგაზეთთან საუბარში სიმონიშვილიც აღნიშნავს, რომ უკრიანულ კანონთან დაკავშირებითაც არაერთი კრიტიკა არსებობს და ჯერ არავინ იცის, როგორ აღასრულებს მას თავად უკრაინა.

მისი თქმით, უკრაინის კანონი უნივერსალური არ არის, რომ ყველა ქვეყანაში ერთნაირად იმოქმედოს და ამიტომ, რა დასკვანაც არ უნდა დაწეროს ვენეციის კომისიამ მასზე, ეს საქართველოსთვის არარელევანტური იქნება, რადგან კონტექსტი სათანადოდ არ იქნება გათვალისწინებული.

ნიკა სიმონიშვილი

„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ უკრაინას თუ ჩაეთვალა, მაშინ ჩვენც ჩაგვეთვლება და თუ უკრაინაზე იტყვის ვენეციის კომისია დადებით დასკვნას, მაშინ ჩვენც დადებითად ჩაგვეთვლება, რაღად გვინდა გაგზავნაო. თუმცა ქვეყნის კონტექსტები თუ რადიკალურად განსხვავებული არის, უბრალოდ, კარგი კანონის გადმოწერა არაფრის მომცემია. ჯერ ერთი, უკრაინის კანონი კარგი არ არის, მაგრამ ჩვენს რეალობაში კიდევ უფრო მეტად უარესად იმუშავებს. აქედან გამომდინარე „ქართული ოცნება“ ცდილობს ეს შეფუთოს“, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

მისი თქმით, ევროკომისიის სხვა პუნქტების შესრულების ნაწილში „ქართული ოცნება“ მცირედით მაინც ცვლის უკეთესობისკენ სიტუაციას ან უბრალოდ არაფერს აკეთებს, ამ შემთხვევაში კი ნაბიჯებს უარესობისკენ დგამს.

„ამას პირდაპირ ხედავან ჩვენი პარტნიორები და „ქართული ოცნებაც“ კარგად ხვდება, რომ ვენეციის კომისიაში ეს კანონპროექტი რომ აღმოჩნდეს, ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით, ძალიან მძიმე და უარყოფითი დასკვნა დაიწერება. ჩვენს რეალობაში ასეთი კანონის მიღება არის დაუშვებელი. მით უმეტეს, როცა ის მხოლოდ ერთადერთ მიზანს – პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას მოემსახურება“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ჩაითვლება თუ არა შესრულებულად ევროკიმისიის პირობა

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელი თინათინ ახვლედიანიც „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შიდა პრობლემების გადასაჭრელად ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოდელის პირდაპირ გადმოღება არარელევანტური გზაა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, თუმცა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირმა რეკომენდაცია  იმიტომ გასცა, რომ ამ კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით  ქვეყანაში ძალიან დიდი განხილვაა.

თინათინ ახვლედიანი

მისი თქმით, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ამდენი გზავნილი ისმის, ცალსახაა, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

„ამის გაჯანჯლება ჩვენთვის თავისთავად ცუდია და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტიკურ ნებას. იმიტომ, რომ ეს არის რაღაც, რაც შეიძლება გაკეთდეს. რა ბარიერები არსებობს იმისთვის, რომ ეს გაჯანჯლდა, ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ. თუკი არ არის ცალსახა ბარიერები, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნების ნაკლებობა გვაქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური ნება და ეს ძალიან ცუდია საქართველოს რეპუტაციისთვის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით“, – აცხადებს თინათინ ახვლედიანი.

თინათინ ახვლედიანის თქმით, რადგან პოლიტიკური ნება ამ პროცესში გადამწყვეტია, ევროკავშირს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო მის რეკომენდაციებს მხედველობაში მიიღებს.

„საქართველოსთვის ეს უნდა იყოს მიმართულების მიმცემი და თუ ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს საქართველო, შესაბამისად, შემდეგ ევროკომისიის მხრიდან პოზიტიურ შეფასებას არ უნდა მოველოდეთ. ისინი გვაჩვენებენ თავიანთ პოზიციას, მიგვითითებენ, რა უნდა გაკეთდეს და ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რას გავაკეთებთ. თუ არ გავაკეთებთ იმას, რაზეც მიგვითითებენ, რა თქმა უნდა, ეს შეფასებაში იქნება პირდაპირ ასახული“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი