ახალი ამბები

EU საქართველოს სთავაზობს დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნას

15 ნოემბერი, 2022 •
EU საქართველოს სთავაზობს დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნას

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ დეოლიგარქიცაზიის კრიტერიუმი ზოგადია და არ ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს. ის საქართველოს მთავრობას სთავაზობს, დეოლიგარქიზაციის საკანონმდელო ჩარჩო შესაფასებლად გაუგზავნოს ვენეციის კომისიას.

ამის შესახებ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა პოლიტპატიმრებსა და დეოლიგარქიზაციას. ვარჰეიმ დეტალების შესახებ არ ისაუბრა.

„თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა, მგონი. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწევრიანების კრიტერიუმები. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეიძლება ეხებოდეს კრიტერიუმები. ეს არის ჩარჩო-სისტემა, რაც შემოგთავაზეთ — საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია და იძლევა თავისუფლების გარანტიას ამ მიმართულებით; რომ ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, ექნება წვდომა შეზღუდვების გარეშე მედიაზე“, — განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე თქმით, იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ.

„ევროკავშირი არ ავარჩევთ, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი. არავის უნდა ჰქოდნეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე, თავისი თავის ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც, საბოლოო ჯამში, მისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს. ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში”, — განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს პირველი მოსმენით აქვს მიღებული, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს — ორი მოსმენით. 11 ნოემბერს კომიტეტზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ კანონპროექტი მიღებამდე უნდა გაიგზავნოს  ვენეციის კომისიაში. თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში არ გაგზავნიან.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.

“ოცნება” კვლავ უარზეა, “დეოლიგარქიზაციის კანონი” ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი