ახალი ამბები

კარგი რჩევაა – დეგნანი დეოლიგარქიცაზიის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნაზე

22 ნოემბერი, 2022 • 868
კარგი რჩევაა – დეგნანი დეოლიგარქიცაზიის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნაზე

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ეთანხმება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწოდებას, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა ვენეციის კომისიაში გაგზავნოს.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რჩევაა… ეს არის ახალი არეალი კანონმდებლობისა და სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი და ღირებული, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონპროექტს, სანამ მიღებულ იქნება“, – განუცხადა ელჩმა დეგნანმა 22 ნოემბერს ჟურნალისტებს.

ელჩის თქმით, ამ საკითხზე „არსებობს გაურკვევლობა, რადგან დეოლიგარქიცაზიის ის კანონი, რაც უკრაინაში მიიღეს, გამოწვეულია ვენეციის კომისიიდან. ამჟამად ვენეციის კომისიაში არ არის შესული არცერთი თხოვნა, შეაფასონ რომელიმე კანონი დეოლიგარქიზაციაზე, არც საქართველოდან და  არც უკრაინიდან“.

„როგორც ვთქვი, ძალიან რთული და ახალი სივრცეა კანონმდებლობაში. ევროპელი სამართლის ექსპერტების აზრის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა საქართველოს პარლამენტისათვის“, – განაცხადა ელჩმა.


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ წინა დღით განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მიღებამდე ვენეციის კომისიაში უნდა გააგზავნოს.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა წარადგინეს, ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული.

ოპოზიციური პარტიები უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ კანონპროექტის ასეთი სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

„ქართული ოცნება“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი